საქართველოს ჩემპიონატის 25-წლიან ისტორიაში არაერთი გამორჩეული ლეგიონერი გვინახავს, თავიანთი ოსტატობით ჩვენს პირველობას რომ ალამაზებდნენ: ანდერსონ აკინო, ჟილვან ვიეირა, ტიაგო (სამივე - ბრაზილია), დე პორასი (არგენტინა), რობერტას ფრიდრიკასი (ლიტვა), ზაურ ხაპოვი (რუსეთი), ანდრეი პოროშინი (უკრაინა), დენი დონდტი (ბელგია), პოლ კესანი, დიდიე ოვონო (ორივე - გაბონი), მილოშ კრშკო (სლოვაკეთი), მიკელ ალვარო (ესპანეთი) და სხვები.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ავსტრალიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი ნედ ზელიჩი, რომელსაც დორტმუნდის "ბორუსიას" შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგა ჰქონდა მოგებული.
თუმცა საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ლეგიონერის დასახელებაზე თუ მიდგება საქმე, ზემოთ ნახსენებ აკინოსა და დე პორასზე "მაღლა" მაინც ჩისკო ფრანსისკო მუნიოზი, ანუ უბრალოდ, ჩისკო უნდა დავაყენოთ: თბილისის "დინამოს" ესპანელი ვარსკვლავი მესამე სეზონია გვანებივრებს დიდოსტატური თამაშითა თუ არანაკლებ დიდოსტატური გოლებით!
ძნელია, ზუსტად განსაზღვრო ჩისკოს ოპტიმალური ამპლუა: საქართველოში ასპარეზობის ამ თითქმის სამწლიანი პერიოდის განმავლობაში ხან მარჯვენა გარემარბად გვინახავს, ხან - მარცხენა, ხან - გამოკვეთილი ცენტრფორვარდია, ხან - გამთამაშებელი, ერთი-ორმა მწვრთნელმა კი რამდენიმე მატჩში ნახევარდაცვაშიც გაამწესა! თუმცა ამ მართლაც უნივერსალ შემტევზე ამპლუების ხშირი ცვლა უარყოფითად არ მოქმედებს და მოედნის სხვადასხვა წერტილიდან ერთიმეორეზე ეფექტური გოლებიც გააქვს მეტოქეთა კარში.
...ჩისკოს "სტანდარტულების" შედეგიანად შესრულებაც ეხერხება და თანაგუნდელთა შეტევების ზუსტად დაგვირგვინებაც; ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზეც არაერთი გოლი გაუტანია და მეტოქის საჯარიმოში "დასწრებაზე" თამაშიც ჩინებულად გამოსდის - მოკლედ, მართლაც მაღალი კლასის შემტევია, უფსკრულისკენ მიქანებულ ჩვენს ჩემპიონატს რომ ამშვენებს და ალამაზებს...
...მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ლიგაში, პრიმერა-დივიზიონში ჩისკოს არაერთი სეზონი აქვს გატარებული, როცა "ვალენსიას", "ბეტისისა" და "ლევანტეს" ღირსებას იცავდა; განსაკუთრებით, რაღა თქმა უნდა, "ვალენსიაში" გატარებული პერიოდი უნდა აღვნიშნოთ: რაფა ბენიტესის ხელმძღვანელობით ჩისკო ესპანეთის ჩემპიონი გახდა, შემდეგ კი, როცა მთავარ მწვრთნელად კლაუდიო რანიერი დაინიშნა, უეფას თასი და ევროპის სუპერთასი მოიგო!
არადა, იმდროინდელ "ვალენსიაში" ბევრი გამორჩეული ფეხბურთელი გამოდიოდა: კანისარესი, აიალა, მარჩენა, კარბონი, ვისენტე, ბარახა, ალბელდა, ანგულო, აიმარი, დი ვაიო, კორადი და.. ჩისკო!
ჰო, აი, ასეთი დონის და ასეთი ტიტულიანი ფეხბურთელი ასპარეზობს უკვე მესამე სეზონია ჩვენს ჩემპიონატში, რომელიც სიამაყით გვეუბნება, რომ ესპანურზე არანაკლებად აქაური მიღწევებითაც ხარობს!
შეგახსენებთ, რომ ჩისკოს უდიდესი დამსახურებაც იყო, წინა სეზონში "დინამომ" საქართველოს ჩემპიონობა და თასი რომ მოიპოვა; ამას გარდა, 24 გოლით ჩისკო საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა და "ლელოს" ვერსიით, გასული სეზონის საუკეთესო ლეგიონერად, საუკეთესო თავდამსხმელად და საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა!
საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირ-ლეგიონერს დიღმის საწვრთნელ ბაზაზე შევხვდით; "დინამომ" ვარჯიში დაასრულა და ჩისკოც დიდი ხალისით დათანხმდა "ლელოსთან" ინტერვიუს...
მე და დინამო
- გულახდილად გვიპასუხე: საქართველოში ჩამოსვლისას იმაზე თუ გიფიქრია, რომ აქ ამდენი ხნის განმავლობაში დარჩებოდი?
- ფეხბურთში წინასწარ ვერაფერს განსაზღვრავ, თუმცა ჩამოსვლისთანავე "დინამოსთან" სამწლიანი კონტრაქტი გავაფორმე, რომელიც ამ სეზონის დასრულების მერე სრულდება.
- მერე რას აპირებ?
- ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ კვლავაც "დინამოში" გავაგრძელო ჩემი კარიერა; გულახდილად ვიტყვი: აქაურობა ძალიან შემიყვარდა, გუნდშიც ყველასთან ჩინებული მეგობრობა მაქვს და, საერთოდაც, კარგად ვაცნობიერებ, თუ როგორი ტრადიციების გუნდში ვთამაშობ.
- სამი წლის წინათ "დინამოს" მთავარ მწვრთნელად შენი თანამემამულის, ალექს გარსიას დანიშვნას ესპანელი ფეხბურთელების გამოჩენაც მოჰყვა, თუმცა კოტო, იაგუე, ალვარო და გერაუ შენსავით აქ სამი სეზონი არ დარჩენილან...
- სხვადასხვა მიზეზი იყო: ზოგს კონტრაქტი დაუმთავრდა, კოტოს დატოვება კლუბმა არ მოისურვა, ალვარომ კარიერის გაგრძელება სხვაგან არჩია...
- ამ ფეხბურთელების კარიერას თვალს ადევნებ? ისიც გვაინტერესებს, ერთმანეთთან ურთიერთობას თუ ინარჩუნებთ?
- კოტოსთან და ალვაროსთან თითქმის ყოველდღე ვურთიერთობ სოციალური ქსელის მეშვეობით; ისიც ძალიან მიხარია, ალვარო რომ ჩვეულად ათამაშდა და დღესდღეობით ბაქოს "ინტერის" წამყვანი ფეხბურთელია.
- ამას წინათ ალვარომ "გაბალასთან" "დუბლი" რომ შეასრულა, ალბათ, იმ გოლებსაც ნახავდი...
- ორივე ლამაზი გოლი იყო, მაგრამ მეორე განსაკუთრებულად ეფექტური გამოდგა - "მაკრატელათი" რომ გაიტანა! თუმცა ალვაროს მსგავსი გოლები საქართველოს ჩემპიონატშიც ხშირად გაჰქონდა - შარშან "დილას" რა გოლი გაუტანა?!.
- სამი წლის წინანდელ ამბებს დავუბრუნდეთ, როცა "დინამოში" ესპანური "დესანტი" გამოჩნდა და სულ ცოტა დაგვაკლდა ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად...
- დღესაც მიმაჩნია, რომ პლეი ოფში ბერძნული აეკ-ის ძლევაც შეიძლებოდა, უბრალოდ, შეთამაშება გვაკლდა, თანაც, ჩვენ, ესპანელ ახალწვეულებს, მოსამზადებელი პერიოდი "დინამოსთან" ერთად არ გვქონდა გავლილი; თუმცა ევროპალიგის საწყისი სამი ეტაპი ჩინებულად გავიარეთ და მინდა ვთქვა, რომ ძალიან ძლიერი გუნდი გვყავდა, უბრალოდ, გამოცდილება არ გვეყო.
აქვე მთავარიც მინდა აღვნიშნო: ძალიან დიდ სტიმულს გვაძლევდა საშინაო მატჩებზე გულშემატკივრების სიმრავლე - თითოეული ფეხბურთელი მოედანზე დამუხტული გადიოდა, ისეთი ემოცია მოდიოდა ტრიბუნებიდან...
- იმ ევროტურნირების მერე საქართველოს ჩემპიონატზე "გადმოერთეთ" და აი, უკვე მესამე სეზონს ატარებ ჩვენთან და შენს ტიტულების კოლექციას საქართველოს ჩემპიონობა და თასიც მიემატა...
