...თანამედროვე ფეხბურთში ძალთა გათანაბრების პროცესი დიდი ხანია დაწყებულია და უფრო და უფრო იშვიათად ხდება ისეთი შემთხვევები, როცა ესა თუ ის ფავორიტი გუნდი თავისზე შედარებით სუსტ მეტოქეს 7 ან 8-ბურთიანი სხვაობით ამარცხებს.
ეგ კი არა, გადახედეთ წლევანდელი ევროპალიგის გათამაშებას: ლუქსემბურგისა თუ ფარერების გუნდებმა პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიც კი დაძლიეს (თანაც ფინეთის ვიცე-ჩემპიონსა და მესამე პრიზიორს აჯობეს ორრაუნდიან დაპირისპირებაში).
საინტერესო დამთხვევები
თუმცა ჩვენ ჩვენსაზე ვიფიქროთ: 16 ივლისს თბილისის "დინამო" ჩემპიონთა ლიგას უბრუნდება! თანაც, უბრუნდება ხუთწლიანი პაუზის მერე და ალბათ, სიმბოლურია, რომ ჩვენმა ყველაზე ტიტულიანმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგაზე ბოლოს რომ იასპარეზა, პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მეტოქედ მაშინაც ფარერების გუნდი ("რუნავიკი") ჰყავდა და პირველი მატჩი მაშინაც 16 ივლისს გაიმართა!
ამ საინტერესო დამთხვევების გარდა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ქართული გუნდები აქამდე მუდამ უპრობლემოდ ჯაბნიდნენ ფარერელების წარმომადგენლებს: ევროტურნირებზე ხუთჯერ დაგვაწყვილეს ამ კუნძულელებთან და ხუთივე შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე ჩვენი გუნდები გადიოდნენ.
მოკლედ, ისეთი სიტუაციაა, ქართველ გულშემატკივარს რომ ესიამოვნება: 10 მატჩიდან 8 შეხვედრა ქართულმა გუნდებმა მოიგეს, 2 კი - ფარერულმა.
აქედან გამომდინარე, ნურავის გაუკვირდება ბურთების სხვაობაში არსებული აშკარა უპირატესობაც: 27-6...
...2008 წლის 16 ივლისს, თბილისის "დინამომ" რომ ფარერულ "რუნავიკს" უმასპინძლა, ჩვენს გუნდს მაშინაც უცხოელი მწვრთნელი ჰყავდა: გერმანელი რაინერ ცობელი; აი, რაც შეეხება ფეხბურთელებს, იმ შემადგენლობიდან მხოლოდ ორიღაა დარჩენილი "დინამოში" - ლევან ხმალაძე და გიორგი მერებაშვილი.
თუმცა "დინამოს" სხვა ფეხბურთელებსაც აქვთ ჩემპიონთა ლიგაზე სხვადასხვა დროს ნათამაშები (ჯაბა დვალი და ირაკლი ძარია - "ზესტაფონის" შემადგენლობაში);
ამათ გარდა, გიორგი შაშიაშვილი და დავით კვირკველიაც უნდა ვახსენოთ, 2003 წელს ავადგასახსენებელ "ტირანასთან" მატჩში რომ უასპარეზიათ; ეგ კი არა, შაშიაშვილი "დინამოს" შემადგენლობაში ჯერ კიდევ 1999 წელს მონაწილეობდა ჩემპიონთა ლიგაზე! თუმცა ამ მხრივ "უკონკურსო" დინამოელთა კიდევ ერთი გამოცდილი მცველი გივი კვარაცხელიაა: 1997 და 1998 წლებში სწორედ თბილისის "დინამოს" მაისურით რომ ასპარეზობდა ჩემპიონთა ლიგაზე!
დამატებითი მოტივაცია
ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ წინა ხუთივე შემთხვევაში ქართული გუნდები უპრობლემოდ ამარცხებდნენ ფარერელებს და მომდევნო ეტაპზეც გადიოდნენ. ჰოდა, ახლა რაღა უნდა მოხდეს ისეთი, ეს "ტრადიცია" რომ დაირღვეს?
