• Geo
  • Eng
07.10.2013
სიონი-დინამო 1:4 - პირველი ჰეთ თრიქი რუმინელისაა

ჩემპიონატში ზედიზედ მეხუთე გამარჯვებით "დინამომ" კვლავაც შეინარჩუნა ლიდერობა და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ დუშან უჰრინის გუნდს ამ სეზონში მეტ-ნაკლებად სერიოზული კონკურენტი არც ეყოლება.

ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ასეა და ზამთრის სატრანსფერო პაუზის შემდეგ რა მოხდება, აი, მაგას კი ვერავინ იტყვის...

...წინა ტურისაგან განსხვავებით, ორივე გუნდის ძირითადში გარკვეული ცვლილებები იყო: "დინამოში" გიორგი სეთურიძე, გიორგი გველესიანი და გიორგი მერებაშვილი გამოჩნდნენ, "სიონში" კი - თორნიკე აფციაური და გიორგი ბიბილეიშვილი.

სხვათა შორის, სწორედ ბიბილეიშვილი გახლდათ ბოლნისელთა გუნდში ერთადერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი - ძირითადის დანარჩენი ათი მოთამაშე 30 წელს მიახლოებული ან გადაცილებულია, რომელთაც გამოცდილებაც არ დაეწუნებათ, მაგრამ მეორე ტაიმში "დინამომ" რომ ტემპს მოუმატა, პირობითად მასპინძლებს დაღლა დაეტყოთ.

Sportall.Geსაერთოდაც, მეტ-ნაკლებად თანაბარი თამაში პირველ ნახევარ საათში ვიხილეთ, შემდეგ კი "დინამოს" უპირატესობა ნათლად გამოიხატა და ერთიმეორეზე ეფექტური გოლებიც ლოგიკურად ჩანდა. რაც მთავარია, ამ ჩემპიონატის პირველი ჰეთ თრიქიც ვნახეთ: "დინამოს" რუმინელმა ლეგიონერმა, 28 წლის დორინ გოგამ მანამდე გატანილ სამ გოლს 6 ოქტომბერს კიდევ სამი მიუმატა და ბომბარდირთა დავაშიც ჩაება.

თუმცა ამ მატჩს, გოგას გარდა, სხვა გამორჩეული პერსონაც ჰყავდა: ძირითადში დაბრუნებული გიორგი მერებაშვილი ერთობ მოტივირებული გახლდათ და "სიონის" დამარცხებაში ლომის წილი შეიტანა.

სწორედ მერებაშვილის აქტიურობას მოჰყვა შეხვედრის პირველი გოლიც, როცა დინამოელთა მარცხენა ნახევარმცველმა ფლანგზე ჩინებული დრიბლინგი გვიჩვენა და კარშიც დაარტყა, სადაც მეკარისაგან გადმოვარდნილ ბურთს იქვე "ჩასაფრებული" გოგა დაუხვდა და ანგარიშიც გაიხსნა.

არადა, ამ გოლამდე "სიონი" ურიგოდ არ გამოიყურებოდა, ამის მერეც თამამად გადადიოდა მეტოქის ნახევარზე და ერთ-ერთი ასეთი კონტრშეტევა ეფექტური გოლითაც დაგვირგვინდა: მასპინძელთა გამოცდილმა ნახევარმცველმა თორნიკე აფციაურმა მოედნის სიღრმიდან წამოიღო ბურთი, რამდენიმე მეურვეს გასცდა და მეტოქის საჯარიმოს მისადგომებიდან თავისი "საფირმო ცაციათი" მეკარისაგან შორეულ კუთხეში ოსტატურად "მოჭრა" ბურთი!

ამას ისევ დინამოელთა გააქტიურება მოჰყვა და მეორე გოლამდე ის ეპიზოდიც იყო, როცა სტუმრები ერთწუთიან ინტერვალში ორჯერ ითხოვდნენ პენალტს; შემდეგ, მასპინძლების აზრით, შეცდა მსაჯთა ბრიგადა, როცა "სიონის" კარში ჯარიმა დაინიშნა, - ეს სტანდარტული კი დორინ გოგამ მართლაც დიდოსტატურად შეასრულა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა.

"სიონს" კიდევ ერთი შანსი ჰქონდა ანგარიშის გათანაბრების, როცა კარგად გათამაშებული კომბინაციის შემდეგ გიორგი ბიბილეიშვილმა ბურთი მკერდით დაუგდო თორნიკე აფციაურს, მაგრამ ამ ჯერზე გიორგი ლორიას სწორი პოზიცია ჰქონდა შერჩეული და ბურთის აღება არ გასჭირვებია.

მეორე ტაიმის დასაწყისში აფციაურმა სახიფათოდ შეასრულა საჯარიმო და ამით მორჩა კიდეც "სიონის" შეტევები. სამაგიეროდ, "დინამომ" გაილაღა და ჩისკოს ჩინებული პასის მერე მერებაშვილი აღმოჩნდა დასარტყმელ პოზიციაზე, მაგრამ სტუმრები ამ ეპიზოდიდან მხოლოდ კუთხურს გამორჩნენ. ამ კუთხურს კი გივი კვარაცხელიას სახიფათო თავური დარტყმა მოჰყვა - ბურთი მიზანს მცირე მანძილით ასცდა.

თუმცა დარჩენილ დროში ორი ეფექტური გოლი მაინც ვნახეთ: ჯერ ლევან ხმალაძის ეფექტური პასის შემდეგ გიორგი მერებაშვილის არანაკლებ ეფექტურად შესრულებული ზუსტი დარტყმაა აღსანიშნავი, შემდეგ კი იმავე მერებაშვილის პასით მასპინძელთა საჯარიმოში მყოფმა დორინ გოგამ ბურთის უპრობლემოდ მიღებაც მოახერხა, დამუშავებაც, მოხდენილი ფინტით მეურვეს ჩამოცილებაც და ზუსტი დარტყმაც!

სხვათა შორის, "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა დუშან უჰრინმა მატჩის მიწურულს დორინ გოგა და გიორგი მერებაშვილი შეცვალა და სწორადაც მოიქცა: შეხვედრის ორ გამორჩეულ პერსონას აპლოდისმენტებით გაცილება ნაღდად ეკუთვნოდა და ორივემ ეს ტაში მიიღო კიდეც!

 

ბომბარდირები:
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 7
დ. გოგა (დინამო (თბ) 6
ი. მოდებაძე (დილა) 5
თ. კაპანაძე (ტორპედო) 4
გ. კორიფაძე (ვიტ ჯორჯია) 4
ე. ლობჯანიძე (ვიტ ჯორჯია) 4
ი. ქობალია (ზესტაფონი) 4

IX ტური
20 ოქტომბერი, კვირა
დინამო-ჩიხურა
მეტალურგი-მერანი
დილა-ზუგდიდი
სპარტაკი-გურია
ტორპედო-სიონი
ზესტაფონი-ვიტ ჯორჯია


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024