გიორგი გველესიანთან ფეხბურთზე საუბარი ერთი სიამოვნებაა. ჩემი ჟურნალისტური კარიერის განმავლობაში არაერთი რესპონდენტი მყოლია, მაგრამ ასეთი იშვიათად - ეს 24 წლის ახალგაზრდა უზომოდ ერუდირებული, ფეხბურთზე შეყვარებული ადამიანია.
მასთან არაერთ თემაზე ვისაუბრეთ, ინტერვიუ კი "გაბალასთან" მარცხისშემდგომი პერიოდის შეფასებით დავიწყეთ...
- რა ხდება "დინამოში"? როგორ უმკლავდება გუნდი აზერბაიჯანულ კლუბთან განცდილი მარცხით გამოწვეულ იმედგაცრუებას? და საერთოდ, თქვენი აზრით, რამ გამოიწვია ეს მარცხი?
- ეს გამოიწვია რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობამ. ჩემი აზრი ასეთია - ქვეყნის ჩემპიონატის დონე პირდაპირპროპორციულად აისახება გუნდის საევროთასო ასპარეზობაზე. ამას რომ ვამბობ, ალბათ, სულაც არ ვარ ორიგინალური. გარდა ამისა, "დინამოში" ახალი სამწვრთნელო შტაბი მოვიდა. ამ შემთხვევაში დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
გარდა ამისა, კიდევ არის ერთი ფაქტორი, რომელზეც აუცილებლად უნდა გავამახვილო ყურადღება.
- რას გულისხმობთ?
- ვგულისხმობ იმას, რომ ორივე შეხვედრაში წითელი ბარათი მივიღეთ. პირველი მატჩიდან დავიწყოთ. 100 პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ჩემ შემთხვევაში უსამართლობა იყო წითელი ბარათი. ეს ვიგრძენი იმ წამსვე, როგორც კი ეპიზოდი მოხდა და მერე გამეორებაზე არაერთხელ ვნახე ეს მომენტი. საერთოდ არ ვეხები მოწინააღმდეგის ფეხბურთელს.
კი ბატონო, ჩემი მხრიდან იყო სახიფათო თამაში, მაგრამ ამ დროს ფეხბურთელი მაქსიმუმ ყვითელი ბარათით ისჯება. კონტაქტი არ ყოფილა და მსაჯს არ უნდა მიეღო ასეთი გადაწყვეტილება.
- საინტერესოა თქვენი აზრი ლაშა თოთაძის გაძევების ეპიზოდზე. აზერბაიჯანში გამართულ შეხვედრას ერთად ვუცქირეთ და, სიმართლე გითხრათ, შემექმნა შთაბეჭდილება, რომ მსაჯს შეეძლო, დინამოელი მინდვრიდან არ გაეძევებინა. ეს დავწერე კიდეც და კრიტიკის ზღვა მივიღე - ფეხბურთელებს ზედმეტად ეფერებითო... არადა, მართლა ასე მომეჩვენა ტრიბუნიდან...
- გეტყვით ჩემს აზრს. ორივე გაშლილი ფეხით წავიდა იმ ეპიზოდში ერთმანეთზე. მერე ლაშამ უხერხულად მიაყოლა ფეხი. მე ვიზიარებ თქვენს მოსაზრებას - მსაჯს თავისუფლად შეეძლო, მინდვრიდან არ გაეძევებინა თოთაძე, მაგრამ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო.
- ფაქტია, ყველა ქართულმა გუნდმა მიიღო წითელი ბარათი ევროპალიგის პირველი ეტაპის საპაუხო შეხვედრებში. ეს ტენდენცია ჩემპიონთა ლიგაზეც გაგრძელდა. ჩემი აზრით, ეს იმის ბრალიცაა, რომ საქართველოს ჩემპიონატში ძალიან ლმობიერად მსაჯობენ, ფეხბურთელებს ინდობენ...
- მოდით, ჯერ სხვა კუთხით შევხედოთ საკითხს. ევროპალიგის პირველი ეტაპის ორივე ტურში მსაჯებმა, თუ ზუსტად მახსოვს, 29 წითელი ბარათი ამოიღეს. რას ნიშნავს ეს? გამოდის, რომ საშუალოდ ყოველ მესამე შეხვედრაში იყო გაძევება. ეს დამაფიქრებელი ციფრია.
