ამ ბოლო დღეებში, თბილისის "დინამოში" არაერთი ცვლილება მოხდა. ყველაზე ხმაურიანი კი, რა თქმა უნდა, ბუბა ტყავაძის სპორტული დირექტორობოდან დათხოვნა იყო. ასევე, კითხვები რჩებოდა ვასილ მაისურაძის "დინამო-2"-დან გაშვებაზე, კულუარებში საუბარი არ წყდება ფეხბურთელთა ბირთვის შესაძლო შეცვლაზე.
მოკლედ, ძალიან ბევრი კითხვა დაგროვდა რომან ფიფიასთან – კლუბის მეპატრონესთან. "მსოფლიო სპორტი" "დინამოს" პრეზიდენტს დიღმის ბაზაზე ესტუმრა და ვრცლად ესაუბრა:
- ბატონო რომან, დავიწყოთ ბუბა ტყავაძის თემით.
- ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ ტყავაძეს კლუბში კომუნიკაციის პრობლემა ჰქონდა.
- კონკრეტულად ვისთან ჰქონდა ასეთი პრობლემა?
- იცით, ჩემთვის მისი ბევრი მოქმედება იყო გაუგებარი. განსაკუთრებული არაფერი მომხდარა "დინამოსთვის", ყველას აქვს თავისი სამუშაო გეგმა. "დინამო" არაა მარტო დიღმის ბაზა, ჩვენ გვაქვს აკადემია და ვერ მივაღწიეთ, რომ კლუბს ერთი დიდი ორგანიზმის სახე მისცემოდა. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში, ერთიანობისკენ წინსვლა იქნება, რაც კლუბს მკაფიოდ დაეტყობა,
- ზაფხულში, როცა "დინამო" ევროტურნირებისთვის ემზადებოდა, თქვენ გუნდის გაძლიერებას აპირებდით, ხოლო ტყავაძე ამბობდა, რომ ამ კონტიგენტითაც გავიდოდა ფონს – ასეთი ხმები იყო და, სიმართლეს შეეფერება?
- მგონი, ტყავაძე ძალიან ოდიოზურ ფიგურად აქციეთ. მარტო ტყავაძე ვერ წყვეტდა ბევრს საკითხს, ის იყო სპორტული დირექტორი და მართალია, სელექციასაც თაობდა, მაგრამ თაობდა და არა – მეტი. კლუბი როცა ფეხბურთელს ყიდულობს, ეს მწვრთნელის, სელექციონერების პრეროგატივაა და რა თქმა უნდა, ჩემიც. ჩემი ფინანსები იხარჯება და ბუნებრივია, უნდა ვიყო საქმის კურსში. მენეჯერმა, ამ შემთხვევაში კი ტყავაძემ, საქმე უნდა გააკეთოს ისე, რომ სიწყნარე იყოს. არ იყოს ქიშპობა და კინკლაობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სიტუაცია იძაბება. ახლავე გეტყვით, რომ ტყავაძის შემცვლელი არ იქნება ოდიოზური და მისი საქმე ინტერვიუების დარიგება კი არა, საქმის მშვიდად კეთება იქნება. "დინამოში" ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. ძალიან კარგად ვიცი, ვინ, როგორ და რას აკეთებს. ტყავაძეს უნდა შეესრულებინა ის, რაც ევალებოდა და არა – იმაზე მეტი. მე ხშირად დამიცავს ტყავაძე, ბევრისთვის გამიცია პასუხი როცა აკრიტიკებდნენ, მაგრამ როცა ადამიანი ვერ ხვდება, რომ მე "დინამო" ერთ ორგანიზმად წარმომიდგენია და ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს, მაშინ ცვლილებები აუცილებელი ხდება. და სულაც არ ვფიქრობ, რომ ცვლილებები ცუდია.
- ამას არც ჩვენ ვფიქრობთ. იყო საუბრები, რომ ტყავაძე დუშან უჰრინის კომპეტენციაში ერეოდა. რას იტყვით?