- კარგად გავიგე ამ კითხვის შინაარსი: 10 წლის წინათ როგორც მიხაროდა ესპანეთის ჩემპიონობა თუ უეფას თასის მოგება, აი, ზუსტად ისეთივე განცდა მქონდა, "დინამოსთან" ერთად შარშან "დუბლი" რომ შევასრულე.
მე ფეხბურთელი ვარ და სადაც უნდა ვითამაშო, მუდამ გამარჯვებაზე ვფიქრობ; იცით, როგორ განვიცადე, შარშან "ჩიხურასთან" სუპერთასზე რომ დავმარცხდით? არ დავმალავ, ვიტირე კიდეც...
კიდევ ვიმეორებ, რომ ჩემთვის სულ ერთი არ არის, "დინამო" როგორ იასპარეზებს; თანაც, ძალიან კარგად ვიცი, რა ტრადიციის და ისტორიის მქონე გუნდში ვთამაშობ, სადაც, ძალიან, ძალიან კარგი ატმოსფეროა და ყველა ერთი ოჯახივით ვართ; და ეს ოჯახი მხოლოდ გუნდი კი არ არის, ამ წარმატებებში ყველას თავისი წვლილი შეაქვს, აი, თუგინდ იმ ხალხს, დიღმის ბაზაზე საჭმელს ვინც გვიმზადებს, მოედნებს ვინც უვლის და ასე შემდეგ.
- უცხოელი ფეხბურთელისგან, მით უფრო, ტიტულოვანისგან, ასეთი სიტყვების მოსმენა სასიამოვნოა! ახლა კი ეს გვაინტერესებს: ქართული სპორტული მედია ჩისკოს თამაშს როგორ აფასებს, ამის შესახებ ინფორმაცია გაქვს ხოლმე?
- ყველანაირი! ძალიან მიხარია, როცა მეუბნებიან, "ტურის სიმბოლურ ნაკრებში" ხარო; ისიც ძალიან გამიხარდა, წინა სეზონის მიხედვით, თქვენმა გაზეთმა საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად რომ დამასახელა; ეს ყველაფერი მსიამოვნებს, მაგრამ პირადი მიღწევები წინა პლანზე არასდროს დამიყენებია - ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ "დინამოსთან" ერთად მივაღწიო უფრო და უფრო მეტ გამარჯვებას. რომ არა ჩემი თანაგუნდელების მხარდაჭერა, მეც არ მექნებოდა ასეთი შედეგი.
უპრეტენზიო ჩისკო და სუპერბენიტესი
- ესპანურ მედიაზეც გკითხავ: იციან, რომ მათი თანამემამულე აგერ, უკვე მესამე წელიწადია, საქართველოს ჩემპიონატში ბრწყინავს?
- "მარკაში" ხშირად იწერება სხვა ქვეყნებში მოთამაშე ესპანელ ფეხბურთელებზე და ამ პოპულარული გამოცემიდან ხშირად მიკავშირდებიან ხოლმე (ისე, როგორც - ესპანური რადიოდან); ესპანელ ჟურნალისტებთან ხშირი კონტაქტიც მაქვს და მინდა ვთქვა, რომ თბილისის "დინამოს" შესახებ თითქმის ყველას სმენია - რა ტრადიციის და რა სახელის მქონე გუნდია!
- საქართველოში ჩამოსვლის მერე ჩისკო რომელ პოზიციაზე აღარ გვინახავს, მაგრამ თავად შენთვის ყველაზე ოპტიმალურად რომელ ამპლუას მიიჩნევ?
- საერთოდ, პრეტენზიული არა ვარ და მწვრთნელმა რომ მითხრას, კარში უნდა დადგეო, ეგ ამპლუაც უნდა "მოვსინჯო"; თუმცა, ჩემი ნება რომ იყოს, ჩისკოს გამოკვეთილ ფორვარდად დავაყენებდი!..
- რაც აქა ხარ, "დინამოს" არაერთხელ შეეცვალა მთავარი მწვრთნელი, თანაც, ყველა მწვრთნელი "საკუთარი" ტაქტიკური სქემებით მოდიოდა და ამ სამი წლის განმავლობაში რა განლაგებით აღარ უთამაშია გუნდს...
- სხვა ტაქტიკაზე "გადაწყობა" რთული არ არის, თანაც, უკვე "ბებერი" ვარ და იმდენი გამოცდილება დამიგროვდა, ადვილად ვეგუები ამა თუ იმ ახალი მწვრთნელის ტაქტიკურ იდეებს. ერთ მაგალითსაც მოვიყვან: ესპანეთში ასპარეზობის დროს, პირველი ტაიმის დამთავრების მერე გასახდელში ჩავდიოდით თუ არა, მწვრთნელებს უკვე დამუშავებული ჰქონდათ ყველა ის შესაძლო ტაქტიკური ცვლილება, რაც მეორე ტაიმში უნდა განხორციელებულიყო.