ჩემი აზრით, ევროპალიგის ამ ეტაპის დაწყების წინ მსაჯებმა მიიღეს კონკრეტული მითითება - რაც შეიძლება, მკაცრად განესაჯათ შეხვედრები და შედეგიც სახეზეა. ეს საერთო ტენდენციაა. რაც შეეხება თქვენ მიერ გამოთქმულ აზრს, ამაშიც შეიძლება იყოს ჭეშმარიტების მარცვალი. თავს ვერ დავდებ, მაგრამ ასე მახსოვს - "დინამომ" წინა სეზონი ისე ჩაამთავრა, რომ წითელი ბარათი არ მოუღია...
არ შემიძლია, ორიოდე სიტყვა არ ვთქვა გორის "დილას" საყრდენი ნახევარმცველის, გუგა ფალავანდიშვილის გაძევებაზე. იქ არც კონტაქტი ყოფილა და არც - განსაკუთრებული უხეშობა. ჩემი აზრით, მაქსიმუმი, რასაც იმსახურებდა ფალავანდიშვილი, ეს უბრალო ჯარიმა იყო და მეტი არაფერი.
- ფაქტია, შემდეგ ეტაპზე "გაბალა" გავიდა. მაინც, რითი გვაჯობეს აზერბაიჯანელებმა?
- მოდით, ჩვენი ანალიზი დავიწყოთ 2 ივლისს, თბილისში გამართული შეხვედრის გარჩევით. ჩემს აზრს ასე ჩამოვაყალიბებ - თამაში ძალიან კარგად დავიწყეთ. ბურთი გვქონდა, ვუტევდით, ვთამაშობდით პრესინგს... გვქონდა კარგი მომენტები. მოკლედ რომ ვთქვათ, პირველი 35 წუთი ძალიან კარგად ჩავატარეთ. მერე მეტოქე გამოფხიზლდა და მასაც ჰქონდა საგოლე შანსები. მერე მოხდა ჩემი ეპიზოდი... კაცნაკლულმა "დინამომ" მოწინააღმდეგე აშკარად დაჯაბნა. გავიტანეთ ორი ბურთი და, ჩემი აზრით, დამსახურებულად გავიმარჯვეთ.
ამას მოჰყვა საპასუხო შეხვედრა გაბალაში. პირდაპირ ვიტყვი: ჩვენ ვერ შევასრულეთ მწვრთნელის მითითებები და ამის გამო დავისაჯეთ. არსად ჩანდა სითამამე, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება, არ იყო იღბალი... საბოლოოდ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ...
ერთის თქმა ნამდვილად შემიძლია: ეს იყო კარგი და თანაც ძალიან მწარე გაკვეთილი ჩვენი ახალგაზრდული გუნდისთვის. დარწმუნებული ვარ ასევე, რომ ამ გაკვეთილიდან აუცილებლად იქნება გამოტანილი შესაბამისი დასკვნები.
- ცოტა ხნის წინ "დინამო" გია გეგუჩაძემ ჩაიბარა. რას იტყვით მის სამწვრთნელო მეთოდებზე, საქმისადმი მიდგომაზე?
- აქამდე, გია გეგუჩაძესთან ნამუშევარი არ მქონდა. მხოლოდ გადმოცემით ვიცოდი მის შესახებ. რა თქმა უნდა, დიდი ინტერესით ველოდი მისი მეთოდიკის გაცნობას. უნდა გითხრათ, რომ სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი. გეგუჩაძის მეთოდიკაში არ არსებობს ვარჯიში ვარჯიშისთვის. ყოველი წვრთნა კონკრეტული სათამაშო ელემენტის დახვეწას ემსახურება. გარდა ამისა, ის არის დიდებული მოტივატორი.
- ცალკე უნდა გკითხოთ ალექსანდრე იაშვილზე. რა როლი აქვს მას დღევანდელ "დინამოში"?