მით უფრო, თბილისის "დინამო" დღესდღეობით ურიგო ფორმაში ნამდვილად არ არის (ყოველ შემთხვევაში, საკონტროლო მატჩებიდან ასეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა) და "სტრეიმურის" ბარიერს უპრობლემოდ რომ დასძლევს, ამაში ეჭვი არავის ეპარება.
თანაც, დუშან უჰრინის გუნდს ხომ დამატებითი მოტივაციაც ექნება: თბილისის "დინამოს" ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე აქამდე ხომ არასდროს უასპარეზია...
..."დინამოს" მეტოქე ფარერების ორგზის ჩემპიონი და სამგზის თასის მფლობელია; თუმცა ამ ტიტულების "მოგროვება" 2007 წლიდან დაიწყო და იქიდან მოყოლებული, ყოველწლიურად ასპარეზობს ევროტურნირებზე. აი, შედეგების კი რა მოგახსენოთ: "სტრეიმური" მეშვიდედ გამოვა ევროტურნირებზე და გათამაშებას მუდამ პირველსავე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ეთიშებოდა.
ყველაზე ახლოს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად შარშან იყო: სომხეთის "განძასარსს" შინ 3:1 მოუგო (პირველი გამარჯვება ევროტურნირებზე), მაგრამ სტუმრად 0:2 წააგო.
მოკლედ, "დინამო"-"სტრეიმურის" წყვილში ყველაფერი გარკვეულია და 19 ივლისს დანიშნული წილისყრის მოლოდინში უფრო ვართ, - სწორედ ამ დღეს გაირკვევა, თუ ვინ შეიძლება იყოს ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი გუნდის მეტოქე...
გემრიელი მეტოქე
ქართულ-ფარერული პირველი დაპირისპირება 1996 წელს შედგა, როცა თასების თასის წინასწარ წრეში ბათუმის "დინამომ" ორივე მატჩი დიდი ანგარიშით (6:0, 3:0) მოუგო "ჰაფნარს". აღსანიშნავია, რომ ეს იყო ევროტურნირებზე ქართული გუნდების პირველი გამარჯვება დიდი ანგარიშით!
არც ის იყო უმნიშვნელო ფაქტი, რომ სწორედ ფარერულ გუნდთან ვიხილეთ ევროტურნირებზე პირველი ქართული ჰეთ თრიქიც: ბათუმის "დინამოს" შემტევმა ნახევარმცველმა თემურ ტუღუშმა მეტოქის კარში 3 გოლი გაიტანა!
სხვათა შორის, 17 წლის წინანდელი იმ დაპირისპირებების ერთ-ერთი მონაწილე... დღესაც აგრძელებს აქტიურ საფეხბურთო კარიერას: 39 წლის ამირან მუჯირი კვლავაც მშობლიურ ბათუმის "დინამოშია" და ამ გუნდის კაპიტანი და უპირობო ლიდერი გახლავთ!
...ფარერელებთან მეორე დაპირისპირებამაც უპრობლემოდ ჩაიარა: ქუთაისის "ტორპედომ" ორივე მატჩი მოუგო კუნძულელთა ყველაზე ტიტულიან კლუბ "ტორსჰავნს" (5:2, 1:0). 2002 წლის ზაფხულში ჩატარებული იმ პაექრობების მონაწილე რამდენიმე ქართველი ფეხბურთელი დღესაც აგრძელებს კარიერას: რევაზ ქემოკლიძე, მიხეილ მახვილაძე, ლაშა ჭელიძე, დავით გამეზარდაშვილი, შოთა ბაბუნაშვილი, რომან ახალკაცი.
იმდროინდელი "ტორპედოს" ლიდერიც არ დაგვავიწყდეს, საქართველოში ბოლო სეზონი რომ ჩაატარა და მერე მოსკოვის "ლოკომოტივში" გადავიდა: XXI საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელზე, მალხაზ ასათიანზე მოგახსენებთ...
...ფარერელებს მესამედ 2004 წელს დავუპირისპირდით და პირველი მარცხიც მაშინ ვიგემეთ: საქართველოს ჩემპიონმა "ვიტ ჯორჯიამ" შინ 5:0 მოუგო "ტორსჰავნს", მაგრამ სტუმრად "შეთხელებული" დელეგაციით წავიდა და 0:3 დამარცხდა; ფარერელებმა სამივე გოლი მეორე ტაიმში გაიტანეს და მეტოქის რიცხობრივი უმცირესობით ისარგებლეს: პირველი ტაიმის მიწურულს "ვეტერინართა" ახალგაზრდა შემტევი ოთარ მარცვალაძე გააძევეს...
