გიორგი კუცია საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრების და თბილისის დინამოს ერთ-ერთი ლიდერია. ნიჭიერი ნახევარმცველი, რომელსაც მოედნის ცენტრში დიდი სამუშაოს შესრულება შეუძლია. იგი ასევე ერთ-ერთი გამორჩეული იყო 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც საქართველოში ჩატარდა.
რამდენიმე დღის წინ გიორგის დავუკავშირდით და ინტერვიუ ჩავწერეთ. შევეცადეთ დინამოს 21-ე ნომერი თქვენთვის უფრო კარგად გაგვეცნო. რა გზა გაიარა დინამომდე, რას ნიშნავს მისთვის საქართველოს სახელით თამაში, რით გაჰყავს დრო კორონავირუსისგან გამოწვეული კარანტინისას. ამ და სხვა თემებზე გიორგიმ უფრო ვრცლად მოგვიყვა.
- სად და როდის დაიწყე ფეხბურთის თამაში?
- ფეხბურთზე 6 წლის ასაკში შევარდენში შევედი. ჩემი პირველი მწვრთნელი გიორგი ხუბეჯაშვილი იყო. ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა ფეხბურთის თამაში დავიწყე. თავიდან ცოტა არ იყოს დაბნეული გახლდით, ვარჯიშებზე ხანდახან კარებები მერეოდა და ხშირად ჩემს კარში გამქონდა გოლი (იცინის), თუმცა შემდეგ ყველაფერი დალაგდა.
- როგორ მოხვდი თბილისის დინამოში?
- შევარდენში მართლაც კარგი პერიოდი მქონდა. ხშირად ტურნირებზე ბომბარდირი ან საუკეთესო ფეხბურთელი ვხვდებოდი, რაც დინამოს მესვეურებს ყურადღების გარეშე არ დაუტოვებიათ 12 წლის ვიყავი როცა დინამოში მიმიწვიეს, მეც რა თქმა უნდა დიდი სიამოვნებით დავთანხმდი მათ წინადადებას და დინამოს აკადემიაში ჩავირიცხე. ზოგადად ვთვლი, რომ დინამოში გადასვლა ჩემს კარიერაში საუკეთესო გადაწყვეტილება, რადგან სწორედ ამ გუნდში ჩამოვყალიბდი პროფესიონალ ფეხბურთელად.
- როგორც აღნიშნე ხშირად ბომბარდირი ხდებოდი. როგორ მოხდა შენი თავდასხმიდან ნახევარდაცვაში დაწევა?
- ნახევარმცველად თამაში დინამოში დავიწყე. თავიდან ცოტა გამიჭირდა, რადგან ფორვარდობას ვიყავი მიჩვეული, თუმცა შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. პოზიციის შეცვლა იმანაც გამიადვილა, რომ მანამდეც მქონდა თუნდაც საყრდენად და გამთამაშებლად ნათამაშები.
- გაიხსენე შენი დებიუტი თბილისის დინამოს მთავარ გუნდში.
- დინამოს რიგებში პირველი მატჩი 17 წლის ასაკში ქუთაისის ტორპედოსთან ჩავატარე. რა თქმა უნდა ძალიან ვნერვიულობდი, რადგან ჩემი დებიუტი მქონდა, თანაც ყველას კარგად მოგეხსენებათ თუ რა დატვირთვას ატარებს დინამოსა და ტორპედოს დაპირისპირება. კარგად მახსოვს მატჩის შემდგომი წუთები, უბედნიერესი ვიყავი.
- ასაკობრივ ნაკრებებში თამაშის საკმაო გამოცდილება გაქვს. რა გრძნობაა, როცა შენი ქვეყნის სახელით თამაშობ?
- ფეხბურთელმა თუ თავად არ გამოსცადა, ვერ გაიგებს თუ რამხელა პასუხისმგებლობაა, როცა შენი ქვეყნის ღირსებას იცავ. ამის სიტყვებით გადმოცემა უბრალოდ შეუძლებელია. რაც არ უნდა გითხრათ, რთულია იმ გრძნობის აღწერა, რასაც ამ დროს განვიცდი ხოლმე.
- 19 წლამდე ევროპის ჩემპიონატი რომ გავიხსენოთ
- ვფიქრობ თამაშის ხარისხი ძალიან კარგი იყო, დასანანია, რომ ნახევარფინალში ვერ გავედით. უკეთესი შედეგის მიღწევა შეგვეძლო, თუმცა რიგ ეპიზოდებში არ გაგვიმართლა.
- ვინ ითამაშა შენ ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში ყველაზე დიდი როლი?
- ჩემმა ოჯახმა და ყველა იმ მწვრთნელმა ვისთანაც მიმუშავია.
- როგორც ყველა ფეხბურთელს ალბათ შენც გაქვს ოცნებები.
- რა თქმა უნდა. ბევრი ოცნება მაქვს, თუმცა მთავარია ოცნება მიზნად აქციო, წინააღმდეგ შემთხვევაში ოცნებადვე დარჩება. როცა კონკრეტულად მიზანს დაისახავ, შემდეგ მაქსიმუმი უნდა გააკეთო იმისთვის, რათა შენსას მიაღწიო. პირადად მე მსურს რაც შეიძლება მაღალ დონეზე ვითამაშო. დანარჩენს უკვე დრო გვიჩვენებს.
- ვინ იყო ბავშვობაში შენი საყვარელი ფეხბურთელი და ვინ არის დღეს?
- ბავშვობაში ზინედინ ზიდანის თამაში მომწონდა ყველაზე მეტად, დღეს კი კრიშტიანუ რონალდუს გამოვარჩევდი.
- ისეთი ფეხბურთელები ჩამოთვალე, ალბათ მადრიდის რეალს გულშემატკივრობ.
- დიახ, ნამდვილად ასეა.
- შენი პოზიციის ფეხბურთელებიდან ვისი თამაში მოგწონს ყველაზე მეტად?
- კაზემიროსი.
- მწვრთნელი, რომელთანაც ყველაზე დიდი სიამოვნებით იმუშავებდი.
- სერ ალექს ფერგიუსონი.
- შენი აზრით, რომელია 3 მთავარი კომპონენტი, რომელიც ფეხბურთელს წარმატების მისაღწევად სჭირდება?
- მიზანდასახულობა, მონდომება და შრომა, ვფიქრობ ცოტა იღბალიც არავის აწყენდა.
- რომ არა ფეხბურთი, რა პროფესიას აირჩევდი?
- პატარაობიდანვე ფეხბურთელობაზე ვოცნებობდი და სიმართლე გითხრათ სხვა პროფესიაზე არც მიფიქრია.
- და ბოლოს, როგორც მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესობას, შენც სახლში ყოფნა გიწევს. როგორ გაგყავს დრო?
- მუდმივად შინ ყოფნა ძალიან რთულია, განსაკუთრებით სპორტსმენისთვის, თუმცა ვცდილობ ყველაფერს პოზიტიურად შევხედო. დროის უმეტეს ნაწილს ფილმების ყურებას ვუთმობ, ბოლო პერიოდში კულინარიაშიც ვცადე ბედი და სხვათა შორის რაღაც კერძები კარგად გამომდის. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველას ვურჩიო, რომ დარჩნენ სახლში და მაქსიმალურად გაითვალისწინონ კომპეტენტური ადამიანების რჩევები.
06.04.20 leadersport.ge
https://bit.ly/3bTjiR1