- ძალიან კარგია, ამ საკითხს რომ შეეხეთ და ეს კითხვა დამისვით. ეს ადამიანი ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის, მათ შორის ჩემთვისაც, სამაგალითოა არა მხოლოდ მინდორზე, არამედ ცხოვრების წესითაც. ნამდვილად განსაკუთრებული შემთხვევაა, რომ ამ ასაკში ფეხბურთელი ასე ვარჯიშობდეს, ამგვარი მონდომებით ეკიდებოდეს საქმეს. ჩვენ ერთად დავბრუნდით გაბალიდან და მე ვნახე მისი უდიდესი იმედგაცრუება. არ მინდა გადავაჭარბო, მაგრამ თითქმის დეპრესიაში იყო... ეს არის ადამიანი-მაგალითი.
ძალიან კარგია, რომ ჩვენს გუნდშია, ჩვენ გვერდითაა. მასთან ყოველდღიური ურთიერთობა ერთი სიამოვნებაა და ნებისმიერი ჩვენგანის პროფესიულ ზრდას უწყობს ხელს.
- გიორგი, ნებისმიერ ფეხბურთელს აქვს ოცნება. არც თქვენ იქნებით გამონაკლისი...
- 9 წელია, თბილისის "დინამოს" ერთგულად ვემსახურები. ამ კლუბში გავიარე ყველა საფეხური - აკადემია, დუბლები, პირველი გუნდი... მართლაც დიდი პასუხისმგებლობაა, იყო "დინამოს" წევრი. ამ სიტყვებს ბევრი ამბობს, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ყველა ბოლომდე ვერ აცნობიერებს. მე ასე ვიტყვი - უკეთეს ჩემპიონატში მოხვედრა მინდა და ეს სავსებით ბუნებრივად მიმაჩნია. უკეთეს გუნდს არ ვიტყვი, რადგან ჩემს წარმოდგენაში "დინამო" დიდი გუნდია ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. არ დავიწყებ ჩემპიონატების და გრანდების ჩამოთვლას. როგორღაც, ბავშვურად გამომივა...
კიდევ მაქვს ერთი საფეხბურთო ოცნება - მოვხვდე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. თავს არ ვზოგავ, ბევრს ვშრომობ და იმედია, ეს ოცნება მალე ამისრულდება. მე ცდას და მონდომებას არ დავაკლებ.
- რომელი გუნდის ქომაგი ხართ?
- ბავშვობიდან ვგულშემატკივრობ "მანჩესტერ იუნაიტედს" და უეინ რუნის.
- გადატვირთულ სპორტულ ცხოვრებაში როგორ პოულობთ დროს სწავლისთვის, ზოგადი განათლებისთვის?
- ძალიან საჭირბოროტო თემას შეეხეთ. განათლება და ფეხბურთელი - ჩემი აზრით, ეს ტევადი თემაა და მას ისეთივე ყურადღება უნდა მიექცეს, როგორიც სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. აქამდე მხოლოდ გაგებული მქონდა და ახლა უშუალოდ ალექსანდრე იაშვილისგან მოვისმინე, რომ უცხოეთში კლუბები დიდ ყურადღებას აქცევენ ფეხბურთელების განათლებას, რათა კარიერის დასრულების შემდეგ მათ ადაპტაცია არ გაუჭირდეთ, თავიანთი გზა და ადგილი იპოვონ ცხოვრებაში...
მე სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავაბარე. დავხურე ორი კურსი. მერე დრო აღარ მრჩებოდა სწავლისთვის და არ მინდოდა, მხოლოდ ფორმალურად მესწავლა. ავიღე აკადემიური, მერე კი თავის დანებება მომიხდა...
ცხოვრებაში რამდენიმე ჰობი მაქვს და მათ შორის ერთ-ერთი არის კითხვა. როცა დრო მაქვს, იმ წამსვე წიგნს ვკითხულობ. განათლება ნებისმიერ ადამიანს სჭირდება, ფეხბურთელი იქნება, თუ სხვა პროფესიის ადამიანი.
- ბოლოს "დინამოს" მიზნებზეც უნდა გკითხოთ...
- მოუთმენლად ველით საქართველოს ჩემპიონატის დაწყებას. მიზანს რაც შეეხება, ეს არის ჩემპიონობა და თასის მოგება - არ შეიძლება, "დინამოს" სხვა მიზნები ჰქონდეს.
http://www.sportall.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/chempionati/81040-giorgi-gvelesiani-es-iyo-kargi-da-thanac-dzalian-mtsare-gakvethili.html