...თბილისის "დინამოსა" და "რუნავიკის" დაპირისპირება არაერთხელ ვახსენეთ, თუმცა აქაური 3:0-ის მერე მაინც არ გვესიამოვნა სტუმრად მინიმალური მარცხი; აღარაფერს ვამბობთ "დინამოს" იმდროინდელი თავკაცის საქციელზე: თბილისში ჩამოსვლისას რაინერ ცობელმა ჩვენი ჩემპიონის მარცხი ერთი კონკრეტული ფეხბურთელის (გიორგი ნერგაძე) პოზიციურ შეცდომას დააბრალა...
...ფარერული გუნდი ბოლოს კი 2009 წელს გვესტუმრა და ვარლამ კილასონიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ოლიმპმა" რუსთავშიც და სტუმრადაც ერთნაირი ანგარიშით (2:0) გაიმარჯვა.
თასების მფლობელთა თასი
წინასწარი წრე
08.08.1996. ბათუმი. ცენტრალური. 6500 მაყურებელი
დინამო (ბთ)-ჰაფნარი (ფარ) 6:0
1:0 ტუღუში (9), 2:0 ტუღუში (22), 3:0 უჯმაჯურიძე (26), 4:0 ტუღუში (54), 5:0 უჯმაჯურიძე (69), 6:0 დავიდსენი ("ჰაფნარი", საკუთარ კარში)
დინამო: ტოგონიძე (66. გვარამაძე), სიჭინავა, შეყილაძე, მ. მახარაძე, მინდაძე, ღლონტი, თორღაშვილი (78. ჭიჭვეიშვილი), კანტიძე (60. მაჭუტაძე), ა. მუჯირი, ტუღუში, უჯმაჯურიძე
არბიტრი: ი. საარი (ესტონეთი)
22.08.1996. ტოფტირი. "სვანგასკარგი". 800 მაყურებელი
ჰაფნარი-დინამო 0:3
0:1 ღლონტი (20), 0:2 ღლონტი (22), 0:3 უჯმაჯურიძე (63)
დინამო: ტოგონიძე, სიჭინავა, შეყილაძე (46. შანიძე), მ. მახარაძე, მინდაძე, ღლონტი, თორღაშვილი, კანტიძე, მუჯირი (46. მაჭუტაძე), დ. მახარაძე, უჯმაჯურიძე
არბიტრი: ი. პულკინენი (ფინეთი)
ჩემპიონთა ლიგა
I საკვალიფიკაციო ეტაპი
17.07.2002. ქუთაისი. "ტორპედო". 5000 მაყურებელი
ტორპედო (ქუთ)-ტორსჰავ. (ფარ.) 5:2
1:0 ასათიანი (15), 2:0 იონანიძე (34), 3:0 ასათიანი (47), 3:1 ლაკიუნი (55), 4:1 კვეტენაძე (68), 5:1 პოროშინი (74), 5:2 მორტარსენი (76)
ტორპედო: სტურუა, აკოფიანი, ქემოკლიძე, მახვილაძე, ლ. ჭელიძე, გუჩუა (46. გამეზარდაშვილი), კვეტენაძე, ასათიანი, ბაბუნაშვილი (65. დ. ჯანაშია), იონანიძე, ქუთათელაძე (53. პოროშინი)
არბიტრი: კ. რიჩარდსი (უელსი)
24. 07. 2002. ტორსჰავნი. 675 მაყურებელი
ტორსჰავნი-ტორპედო 0:1
0:1 დ ჯანაშია (76)
ტორპედო: გრ. ჭანტურია, მახვილაძე, დიდავა, ქემოკლიძე, ლ. ჭელიძე, ახალკაცი, გუჩუა, კვეტენაძე, ასათიანი, დ. ჯანაშია, იონანიძე (46. პოროშინი)
არბიტრი: პ. მაკეონი (ირლანდია)
ჩემპიონთა ლიგა.
