ვიდრე "დინამო"-"მეტალურგის" მატჩი დაიწყებოდა, "დინამო არენაზე" შეკრებილმა გულშემატკივარმა ტაში არ დაიშურა გიორგი შაშიაშვილის მიმართ - სულ ახლო წარსულში თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების მცველმა აქტიური საფეხბურთო კარიერა დაასრულა!
თუმცა "შაში" ისევ იქ, "დინამოში" რჩება, ოღონდ ახალ ამპლუაში - კლუბის საფეხბურთო აკადემიაში 14-წლამდელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი იქნება.
ვიდრე გიორგი შაშიაშვილის საფეხბურთო კარიერას გავიხსენებდეთ, მანამდე ის მართლაც დასაფასებელი ტენდენცია გვინდა აღვნიშნოთ, თბილისის "დინამოში" რომ დამკვიდრდა. ყოველ შემთხვევაში, გიორგი შაშიაშვილის მსგავსი ფეხბურთელები ნამდვილად იმსახურებენ კარიერის დასრულების შემდეგ დაფასებასა თუ თბილ სიტყვებს - აი, როგორც "დინამო"-"მეტალურგის" მატჩამდე მოხდა.
"შაშის" საფეხბურთო მიღწევებზე "დინამოს" პრესატაშემ, გიგა გვენცაძემ ისაუბრა, კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამაც არ დაიშურა თბილი და საქებარი სიტყვები და "დინამოს" აწ უკვე ყოფილ ფეხბურთელს სამახსოვრო საჩუქარიც გადასცა, სადაც ასეთი სიტყვები იყო ამოტვიფრული: "მადლობა "დინამოსგან" - შაში!"
გიორგი შაშიაშვილმა მადლობა გადაიხადა, მერე "დინამოს" ფანკლუბის ტრიბუნას დაემშვიდობა და... "დინამო"-"მეტალურგის" თამაშშიც ბურთი ცენტრიდან მან შეიყვანა!
...გიორგი შაშიაშვილმა საფეხბურთო კარიერა 34 წლის ასაკში იმ გუნდში დაასრულა, სადაც ჰქონდა კიდეც დებიუტი უმაღლეს ლიგაში (1996/97 წლების სეზონში). სულ პირველი გუნდი კი თბილისის "კოდაკო" იყო: 1995/96 წლების სეზონში იმ დროისათვის 16 წლის შაშიაშვილი საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში გამოჩნდა.
სხვათა შორის, შაშიაშვილთან ერთად იმდროინდელ "კოდაკოში" გიორგი ლომაია, გიორგი ნიკურაძე და გიორგი გაბიდაური თამაშობდნენ, მოგვიანებით უცხოეთშიც რომ მოსინჯეს ძალები; აგრეთვე - თორნიკე მაისურაძე, ახლო წარსულში რუსთავის "მეტალურგის" ("ოლიმპის") მთავარი მწვრთნელი რომ გახლდათ.
...2000 წლიდან გიორგი შაშიაშვილი "დინამოს" შეუცვლელ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა და გუნდის კაპიტანიც გახლდათ. საქართველოს ჩემპიონმა, თასისა და სუპერთასის მფლობელმა 2004 წელს კიდევ ერთი ტიტული მოიპოვა: მოსკოვში, "თანამეგობრობის თასის" გამარჯვებული გახდა "დინამოს" შემადგენლობაში. მერე იყო უცხოეთში თამაშიც: ვლადიკავკაზის "ალანიასა" და ოდესის "ჩერნომორეცში".
თუმცა ბევრად უფრო წარმატებული გამოდგა ავსტრიულ "შტურმსა" (ორი სეზონი) და ბერძნულ "ერგოტელისში" (სამი სეზონი) გატარებული პერიოდი, - ორივეგან გუნდის შეუცვლელ ფეხბურთელად მიიჩნეოდა. 2012 წელს კი, თითქმის ექვსწლიანი პაუზის მერე საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდა: პირველი ეტაპი გორის "დილაში" გაატარა, მეორედან კი თავის პირველ და, როგორც გაირკვა, უკანასკნელ გუნდს, თბილისის "დინამოს" დაუბრუნდა და კარიერაც აქ დაამთავრა!
შაშიაშვილს უნივერსალური თვისებებითაც გამოარჩევდით: ერთ-ერთი იშვიათი გახლდათ, რომელსაც დაცვის ორივე ფლანგსა და ცენტრში წარმატებით შეეძლო თამაში. თავის დროზე საქართველოს 18 და 21-წლამდელთა ნაკრების წევრიც გახლდათ, 2001 წლის 9 მაისს კი საქართველოს ნაკრებში ჰქონდა დებიუტი; ერთ-ერთ მატჩში კი (2003 წელს, მოლდოვასთან ამხანაგურ შეხვედრაში) საქართველოს ნაკრების კაპიტანი გახლდათ!
...2006 წლის 11 სექტემბრის მატჩი გიორგი შაშიაშვილს, ალბათ, არასდროს დაავიწყდება: საქართველოსა და იტალიის ნაკრებების მატჩში, როცა დანიელე დე როსიმ სტუმრები დააწინაურა, გიორგი შაშიაშვილმა მარცხენა ფლანგიდან წამოწყებული იერიში ჩინებული და ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა და იტალიელთა მეკარე ჯანლუიჯი ბუფონიც უშანსოდ დატოვა!
ნაკრებში ბოლო მატჩი კი 2010 წელს (კამერუნთან) ჩაატარა, სულ კი ჩვენი უპირველესი გუნდის ღირსება 32-ჯერ დაიცვა.
იმედი დავიტოვოთ, რომ გიორგი შაშიაშვილს ასეთივე წარმატებული კარიერა ექნება ახალ, სამწვრთნელო ასპარეზზეც!
გაზეთი ლელო 18.03.2014