- მწვრთნელის კომპეტენციაში ჩარევის უფლება არ მიმიცია, მაგრამ სხვა საკითხია, რომ ბუბას ჰქონდა თავისი ხედვა. იცით, მე შევთავაზე ტყავაძეს, მწვრთნელობა დაიწყე-მეთქი. მან კარგად იცის ფეხბურთი, თუმცა უკვე ვთქვი, თუ რაც იყო გათავისუფლების მიზეზები. კომუნიკაცია აუცილებელია. ეს იგივეა, ფეხბურთელები მოედანზე ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ, პასს არ აძლევდნენ. რა გამოვა? ”დინამოც” მოედანია. შეუცვლელი არავინაა. მოვა ახალი სისხლი, ახალი გონება.
- უცხოელი, თუ ქართველი?
- ერთი ვიცი: ვინც მოვა, ის მშვიდად და პროფესიულად შეასრულებს სპორტული მენეჯერის ფუნქციებს.
- როდისთვის უნდა ველოდოთ ახალ სპორტულ დირექტორს?
- არ ვიჩქარებთ. თუ საჭიროა, დიდხანს ვიფიქრებ, სანამ არ ავწონ-დავწონი ყველაფერს. ვერც იმას გეტყვით, რომ აუცილებლად გამოცდილი იქნება. შესაძლოა ის, ახალგაზრდა პიროვნება იყოს. შესაძლოა, მას არა დირექტორის, არამედ სპორტული მენეჯერის ფუნქციები დაეკისროს. ვიფიქრებ. საკმარისი დრო გვაქვს.
- როგორც ვიცით, დუშან უჰრინი, მინიმუმ, იანვრამდე რჩება მთავარ მწვრთნელად.
- უჰრინს ნდობის მანდატი აქვს. მას კარგი, საქმიანი ურთიერთობა აქვს ფეხბურთელებთან და თუ რომელიმე მოთამაშეს აქვს გაურკვევლობა, ეს მისი პრობლემაა და არა უჰრინის. ამ ეტაპზე, უჰრინის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების მორალური უფლება არ მაქვს. გუნდი ერთ მუშტად შეიკრა და თამაშიდან თამაშამდე პროგრესირებს, ფეხბურთელები მოტივირებულები არიან, რაც მათი პროფესიონალიზმის დასტურია. ეს ცვლილებები იმიტომაც განვახორციელეთ, რომ მივიღოთ კონკურენტუნარიანი გუნდი. მექნება შეხვედრა სამივე გუნდის ("დინამო", "დინამო-2", "დინამოს" დუბლები) მწვრთნელებთან, შესაბამისად, დუშან უჰრინთან, მალხაზ ჟვანიასთან და კახა გოგიჩაიშვილთან. მათ ერთიანობაში უნდა იმუშაონ. დუბლებმა უნდა აკეთონ საქმე, წინსვლა უნდა ჰქონდეთ და არა მხოლოდ არსებობდნენ. ხიდი უნდა აიგოს და სათავეში უნდა იდგეს უჰრინი. აბა, რატომ ჩაიდო ამხელა სახსრები გუნდში? ამიტომ მოვიწვიეთ ჟვანია, რომელიც ჩემი აზრით, საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა მწვრთნელია. მას ფართოდ გაეხსნა კარი, ბურთიც მისია და მოედანიც. 12-წლამდელთა გუნდიდან დაწყებული, უფროსებით დამთავრებული, ყოველდღიური სამუშაო პროცესია საჭირო. და მივიღებთ შედეგს. თუ ასე არ მოხდა და ძაფი გაწყდა, დავბრუნდებით იქ, საიდანაც დავიწყეთ.
- ასეთი მუშაობა, საქართველოში ძალიან არ უყვართ. რატომღაც, ნაკლებად ფიქრობენ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე და არ უჩნდებათ კითხვა, თუ რა უნდა ქნას, როცა წლიდან წლამდე პროგრესი აქვს და შემდეგ ძირითად გუნდში მოხვედრის შანსი მაინც არ უჩნდება, რადგან იქ, ძვირად ნაყიდი, მაღალხელფასიანი ფეხბურთელები თამაშობენ.