I საკვალიფიკაციო ეტაპი
14.07.2004. თბილისი. "ბ. პაიჭაძე". 5000 მაყურებელი
ვიტ ჯორჯია (თბ.)-ტორსჰ. (ფარ.) 5:0
1:0 გოჩაშვილი (20), 2:0 მარცვალაძე (32), 3:0 დიღმელაშვილი (43), 4:0 ინწკირველი (47), 5:0 ებანოიძე (57)
ვიტ ჯორჯია: მამარდაშვილი, პ. დათუნაიშვილი, ინწკირველი, თ. კობიაშვილი, იმედაშვილი, ლ. ნოზაძე (46. ლ. კვარაცხელია), დიღმელაშვილი, ე. მერებაშვილი (46. ებანოიძე), ო. გველესიანი, გოჩაშვილი (69. კუპრეიშვილი), მარცვალაძე
არბიტრი კ. თეოდოტუ (კვიპროსი)
21.07.2004. ტორსჰავნი
ტორსჰავნი-ვიტ ჯორჯია 3:0
1:0 ტორტეინსნონი (66), 2:0 იესპერსენი (69), 3:0 ელიასენი (88)
ვიტ ჯორჯია: მამარდაშვილი, პ. დათუნაიშვილი, ინწკირველი, თ. კობიაშვილი, იმედაშვილი, ლ. ნოზაძე, დიღმელაშვილი, გოჩაშვილი (82. მალიჩავა), ო. გველესიანი, მარცვალაძე, ებანოიძე (69. სახოკია)
ჩემპიონთა ლიგა
I საკვალიფიკაციო ეტაპი
16.07.2008. თბილისი. "ბ. პაიჭაძე". 1500 მაყურებელი
დინამო (თბ.)-რუნავიკი (ფარ.) 3:0
1:0 გ. კაშია (7), 2:0 გველესიანი (10), 3:0 ოდიკაძე (30, პენალტით)
დინამო: ოვონო, შ. კაშია, გ. კაშია, ინწკირველი, ხმალაძე (81. თომაშვილი), ოდიკაძე, დიღმელაშვილი, ნერგაძე, ო. გველესიანი, გ. მერებაშვილი (53. ფირცხალავა), აკირემი (53. ვაწაძე)
არბიტრი: ნ. სპასიჩი
22. 07. 2008. ტორსჰავნი. "გუნდადალური"
რუნავიკი-დინამო 1:0
დინამო: ოვონო, შ. კაშია, გ. კაშია, ინწკირველი, ხმალაძე, ოდიკაძე, დიღმელაშვილი, ფირცხალავა (46. კრშკო), ო. გველესიანი (90. ნ. ჯიშკარიანი), ნერგაძე, ვაწაძე (80. ქანთარია)
არბიტრი: ტ. ნიემინენი (ფინეთი)
ევროპის ლიგა
I საკვალიფიკაციო ეტაპი
02.07.2009. რუსთავი. "ფოლადი". 4000 მაყურებელი
ოლიმპი (რუსთ.)-ბ-36 (ფარ.) 2:0
1:0 გ. მეგრელაძე (10), 2:0 გ. მეგრელაძე (88)
ოლიმპი: ალავიძე, თ. ღონღაძე, მაჭავარიანი, რეხვიაშვილი (46. ხუბუა), გილაური, სეთურიძე (73. გ. ჭელიძე), დობროვოლსკი, ზ. ჭელიძე (59. ფიფია), ბაბუნაშვილი, სირბილაძე, გ. მეგრელაძე
არბიტრი: ა. კუჩინი (ყაზახეთი)
09.07.2009. ტორსჰავნი. "გუნდადალური"
ბ-36-ოლიმპი 0:2
0:1 სირბილაძე (5), 0:2 ხუბუა (28)
ოლიმპი: ალავიძე, თ. ღონღაძე, მაჭავარიანი, მ. ლომიძე, გილაური, სეთურიძე, დობროვოლსკი, ზ. ჭელიძე, ხუბუა (57. გ. ჭელიძე), გ. ჩხეტიანი (59. გ. მეგრელაძე), სირბილაძე (65. ფიფია)
არბიტრი: მ. ვლკი (სლოვაკეთი)
ავტორი: ლევან ჯანეზაშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
16.07.2013