• Geo
  • Eng
14.02.2015
კახა გოგიჩაიშვილი: “გრძელი სათადარიგოთა სკამია საჭიროა, რადგან დაძაბული სეზონი გველის”

თბილისის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა კახა გოგიჩაიშვილმა “მსოფლიო სპორტთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე წრისთვის გუნდი ყველა რგოლში გაძლიერდა და ნაყოფიერად მოემზადა.

კახა გოგიჩაიშვილი: “ძალიან კარგ პირობებში ვემზადებოდით. ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ. 6 ამხანაგური მატჩი ჩავატარეთ და თავის გამოჩენის საშუალება ყველას მივეცით. ტრავმების გამო პაპუნაშვილი, შერგელაშვილი და ჩირგაძე სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობდნენ. კარგად მოვემზადეთ და ეს როგორც საქართველოს ჩემპიონატში, ასევე, თასზე ჩვენს თამაშზე აისახება”.

- ახალწვეულებით რამდენად კმაყოფილი ხართ?

- ახალწვეულების ვარჯიშითა და მომზადების დონით კმაყოფილი ვარ. ფეხბურთელები ყველა პოზიციაზე დავიმატეთ. გუნდში კონკურენცია უნდა იყოს და გრძელი სათადარიგოთა სკამია საჭიროა, რადგან დაძაბული სეზონის მეორე ნახევარი გველის. ჩემი აზრით, ახალწვეულები გაამართლებენ.

- “დინამომ” რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატა და გუნდს შეთამაშების პრობლემა ხომ არ ექნება?

- ეს პრობლემა იქნება და ამ მიმართულებით ვმუშაობთ. ამას გარკვეული დრო სჭირდება, მაგრამ შევეცდებით გუნდი მოკლე დროში შეთამაშდეს.

- გუნდის ერთ-ერთ ლიდერს გიორგი პაპუნაშვილს ზამთრის მოსამზადებელი პერიოდი ფაქტობრივად გაუცდა. სრული დატვირთვის ვარჯიშს როდის განაახლებს?

- პაპუნაშვილს ვარჯიშზე თითი მოტყდა და თაბაშირი ცოტა ხნის წინ მოიხსნა. ერთ კვირაში ინდივიდუალურად ვარჯიშს დაიწყებს. ალბათ, ორი-სამი კვირა დასჭირდება, გუნდთან ერთად სრული დატვირთვით რომ ივარჯიშოს.

- სლოვაკი ჰრდლიჩკას მოწვევით გუნდში მეკარის პრობლემა მოიხსნა?

- მიგინეიშვილის წასვლის მერე, მეკარის პრობლემა იყო. ჰრდლიჩკა ბოლოს უკრაინის ჩემპიონატში თამაშობდა და მჯერა, რომ თავს კარგად წარმოაჩენს.

- პირველ წრეში “დინამო” გამოკვეთილი ცენტრფორვარდის გარეშე თამაშობდა. ახლა კი, ამ პოზიციაზე ესპანელი მანუელ ონვუ იასპარეზებს...

- მანუელი ტიპური ცენტრფორვარდია, რომელსაც ესპანეთში მაღალ დონეზე უთამაშია. მან თავი კარგად წარმოაჩინა. ამოცანა გოლების გატანაა და გაიტანს კიდეც.

- “დინამოს” ორი ახალგაზრდა ფეხბურთელი – ოთარ კიტეიშვილი და ბექა მიქელთაძეც შეემატა...

- ორივე პერსპექტიული მოთამაშეა და საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობენ. ჩვენ ვცდილობთ ახალგაზრდები მოვიწვიოთ და როგორც კიტეიშვილი, აგრეთვე მიქელთაძე კარგი შენაძენია.

- სერბ სტეფან ბუკორაცს როგორ დაახასიათებთ?

- ბუკორაცი ტიპური ჩამშლელი ნახევარმცველია. ფიზიკური მომზადებით და ორთაბრძოლებში თამამად შესვლით გამოირჩევა. ასეთი ტიპის ნახევარმცველი არ გვყავდა და გამოგვადგება.

 

ლაშა თაბაგარი. 13.02.2015  

http://worldsport.ge/ge/page/112598_kaxa-gogichaishvili-grdzeli-satadarigota-skamia-sachiroa-radgan-dadzabuli-sezoni-gvelis

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024