- ამ ხიდზე ვსაუბრობდი. და სწორედ ამ გზაზე ვივლით. შეხედეთ აკადემიას, ამ ბაზას. რატომ უნდა იფიქროს “დინამოს” აკადემიის 15 წლის მოზარდმა ღამე დაძინებისას, რომ, რაც უნდა ეცადოს, "დინამოს" ძირითადში ვერ მოხვდება? ამ აკადემიის შექმნას, არა მხოლოდ სპორტული, არამედ, სოციალური დატვირთვაც აქვს. შესაძლოა, ფეხბურთელი ვერ გამოვიდეს, მაგრამ სულიერად და ფიზიკურად ჯანმრთელი გაიზრდება. მადლობა ღმერთს, რომ ამის გაკეთების შესაძლებლობა მომეცა.
- კლუბის მფლობელები სხვადასხვაგვარნი არიან: ზოგი მეგობრობს ფეხბურთელებთან, ზოგს ძალიან შორს უჭირავს თავი. თქვენ როგორი დამოკიდებულება გაქვთ?
- ფეხბურთელებმა იციან, რომ ვცდილობ, უსამართლობა არ დავუშვა. დანარჩენი, ფეხბურთელებსაც შეგიძლიათ ჰკითხოთ. ერთს ვიტყვი: ხშირად გაიმართება თამაშები ძირითად და მეორე გუნდებს შორის, რათა სათადარიგოს შანსი მიეცეს უკეთ დაამტკიცოს თავისი შესაძლებლობები. ეს ბევრ რამეს წარმოაჩენს.
- უცნაური იყო ვასილ მაისურაძის გაშვება "დინამო-2"-დან.
- რატომ იყო უცნაური?
- 17-წლამდელებთან მუშაობით დაამტკიცა, რომ კარგი მწვრთნელია.
- უსამართლოდ არ გაგვიშვია და არასწორია, თითქოს, პირველად გაზეთიდან გაიგო გათავისფლების შესახებ. მაისურაძე კარგი მწვრთნელია, მშვენივრად მუშაობს ნაკრებში და ღმერთმა ხელი მოუმართოს, მაგრამ რატომ უნდა იყოს მისი გუნდი ჩემპიონატში მეცხრე ადგილზე? ნახეთ, რა შედეგი ჰქონდა ამ სეზონში. აქ, მუშაობის ფორმაზეც არის საუბარი: არ შეიძლება, ვარჯიში მორჩეს და ორ წუთში ფეხბურთელი აღარ ჩანდეს მოედანზე. ახსნა არ სჭირდება? ან ეგებ, ინდივიდუალური ვარჯიშია ფეხბურთელისთვის საჭირო. უსამართლოდ არავის მოვქცეულვარ “დინამოში” და მაისურაძეს რატომ მოვექცეოდი? ნაკრებში წარმატებებს ვუსურვებ, აქ კი, ეტყობა მოტივაცია აკლდა. მე ასეთი მიდგომა არ მომწონს. მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით, “დინამოში” ვერავინ იმუშავებს. მოვიყვანეთ ჟვანია და მსურს, რომ მან აქ მარტო 90 წუთი კი არ გაატაროს, არამედ “დინამოთი” იცხოვროს, სული და გული ჩადოს საქმეში.
- წეღან, გრძელვადიან პროექტზე გადასვლის აუცილებლობაზე თქვით, რაც ზოგადად, კარგია. ასეთი პროექტის საწყის პერიოდში, შესაძლოა, შედეგმა იკლოს. ამისთვის მზად ხართ?
