თბილისის დინამოს ფორვარდს გიორგი ქვილითაის გუშინ შევეხმიანეთ და აზერბაიჯანულ გაბალასთან განცდილი მარცხის გარდა, მოახლოებულ ეროვნულ ჩემპიონატზეც ვესაუბრეთ.
როგორი უსიამოვნოც უნდა იყოს, საუბარი გაბალასთან გავარდნით უნდა დავიწყოთ.
მეორე თამაშის შემდეგ ყველანი შოკში ვიყავით. თბილისში მეტოქეს ათი კაცით გავუტანეთ ორო გოლი და მოვუგეთ, გაბალაში კი შეხვედრა სულ სხვა სცენარით წარიმართა და, სამწუხაროდ, მატჩის მიწურულს მეტოქემ თავისი გაიტანა. ჩვენს მარცხში მნიშვნელოვანი როლი, ალბათ, იმანაც ითამაშა, რომ გამოუცდელი გუნდი ვართ, შემადგენლობის დიდი ნაწილი დინამოში ახალი მოსულია და ასე უცებ სასურველი შედეგის ვერ მიიღწევა. გაბალა კი, პირიქით, გამოცდილი, დაბალანსებული გუნდია, რომელიც უკვე წლებია, ერთი შემადგენლობით თამაშობს და ამიტომაც გვაჯობეს.
გაბალას შემდეგ ეტაპზე გასვლაში მნიშვნელოვანი როლი, ალბათ,იმანაც ითამაშა, რომ დინამომ ორივე შეხვედრა კაცნაკლულმა ჩაამთავრა.
ვიდრე აზერბაიჯანში ათი კაცით დავრჩებოდით, გაბალა პრაქტიკუალად ვერ ქმნიდა სახიფათო მომენტს, თოთაძის გაძევების შემდეგ კი იძულებულები ვიყავით, დაცვაში „ჩავმჯდარიყავით“ და ვეღარ გავძელით. მაგრამ ისე არ გამიგოთ, თითქოს წაგებას მსაჯობას ვაბრალებდე, არავითარ შემთხვევაში. უბრალოდ, ეს გაძევებები სერიოზულად აისახა თამაშის მიმდინარეობაზე და ამის თქმა მინდა.
როცა გაბალაში 0:0 იყო, გოლი გაიტანე, მაგრამ მსაჯმა ხელით თამაში დააფიქსირა.
სადავო ეპიზოდი იყო და მსაჯს უნდა გადაეწყვიტა, ჩათვლიდა თუ არა გოლს. რომ ჩაეთვალა, არა მგონია, მეტოქის ფეხბურთელებს დიდად გაეპროტესტებინათ, რადგან ბურთი მხარზე მხვდება და მხოლოდ მცირე ნაწილით ეხება ხელს.
გასაგებია, რომ გაბალას სერიოზული ბიუჯეტი აქვს და ფინანსურად მძლავრი გუნდია, მაგრამ დინამოს გულშემატკივრები ვერანაირად ვერ აღიქვამენ ლოგიკურად იმ ფაქტს, რომ დინამო გაბალასთან მარცხდებოდეს ორი მატჩის ჯამში.
ეს ლოგიკურიცაა, თბილისში მეტოქეს ათი კაცით ყველა კომპონენტში ვაჯობეთ და გაბალაში რომ მივდიოდით, ვერ წარმოვიდგენდით, რომ გავვარდებოდით. მაგრამ ახლა ვერაფერს შევცვლით, უბრალოდ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შემდგომში დინამოს ქომაგები ბევრჯერ გავახაროთ. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო`გლადიატორებს~, რომლებიც დიდი რისკის ფასად წამოვიდნენ გაბალაში და ბოლომდე გვერდში დაგვიდგნენ. რაც შეეხება დაფინანსებას, ცნობილი ამბავია, რომ აზერბაიჯანში მაღალი ანაზღაურებაა, მაგრამ ამის გამო არ წაგვიგია _ ჩვენ დინამოში მართლაც იდეალური პირობები გვაქვს და ამ მხრივ ყველაფერი ისეა, როგორც ევროპულ გუნდებშია.