სხვათა შორის, მადრიდის "ატლეტიკოს" ამჟამინდელი მეორე მწვრთნელი ყველა მატჩის დროს "გუგლის" სათვალით ზის სათადარიგოთა სკამზე და ამ სათვალით ფიქსირდება კიდეც თითოეული ფეხბურთელის ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები... უშუალოდ თამაშის მსვლელობის დროს!
- სამწუხაროდ, ჩვენ "ცოტა" გვიკლია, მაგ დონემდე რომ მივიდეთ და რახან ესპანეთზე, მწვრთნელებსა და ტაქტიკაზე ვსაუბრობთ, ბარემ ყველაზე გამორჩეულ სპეციალისტზეც გკითხავ, ვისთანაც კი როდისმე გიმუშავია...
- ულაპარაკოდ, რაფა ბენიტესი! ძალიან მაღალი დონეა, ნამდვილი - Super! თამაშის დაწყებამდე თითოეულ ფეხბურთელს დეტალურად ისე უხსნის ყველაფერს, ისე მოამზადებს ფსიქოლოგიურად, ისე დამუხტავს, რომ მოედანზე გასული მხოლოდ იმაზე ფიქრობ, 100 პროცენტით დაიხარჯო!
თამაშის მსვლელობის დროსაც უპრობლემოდ შეუძლია გუნდის "გადაწყობა", უამრავი ტაქტიკური ვარიანტი აქვს დამუშავებული, რომელთა ათვისებაც ფეხბურთელებს არასდროს გვიჭირდა; თანაც, რაც ყველაზე მთავარია, ყველა ნიუანსს და... ყველას აზრს ითვალისწინებს: ფეხბურთელები იქნებიან, გულშემატკივრები თუ ... მედიის წარმომადგენლები!
- ბენიტესის მერე "ვალენსიაში" კლაუდიო რანიერი მოვიდა, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდმა უეფას თასი მოიგო. იმ სეზონში ფინალამდე თითქმის ყველა მატჩი ითამაშე, აი, გადამწყვეტ შეხვედრაში კი დიდიე დროგბასა და ფაბიენ ბარტეზის "მარსელთან" იტალიელი მწვრთნელი თავდასხმაში თანამემამულე ფორვარდებს ენდო...
- ჩვეულებრივ ამბად მივიღე და გულში წყენაც არ ჩამიდია; მით უმეტეს, რომ რანიერის გადაწყვეტილება, სადღაც, ლოგიკასთანაც ახლოს იყო: ორივე ფორვარდის, დი ვაიოსა და კორადის შეძენაში "ვალენსიას" ჯამში 20 მილიონი დოლარი ჰქონდა გადახდილი და ასეთ "ძვირ" შენაძენებს სკამზე ვინ დატოვებდა. თანაც, ვინმეს შეუძლია თქვას, რომ მარკო დი ვაიო დაბალი დონის ფორვარდი იყო?
- იმ მართლაც ვარსკვლავური "ვალენსიის" ფეხბურთელებთან დღესაც გაქვს ურთიერთობა?
- თითქმის ყველასთან. დღემდე ვმეგობრობ კურო ტურესთან და რუბენ ბარახასთან, რომლებიც "ვალენსიას" ასაკობრივ გუნდებს წვრთნიან; ასევე - მიგელ ანხელ ანგულოსთან, რომელიც "ვალენსიაში" ახალგაზრდული და ასაკობრივი გუნდების კურატორია.
ერთიც მინდა ვთქვა: ძლიერი მწვრთნელებიც გვყავდა, მაგრამ ასეთი წარმატებული ასპარეზობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ძალიან მეგობრული გუნდი გახლდათ! ამის გამოც მოხდა, რომ იმ პერიოდში ანგარიშგასაწევი ძალა ვიყავით და "რეალსა" თუ "ბარსელონას" ღირსეულ კონკურენციას ვუწევდით და ხშირად ვუგებდით კიდეც.
განსაკუთრებული ჩიხურა და საქართველოს ნაკრები
- ისევ საქართველოში "დავბრუნდეთ" და აქაურ სტადიონებზეც მინდა გკითხო...
- ჩემი შეხედულებით, გულშემატკივარი სტადიონზე იმიტომ მიდის, რომ სანახაობაც იხილოს და ტრიბუნაზე მყოფმა თავი კომფორტულადაც იგრძნოს.