- დღეს ორი უკიდურესობაა. ჩვენ გვინდა, რომ დღესვე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში გავიდეთ და მართლაც რომ გავიდეთ, ეს მხოლოდ ეპიზოდური წარმატება იქნება. წლეულს შეიძლებოდა ლიგაში შესვლა, სამწუხაროდ, "სტიაუასთან" ვერგატანილმა პენალტმა დიდად იმოქმედა. თუმცა, უკვე ვთქვი, რომ პროექტი იცვლება: როცა "დინამოში" მოვედი, მაშინ სწორედ ამ ბავშვებსა და უფროს ასაკს შორის ხიდის მშენებლობით მსურდა დაწყება. ასე მქონდა ჩაფიქრებული. შემდეგ მაღალბიუჯეტიანი პროექტი ვცადეთ. სიმართლე გითხრათ, ამისკენ გული არ მიმიწევდა... მაგრამ მაინც ვცადე. აი, მაგალითად, "სტიაუა" როგორც მუშაობს, ძალიან მომწონს. ახალგაზრდა რუმინელებით დაკომლექტებული გუნდი, რომელმაც რამდენიმე წელიწადში შედეგი მიიღო. ახლა, "სტიაუას" ყოველწლიურად ექნება ლიგის ჯგუფში შესვლის პრეტენზია და ამის რეალური შანსი. ესაა კლუბის სტრატეგია. წლების განმავლობაში იმუშავეს და ახლა შედეგს იმკიან. ეს უფრო სწორი არაა, ვიდრე დღეს უცებ ჯეკ-პოტი მოხსნა, მერე კი, წლობით ელოდო შედეგს, მაგრამ საძირკველი გამოცლილი გქონდეს? ჩვენ მყარი ფუნდამენტი უნდა დავუდოთ “დინამოს” რეგულარულ წარმატებებს. აკადემია, დუბლები, “დინამო-2”, პირველი გუნდი - ყველა უწყვეტი ჯაჭვის რგოლებივით უნდა ფუნქციონირებდეს. აკდემიის მოზარდს იმის იმედი და განცდა უნდა ჰქონდეს, რომ მისი შრომა აუცილებლად დაფასდება და ექნება შანსი, “დინამოს” მთავარი გუნდის ნაწილი გახდეს. ახალგაზრდებს უფრო მეტი შანსი უნდა მიეცეთ, თუნდაც რაღაც მომენტში მცირე წარუმატებლობის ხარჯზე. ამავდროულად “დინამოს” ბირთვს გამოცდილი ფეხბურთელები უნდა შეადგენდნენ.
- ასეთი "დინამო" იყო ცხონებული დავით ყიფიანის დროს, 1996-1998 წლებში. ბევრი ამბობდა, რატომ ათამაშებს ახალგაზრდებსო - 19 წლის ალექსანდრე იაშვილს, გიორგი დემეტრაძეს, კახა კალაძეს – თუმცა, მოსალოდნელზე კარგად თამაშობდნენ, რადგან ნდობა გამოუცხადეს.
- სწორედ ამ ნდობაზეა საუბარი. ენდე ფეხბურთელს და ის იმაზე მეტს გააკეთებს, ვიდრე გეგონა. არასწორია დიდი დისბალანსი ფეხბურთელების ანაზღაურებაში. სხვა პრინციპებს შემოვიღებთ: მინდა მივაღწიო იმას, რომ ანაზღაურების 40 პროცენტს პრემია შეადგენდეს. ეს სჯობს, ვიდრე ფეხბურთელს 10 000 დოლარი ხელფასი და ერთ მატჩზე 1000 ლარი პრემია ჰქონდეს. ეს არასწორად მიმაჩნია.
- აკადემიის მშენებლობა რამდენი დაგიჯდათ?
- 10 მილიონ დოლარამდე.
-რამდენად ჩართული ხართ აკადემიის საქმიანობაში ?
ვცდილობ, მაქსიმალურად ვიყო საქმის კურსში. მაკმაყოფილებს აკადემიის დირექტორის, არჩილ კეკელიას და მთავარი მწვრთნელის, გიორგი მინაშვილის მიდგომები და საქმიანობა. დღეს-დღეობით, აკადემიაში 160 ბავშვი ირიცხება და 350-იც "დინამოს" სკოლაში. და ჭორის დონეზეც აღარ მესმის საუბრები, რომ “დინამოს” აკადემიაში მოსახვედრად, ბიძაშვილ-მამიდაშვილობაა საჭირო.
