საფეხბურთო კლუბი თბილისის „დინამოში“ მიმდინარე სეზონის დასაწყისში ახალი მთავარი მწვრთნელი კახი გოგიჩაიშვილი დაინიშნა. კახი აქტიური სკორტული კარიერის განმავლობაში „დინამოსა“ და პირველი ფორმაციის ეროვნული ნაკრების ლიდერი იყო. 2013-14 წლების სეზონში „დინამოს“ დუბლშემადგენლობას წვრთნიდა, რომელთან ერთადაც 2014 წლის ივლისში პრესტიჟული ახალგაზრდული ტურნირის, „რურის თასის“ მოგება შეძლო. ევროტურნირებზე ცუდად გამოსვლის შემდეგ „დინამოს“ ჩეხი თავკაცი მიხაელ ბილეკი და მასთან ერთად 10 ფეხბურთელი გუნდიდან წავიდა, გოგიჩაიშვილს გუნდის გაახალგაზრდავება დაევალა, რასაც თავი წარმატებით გაართვა და ზამთრის შესვენებაზე კლუბი პირველი ადგილით გავიდა. 2014 წლის 11 დეკემბერს „დინამომ“ მისი ხელმძღვანელობით პირველი ტროფეიც მოიპოვა, როდესაც გუნდმა საქართველოს სუპერთასის მოგება შეძლო. თბილისის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა პორტალ „კვირასთან“ განვლილ პირველ წრეზე და მომავლის მიზნებზე ისაუბრა.
- პირველ რიგში გილოცავთ სეზონის წარმატებულად დასრულებას, თავად როგორ შეაფასებდით პირველ წრეს?
- სეზონის დაწყების წინ „დინამო“ 10-მა წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა. პრაქტიკულად ახალი გუნდის მშენებლობა მოგვიწია, თუმცა იმ ლიდერებმა, ვინც გუნდში დარჩა და ახალგაზრდებმა, რომლებიც დავაწინაურეთ, კარგი სინთეზი შექმნეს, გუნდური სულისკვეთებით და ერთად დგომით არსებული შედეგის ჩვენება შევძელით. ვფიქრობ, პირველივე წრეში ჩვენს ლიდერობას ბევრი არ ელოდა. ასევე მოხარულები ვართ, რომ პირველი ტიტულის მოპოვებაც შევძელით და გულშემატკივრები სუპერთასით გავახარეთ. ეს ჯილდო ჩემთვისაც და ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის დამატებითი სტიმული და მოტივაცია იქნება.
- ჩემპიონატის სტარტზე თქვენმა გუნდმა მეტოქეებს ქულათა სოლიდური მარაგით გაასწრო, თუმცა პირველი წრის ბოლოსკენ ეს ფორა, მეორე ადგილზე მყოფი უახლოესი მდევრისთვის (გორის „დილა“) მინიმუმამდე შემცირდა. რამ გამოიწვია ეს?
– ვფიქრობ, ერთ დონეზე და ერთი ტემპით არცერთი გუნდი არ ატარებს სეზონს, თუმცა არასტაბილურობა მაინც ჩვენი ახალგაზრდული ასაკითა და გამოცდილების ნაკლებობითაა გამოწვეული. იმედია მეორე წრისთვის უფრო მეტად სტაბილურები ვიქნებით და პირველ წრეში დაშვებულ შეცდომებსაც გავითვალისწინებთ.
- სეზონის სტარტზე წასული ლიდერების გარდა, სუპერთასის მოგების შემდეგ, გუნდმა კიდევ ორი საკვანძო ფიგურა – კაპიტანი ჩისკო და ვიცე -კაპიტანი ძარია გაუშვა. რამდენად იმოქმედებს ეს დანაკლისი „დინამოზე“?
- ალბათ, ესეც ფეხბურთის წესია. ცხოვრება გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ, მართლაც, ჩვენი გუნდისთვის ორი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი გავუშვით, თავიანთი კლასისა და გამოცდილების გათვალისწინებით, იმედი გვაქვს, რომ მათ ღირსეულ შემცვლელებს მოვძებნით, იგივე ჩვენი ახალგაზრდების სახით.
- და ვინ იქნება ახალი „დინამოს“ კაპიტანი?
- ამ საკითხზე ჯერ არ გვისაუბრია, თუმცა ჩავატარებთ გუნდის საერთო კრებას და იქ დავასახელებთ ვინ უკაპიტნებს „დინამოს“. მე ჩემი კანდიდატი მყავს, თუმცა ჯერ ვერ დაგისახელებთ.
- კვლავ ჩემპიონატს მინდა დავუბრუნდე, განვლილი ერთი წრის შემდეგ რომელ გუნდს გამოყოფდით, ვის მიიჩნევთ უმთავრეს კონკურენტად და ვისთან თამაში გაგიჭირდათ ყველაზე მეტად?