სამწუხაროდ, დღესდღეობით საქართველოში ასეთი მხოლოდ 5-6 სტადიონია - თბილისში (ორი), ზესტაფონში, ქუთაისში, გორსა და რუსთავში. არადა, როცა უვარგის მოედნებზე თამაშობ, ვერც ფინტს გააკეთებ, ვერც - ზუსტ პასს და კარშიც ვერ დაარტყამ ხეირიანად.
არადა, ქართველებს საკმაოდ ბევრი ტექნიკური ფეხბურთელი გყავთ, მაგრამ უხარისხო მოედნებზე საკუთარ შესაძლებლობებს რომ ვერ ავლენენ, მათი ნიჭიც იკარგება...
- აქაურ მეტოქეებზეც გკითხავ და კონკრეტულად ერთ გუნდზე: "ჩიხურამ" ასეთი რა "დაგიშავა", თითქმის ყველა მატჩში ორ-ორი ან სამ-სამი გოლი რომ გაგაქვს ხოლმე?
- რას უნდა ვერჩოდე, პირიქით, მუდამ მსიამოვნებს ამ გუნდის და "ზესტაფონის" წინააღმდეგ თამაში!
იმიტომ, რომ ყველა დანარჩენი გუნდი ჩვენ წინააღმდეგ ლამის 10 ფეხბურთელით დაცვაშია "ჩამჯდარი", აი, "ჩიხურა" და "ზესტაფონი" კი ყოველთვის "გახსნილ" ფეხბურთს გვეთამაშებიან და მეც ამიტომ მაქვს, ალბათ, ასეთი "განსაკუთრებული" დამოკიდებულება. თუმცა საქართველოში არის ერთი გუნდი, რომლის წინააღმდეგაც განსაკუთრებული მოტივაციით ვთამაშობ...
- რომელი გუნდია და რატომ ასეთი მოტივაცია?
- რაც აქ ჩამოვედი, თითქმის ყველა გუნდის კარში მაქვს გოლი გატანილი, აი, გორის "დილასთან" კი ეს ჯერჯერობით ვერ მოვახერხე!
- დაბოლოს, საქართველოს ნაკრებზეც: ადრე განაცხადე, რომ დიდი სიამოვნებით ითამაშებდი ჩვენს უპირველეს გუნდში. ამჟამად რას ფიქრობ ამ თემასთან დაკავშირებით?
- დღესაც ამავე აზრის ვარ და თუ მიმიწვიეს, ათმაგად და ასმაგად მოტივირებული ვიქნები. თუმცა, კარგად მესმის, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემს სურვილზე არ არის დამოკიდებული - საქართველოს ნაკრებში ჩისკოს გამოძახება-არგამოძახება ერთადერთი ადამიანის, ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრეროგატივაა.
არადა, უზომოდ ბედნიერი ვიქნებოდი, რამეთუ აქაურობა ძალიან შემიყვარდა; სადაც კი გავიხედავ, ყველგან სითბოსა და სიყვარულს ვგრძნობ; ჩვენი საუბრის დასაწყისშიც აღვნიშნე, რომ ძალიან ვამაყობ ჩემი ქართული ტიტულებით თუ ინდივიდუალური მიღწევებით; თუმცა ბევრად უფრო ვიამაყებდი იმ ფაქტით, საქართველოს ნაკრების ისტორიაში პირველი უცხოელი ფეხბურთელი ჩისკო თუ იქნებოდა!..
დოსიე
ჩისკო
ფრანსისკო ხავიერ მუნიოს ლომპარტი
დაიბადა: 1980 წლის 5 სექტემბერს
ამპლუა: თავდამსხმელი, შემტევი ნახევარმცველი, გარემარბი
საკლუბო კარიერა
1999-2003 ვალენსია B 39 (15)
2000-01 უელვა 39 (10)
2001-02 ტენერიფე 28 (1)
2002-03 უელვა 23 (6)
2003-05 ვალენსია 44 (4)
2005-09 ბეტისი 73 (8)
2009-11 ლევანტე 54 (9)
2011- დინამო 80 (62)
სანაკრებო კარიერა
1998 ესპანეთი U17 3 (1)
1998-99 ესპანეთი U18 6 (2)
2000-01 ესპანეთი U21 8 (2)
P.S. ინტერვიუს მომზადებაში დახმარებისთვის მადლობას ვუხდით საფეხბურთო კლუბ თბილისის "დინამოს" თანამშრომელს, ირაკლი ბუხალს.
ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week" 28.04.2014
ავტორი : გია ტუხაშვილი