- რომელ უცხოურ კლუბს გულშემატკივრობთ?
- მადრიდის "რეალს". ასე რომ, კრიშტიანუ რონალდუ შემთხვევით არ ჩამომიყვანია თბილისში აკადემიის გახსნაზე (იცინის). ჩემს სანათესაოში, უფრო "ბარსელონას" ქომაგები სჭარბობენ, მაგრამ მე "რეალი" მომწონს.
- ნაკრები?
- საფრანგეთი მომწონს. სხვათა შორის, საფრანგეთის ნაკრები შემთხვევით არ დარჩენილა აქ ჩვენს ნაკრებთან მატჩის შემდეგ. 3 დღე აქ ივარჯიშეს და პირდაპირ თამაშზე ჩავიდნენ ბელარუსში. გადაირივნენ, არ ეგონათ, რომ საქართველოში ასეთი ბაზა და აკადემია დახვდებოდათ. საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა დეკემბრისთვის დაგვპატიჟა თავის სამშობლოში. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თხოვნით, დიღმის ბაზაზე ხშირად გვსტუმრობენ უცხოეთის სხვადასხვა ნაკრები გუნდები. გუშინ, ჰოლანდიის ახალგაზრდულმა ნაკრებმაც ჩვენთან ივარჯიშა.
- უცხოური კლუბის მფლობელებიდან, რომელია თქვენთვის მისაბაძი? რა თქმა უნდა, კოპირებას არ ვგულისხმობ.
- არა, კოპირება არც მიფიქრია. ჩემი სეხნია რომან აბრამოვიჩი, დღეს უკვე მოგებაზე გავიდა, ანუ, მან რენტაბელურად აქცია კლუბი. ეს არის ბიზნესი, სწორი გათვლა, მოგება, გუნდური მუშაობა. და არა ის, აგენტები თვეობით რომ დაატარებენ ფეხბურთელს კლუბიდან კლუბში. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი გუნდის ფეხბურთელი კარგ კლუბში მოხვდეს. 30 წლამდე აქ არავინ არავის დააბამს. “დინამოსთვის” დაიხარჯოს, თავისი წილი ოფლი დაღვაროს და 23 წლისა წავიდეს, თუნდაც 22-ის. და როცა შენ ფეხბურთელს ყველაფერს უკეთებ რომ ბედნიერი იყოს, მანაც ასევე უნდა გიპასუხოს.
- თითქოს, გადაწყვეტილი იყო, რომ გიორგი ლორია ამ ზაფხულს წავიდოდა 'დინამოდან". რატომ ვერ მოხერხდა?
- მოვა დრო და ეს საკითხიც დადგება დღის წესრიგში. ვაღიაროთ, რომ ლორია საუკეთესო ქართველი მეკარეა და ძლიერ უცხოურ კლუბში, კიდევ უფრო მოუმატებს.
- შეგიძლიათ დაასახელოთ ეს კლუბი?
- ჯერ არაა ასე რეალური, თორემ ვიტყოდი. ჯერ მხოლოდ საუბრებია. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საქართველოს ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებ გუნდებს, სადაც “დინამოელებიც” მრავლად არიან, წარმატებები ვუსურვო.
- შარშანწინ, ერთ-ერთ ესპანურ საიტზე ეწერა, რომ "ესპანიოლის" შეძენის ვარიანტს განიხილავდით. ახლა ხომ არ აპირებთ რომელიმე უცხოურ კლუბში ინვესტიციის ჩადებას?
- არა, უაზრობად მიმაჩნია. ფეხბურთი ისეთი სფეროა, თავად თუ არ უყურებ სიტუაციას, სამქეს ვერ გააკეთებ. ქარხანა-ფაბრიკაში გააკეთებ, ფეხბურთში ვერა... ფეხბურთი ხომ შეგრძნების დონეზეა.
WORLDSPORT.GE
ილია ნანობაშვილი
09.10.2013