გია გეგუჩაძე: შეიძლება, ბევრი შემედავოს, მაგრამ მე ასე ვფიქრობ...
თბილისის "დინამო" უდანაკარგოდ ლიდერობს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს. გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი შეუჩერებელია. "დინამოს" ბევრი გააქვს და აგერ, "ზუგდიდიც" დამაჯერებლად დაამარცხა ბოლო უქმეებზე.
ფაქტია, "დინამოს" წარმატების მთავარი შემოქმედი გეგუჩაძეა - მწვრთნელი, ვის ხელშიც საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ლაღად და თვალსასეიროდ თამაშობს...
"ლელო" დინამოელთა დამრიგებელს დაუკავშირდა და რამდენიმე საინტერესო საკითხზე გაესაუბრა...
- მოდით, თავდაპირველად შეაფასეთ "ზუგდიდთან" მოპოვებული გამარჯვება. როგორი შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე ამ შეხვედრამ?
- "ზუგდიდთან" თამაშზე შემიძლია ერთი რამ ვთქვა - ყოველთვის სასიამოვნოა, როცა წარმატებას ლაღი, სანახაობრივი თამაშით აღწევ. ჩვენს გარჯაში მოჩანს შემტევი თამაშის ფრაგმენტები, მოჩანს, მაგრამ ჯერ ჩვენ არ მივსულვართ იქამდე, რომ სისტემატურად ვაჩვენოთ ასეთი თამაში. სწორედ აქეთკენ მიდის "დინამო".
- ელოდით თუ არა, რომ ეროვნულ ჩემპიონატში 5 ტურის შემდეგ "დინამო" უდანაკარგო იქნებოდა?
- ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ეს გვინდოდა და სწორედ ეს იყო "დინამოს" მიზანი. კარგია, რომ ამ ეტაპზე შედეგი არის, მაგრამ ჩვენ არამც და არამც არ უნდა დავკმაყოფილდეთ მიღწეულით და უნდა გავაგრძელოთ სწრაფვა სრულყოფისკენ - შემტევი, ლაღი ფეხბურთისკენ, რაც ჩვენი გზაა.
- მომდევნო ტურში საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი გელით გორის "დილასთან". ისე ჩანს, რომ სწორედ გორული კლუბი იქნება თქვენი მთავარი კონკურენტი ჩემპიონობისთვის ბრძოლაში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს "დინამოსთვის" განსაკუთრებული თამაშია?
- მესმის, რომ დიდია ამ თამაშის მოლოდინი. ორივე გუნდი უპირატესობას ანიჭებს ღია, შემტევ ფეხბურთს. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია. თქმა არ უნდა იმასაც, რომ "დინამო" ყველაფერს გააკეთებს წარმატებისთვის, მაგრამ მე მაინც "მნიშვნელოვანს" ვუწოდებდი ამ თამაშს და არა - "გადამწყვეტს". საქართველოს ჩემპიონატის დასრულებამდე ჯერ კიდევ ძალიან ბევრია დარჩენილი და ჩემი მსჯელობა სწორედ ამ ფაქტს ეფუძნება.
ეს ჩვენი გუნდების მეორე შეხვედრა იქნება მიმდინარე სეზონში და მე შინაგანად მჯერა, რომ გულშემატკივარი საინტერესო და დაძაბულ შეხვედრას იხილავს, სადაც სანახაობა იქნება პირველ პლანზე.
- ცნობილია, რომ თქვენი გაწვრთნილი გუნდები შემტევ ფეხბურთს, ბურთის გათამაშებას, პასის ხარისხს ანიჭებენ უპირატესობას. საქართველოში ბევრი მოედანი არ არის, სადაც ასეთი ფეხბურთის თამაში შეიძლება. ეს პრობლემა არ აფერხებს "დინამოს"?
- მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთხელ შევეჩეხეთ ამ პრობლემას. ეს მოხდა მარტვილის "მერანთან" გასვლით შეხვედრაში. კარგი კითხვაა - აუცილებლად უნდა გამოსწორდეს ეს პრობლემა. არ დავმალავ, თქვენს კითხვაში დასმული პრობლემა ჩვენთვის დიდი თავსატეხია. მოგვიწევს ჩვენს გეგმებში კორექტივების შეტანა, გუნდის სათამაშო გეგმის გარკვეულწილად შეცვლა, რათა ანგარიში გავუწიოთ იმ რეალობას, რომელშიც დღეს ვართ.
- რას იტყვით "დინამოს" აკადემიაზე, რომელიც კლუბის განვითარების ქვაკუთხედია?
- ჩვენი კლუბის მომავლისთვის ეს არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. ჩემი აზრი ასეთია - "დინამოს" ძირითად ბირთვს, 75-80 პროცენტს, კლუბის აღზრდილები უნდა წარმოადგენდნენ. თქვენ იცით, რა პროცესებიც მიდიოდა აკადემიაში ამ ბოლო დროს. ჩვენ ვხედავთ იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც უახლოეს მომავალში უნდა გააძლიერონ "დინამო".
- ბატონო გია, ერთი აქტუალური კითხვაც - როგორ უნდა მოვახერხოთ და დავეწიოთ აზერბაიჯანსა თუ ყაზახეთს, რომელთა კლუბებიც ევროთასებზე წარმატებით თამაშობენ? ვიცით, ახლაც გჯერათ, რომ ქართული რესურსით ამის მიღწევა შესაძლებელია...
- მე დღესაც მტკიცედ მწამს, რომ ქართული რესურსით ეს შესაძლებელია. მჯერა, ქართულ გუნდებს შესწევთ ევროტურნირებზე, თუნდაც ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლის ძალა. ფული ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არა - გადამწყვეტი. შეიძლება, ბევრი შემედავოს, მაგრამ მე ასე ვფიქრობ. ეს არ არის უტოპია. უბრალოდ, საჭიროა სწორი მიდგომა, სწორი ორგანიზება, სწორი მენეჯმენტი...
ჩვენ, როცა ევროთასები კარს მოგვადგება, არ უნდა ვიყოთ მხოლოდ იღბლიანი წილისყრის იმედზე, რადგან ძალიან ხშირად ფორტუნა ბრმაა. ევროთასებზე ყოველთვის უნდა გამოვრიცხოთ შემთხვევითობა.
- ფაქტია, "დინამოს" სულ ცოტა დააკლდა "გაბალას" ბარიერის დაძლევამდე, აზერბაიჯანული კლუბი კი ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშობს...
- კი, მართლაც ცოტა დაგვაკლდა, თუმცა ფაქტია, რომ ჩვენ ვერ ვიქნებით კმაყოფილი იმ შედეგით, რომელიც "დინამომ" აჩვენა ევროთასებზე.
- დაბოლოს, გვინდა გთხოვოთ საქართველოს ეროვნული ნაკრების ბოლო ორი მატჩის შეფასება...
- ჩემი შთაბეჭდილება ძალიან დადებითია. გუნდი ცდილობს შემტევი ფეხბურთის თამაშს, ისწრაფვის ამისკენ და კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ შეტევა ჩვენი გზაა. ტენდენცია მოჩანს და ამ გზას უნდა მივყვეთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო" ალეკო კაკაურიძე
http://www.sportall.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/chempionati/83211-gia-geguchadze-sheidzleba-bevri-shemedavos-magram-me-ase-vfiqrob.html