- „დინამომ“ ყველა მეტოქესთან პირველ ნომრად ითამაშა და გაგვიჭირდას ვერ დავარქმევდი, იმ თამაშებსაც კი, რომლებიც წავაგეთ. ჩვენ ტერიტორიულ უპირატესობას ყველა თამაშში ვფლობდით, თუმცა ფეხბურთია, ხდება ისეც, რომ როდესაც შენ არ გიმართლებს და ვერ გაგაქვს, შეიძლება დამარცხდე კიდეც? ერთადერთი თამაში, რომელიც მთელმა გუნდმა ჩააგდო, გასვლაზე რუსთავის „მეტალურგთან“ იყო და შესაბამისი ანგარიშითაც წავაგეთ. გამოყოფით კი „სამტრედიას“ გამოვარჩევდი და, ვფიქრობ, საჩემპიონო დავაში მთავარი კონკურენტი ის გვეყოლება.
- როგორ ფიქრობთ, გაამართლა 16- გუნდიანმა ჩემპიონატმა?
- ვფიქრობ, გაამართლა, რადგან ყველა კლუბი ცდილობს, უბრძოლველად არცერთი თამაში არ დათმოს, განსაკუთრებით დიდია მოტივაცია „დინამოსთან“ თამაშში, რაც ერთგვარი ტრადიციაა და ჩვენთვის, სასარგებლოსთან ერთად, სასიამოვნოც. ყველა კლუბის მისამართით მხოლოდ საქებარი სიტყვები მინdა ვთქვა. ერთადერთი ნამდვილად პრობლემატურად რჩება სტადიონების ფაქტორი. ზოგ გუნდს საერთოდ არ აქვს მინდორი, ზოგიც კი ისეთ სტადიონzე გვხვდება, უმაღლეს ლიგას რომ ნამდვილად არ შეეფერება.
- აპირებთ თუ არა გაძლირებას მეორე წრისთვის და სად გეგმავთ მოსამზადებელი ეტაპის გავლას?
- ამჟამად ფეხბურთელები შვებულებაში გავუშვით, გუნდი 3 იანვრამდე დაისვენებს, შემდეგ კი ბაზაზე დავიწყებთ შეკრებას, იანვრის ბოლოს გავემგზავრებით თურქეთში, სადაც საკონტროლო ამხანაგურ შეხვედრებსაც ვგეგმავთ. უკვე დადგენილია, რომ რუმინული „სტიაუას“, ავსტრიული „შტურმისა“ და ჩეხური „სპარტას“ წინააღმდეგ ვითამაშებთ. ასევე ვფიქრობთ რამდენიმე მოთამაშის დამატებაზეც. შესაძლოა, ავიყვანოთ ლეგიონერებიც, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი გუნდს რეალურად სარგებელს მოუტანენ.
- კონკრეტულად რომელ სათამაშო რგოლში გსურთ გაძლიერება?
- გაძლიერებაზე, უარს არცერთი გუნდი არ ამბობს, ჩვენც სიამოვნებით გავაძლიერებდით ყველა ხაზს, თუმცა შეგახსენებთ, რომ ჩვენი სურვილია იმ ნიჭიერ ახალგაზრდებს მივცეთ უფრო მეტი შანსი და თვითრწმენა, ვინც გუნდშია.19-20 წლის ფეხბურთელებს უკვე შეუძლიათ თავიანთი სიტყვის თქმა და ჩვენ ამის საშუალებას მივცემთ. ასევე მინდა გითხრათ, რომ, როგორც იცით, „დინამო 2“-ი გაუქმდა, ეს გადაწყვეტილება სწორედ იმ გარემოებამ გამოიწვია, რომ ამ კლუბშიც ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშე იყო და გამორჩეულებს გვინდა მთავარ გუნდში გამოსვლის შანსი მივცეთ, სხვებს კი სხვა კლუბებში თავის გამოჩენის უფლება, რადგან მეორე ლიგაში მათი დაყოვნება, მხოლოდ მათ ზრდას აფერხებდა.
- რა იქნება გუნდის მთავარი მიზანი 2015 წელს?
- პირველ რიგში, ჩვენ ჩემპიონატში ლიდერობა უნდა განვიმტკიცოთ და გათამაშება პირველ ადგილზე დავასრულოთ, წარმატებით უნდა განვაგრძოთ გამოსვლა თასის გათამაშებაშიც და, რაც მთავარია, ევროსეზონის დაწყებამდე შევძლოთ ისეთი გუნდის შეკვრა, რომელიც გულშემატკივარს საერთაშორისო სარბიელზეც გაახარებს!
19.12.2014
http://kvira.ge/დინამო-ყოველთვის-მხოლო/