წარუმატებელი ევროშედეგის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატზე გადმორთვა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით არ გაგიჭირდებათ?
გაბალასთან მარცხით ცხოვრება ხომ არ მთავრდება?! ჩვენ პროფესიონალი ფეხბურთელები ვართ და კარგად გვესმის, რომ ახლა ჩემპიონატში გვმართებს კონცენტრაცია, რათა დინამოს ჩემპიონის ტიტული დავუბრუნოთ, გარდა ამისა, თასის შენარჩუნებაც გვსურს და იმედია, დუბლს შევასრულებთ, მთავარი კი ისაა, რომ გეგმაზომიერად გაგრძელდეს ისეთი გუნდის მშენებლობა, რომელიც ევროპულ დონეზე იქნება კონკურენტუნარიანი. მჯერა, გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით და ამ შემადგენლობით ეს შესაძლებელი იქნება.
ახლახან გიორგი პაპუნაშვილი ბრემენის ვერდერში გადავიდა, ანუ ახლაც შესაძლებელი ყოფილა, რომ ფეხბურთელი საქართველოს ჩემპიონატიდან ბუნდესლიგის კლუბში მოხვდეს.
ამ ტრანსფერმა ყველა ძალიან გაგვახარა, რადგან გიორგი უნიჭიერესი ფეხბურთელი და კარგი ადამიანია. დარწმუნებული ვარ, თავის სათქმელს აუცილებლად იტყვის და ბუნდესლიგასაც მალე გაუშინაურდება, მისი ნიჭის პატრონმა დიდი ფეხბურთი უნდა ითამაშოს.
თქვი, რომ საქართველოს ჩემპიონობას ისახავთ მიზნად. მთავარ კონკურენტებად რომელ გუნდებს მიიჩნევ?
ჩემპიონატი რომ დაიწყება, მერე უკეთ გამოჩნდება, რომელ გუნდს რისი რესურსი აქვს. ახლა კი მთავარ კონკურენტად, ალბათ, გორის დილა უნდა მივიჩნიოთ. საკმაოდ ძლიერდება ქობულეთის შუქურა და ამ გუნდისგან მაღალი ადგილებისთვის ბრძოლას უნდა ველოდოთ.
დინამოში მოსამზადებელი ეტაპისას მიხვედი, ადაპტაცია სრულად გაიარე?
დიახ, აქ თავს უკვე ძალიან კომფორტულად ვგრძნობ, თანაც, უკვე ვთქვი, რომ დინამოში ყველა პირობაა საიმისოდ, რათა ფეხბურთელი სრულყოფილად მოემზადოს. გარდა ამისა, უმრავლესობას ასაკობრივი ნაკრებებიდან ვიცნობ, დანარჩენებთანაც მშვენიერი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა, მოკლედ, დინამო ჩემი გუნდია.
ამპლუით ფორვარდი ხარ და გოლის გატანა შენთვის უცხო არ არის. მაინც რამდენი გოლის გატანას გეგმავ ახალ სეზონში?
ამის წინასწარ თქმა გამორიცხულია, მაგრამ გვერდით ისეთი თანაგუნდელები მყავს, რომ კარგი პასები ნამდვილად არ მომაკლდება და რაც შემეძლება, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ დინამოს ჩემი გოლიებთაც დავეხმარო ტიტულის დაბრუნებაში.
საუბრის ბოლოს კი სუპერთასზე გვითდარი. 11 აგვისტოს ბარსელონა-სევილიას დაპირისპირება თბილისში გაიმართება.
მნიშვნელობა არ აქვს თუ რომელი გუნდის ქომაგი ხარ. სუპერთასის დონის შეხვედრა ნებისმიერი ქალაქისთვის უდიდესი დღესასწაულია. და არამარტო საფეხბურთო კუთხით, რადგან იმ დღეებში თბილისი მთელი ევროპის ყურადღების ქვეშ იქნება.
http://www.gff.ge/ka/News/Details/1760
პაატა ძნელაძე 30.07.15