• Geo
  • Eng
04.11.2013
მეტალურგი-დინამო 0:0 - ფრე, რომელიც მოგებას ჰგავს

"ფოლადზე" საგოლე მომენტები ნაკლებად იყო, თუმცა შეხვედრა ტლანქი და მოსაწყენი არ ყოფილა. მაღალი იყო დაძაბულობა და ალბათ ამიტომ, 90 წუთი თითქოს მალე გავიდა...

"დინამოსგან" უკეთესი თამაში იყო მოსალოდნელი. შესაძლოა, იმ ფაქტორმაც იმოქმედა, რომ დუშან უჰრინის გუნდს კვირაში სამი მატჩის გამართვამ მოუწია, მაგრამ რუსთავის "მეტალურგსაც" ხომ იგივე გრაფიკი ჰქონდა?..

პირველ ტაიმში მასპინძელს ჰქონდა უპირატესობა, თუმცა ხიფათი ჯერ სტუმრებმა შექმნეს: ძარია-გოგა-დვალის კომბინაცია იმით დასრულდა, რომ ფლანგიდან წამოსული ბურთი, როგორც იტყვიან, გარედან მოხვდა ძელს.

"მეტალურგი" მკაცრად თამაშობდა, მეტოქეს გოჯს არ უთმობდა. რუსთაველთა შემადგენლობას თუ გადავხედავთ, ასეთ კონტინგენტს ნებისმიერი ქართული გუნდის დამარცხება ხელეწიფება და "მეტალურგიც" ეჭიდებოდა ამ შანსს.


Sportall.Geმასპინძლებს წინა ხაზში ფიფია და ბერიაშვილი ჰყავდათ. ისინი დინამოელთა დაცვას მშვიდად ყოფნის საშუალებას არ აძლევდნენ. ფიფიამ კარგი პასი გაუჭრა ბერიაშვილს, რომელმაც ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ მოახერხა დარტყმა.

ამ დუეტის მეორე კომბინაცია კი აშკარა საგოლე მომენტით დასრულდა - ბერიაშვილის მოხდენილი პასით ფიფია სტუმართან კარიდან 6-7 მეტრში მარტო დარჩა, თუმცა ბურთი იქ დაარტყა, სადაც ლორია იდგა და დინამოელთა მეკარესაც მოგერიების მეტი არაფერი დარჩენოდა.

ფიფიას ხელმეორედაც ჰქონდა შანსი, როცა მოხდენილად დაუსხლტა კვარაცხელიას, მაგრამ არცთუ ძლიერად დაარტყა და ლორიამაც იმარჯვა.

საგოლე შესაძლებლობა ბერიაშვილმაც გაანიავა, როცა უკუგდებული ბურთი არაზუსტად დაარტყა. ტაიმის ბოლო წუთზე ასევე არაზუსტი აღმოჩნდა ორბელაძის თავური.

დინამოელებს სასტარტოში არ ჰყავდათ მერებაშვილი და შეტევების გამწვავება უჭირდათ, ამ საქმეს მხოლოდ ელგუჯა გრიგალაშვილის მონდომება არ ჰყოფნიდა.

შესვენების შემდეგ "დინამო" შედარებით უკეთ ათამაშდა, იყო მონაკვეთები, როცა ბურთის ფლობაში უპირატესობა ჰქონდა და რამდენჯერმე სახიფათოდაც შეუტია.

პატრიკ ვუომ თავით სცადა ბურთის კარში გადაგზავნა, მაგრამ სიზუსტემ უმტყუნა. "მეტალურგი" დიდი ძალებით არ გადადიოდა იერიშზე, თუმცა რამდენჯერმე მაინც გაამწვავა თამაში. ბერიაშვილმა კარგად მოიგდო ბურთი, მცველს თავგზა აუბნია და საჯარიმოს ხაზამდე არმისულმა ძლიერად დაარტყა - აქ ლორიამ იყოჩაღა.

გამოსარჩევი იყო ის ეპიზოდიც, როცა გოგამ მარცხენა ფლანგზე ჩინებულად ჩამოიცილა მეტოქე და ისეთი დაარტყა, რომ არა მეკარე ბედიაშვილი, ბურთი კარში ჩაეშვებოდა. მერე, შეცვლაზე შესული მერებაშვილის კუთხურს უსტარიცმა შეაგება თავი და ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს.

ბერიაშვილსა და ფიფიას დაღლა დაეტყოთ, რის გამოც რუსთაველთა წინა ხაზს ჯანი მოაკლდა. ცხადია, ამან "დინამოს" გაუადვილა საქმე, მაგრამ უჰრინის გუნდსაც აკლდა ის ძალა, რაც გოლის გასატანად იყო საჭირო - 0:0.

მატჩის შემდეგ
დუშან უჰრინი (თბილისის დინამოს მწვრთნელი):
"ძალიან ძნელი თამაში იყო. ეს მოედანი არ არის საჩვენო, აქ ბოლოს რომ ვითამაშეთ თასზე, 1:2 წავაგეთ. ერთი ქულა ავიღეთ და ეს ჩვენთვის მოგების მსგავსია. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ იყო მერებაშვილი სასტარტოში, "ტორპედოსთან" თამაშის მერე ტრავმა აწუხებდა. მომდევნო მატჩისთვის, "ზესტაფონთან", უკვე მზადყოფნაში იქნება".

გელა სანაია (მეტალურგის მწვრთნელი):
"ჩვენც არ გვიყვარს ხელოვნურ საფარზე თამაში, მინდორი გვირჩევნია. ვიმსახურებდით სამ ქულას, თუმცა საგოლე მომენტების რეალიზაცია ვერ მოვხერხეთ. მთლიანობაში, თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვარ. რაც შეეხება მსაჯობას, უკეთესიც შეიძლებოდა".



ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტორი: დავით თავართქილაძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024