• Geo
  • Eng
10.12.2015
ალექსანდრე იაშვილი: მინდა, თავაწეული წავიდე!

38 წლის ალექსანდრე იაშვილი დღეს შეუცვლელი ფეხბურთელია თბილისის "დინამოსთვის". საქართველოს ჩემპიონატში საცქერი თუ რამაა, ეს "იაშკას" დახვეწილი თამაშია.

ის ამ ზაფხულს ბუცებს ლურსმანზე ჩამოჰკიდებს და ვალმოხდილი დაასრულებს კარიერას. ის არ მოიქცა რიგითი ფეხბურთელივით და ევროპულ სტადიონებს ნაჩვევმა, ბოლოს ისევ სამშობლოს მოაშურა...

ალექსანდრე იაშვილი ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლისთვის უკვე აღმასკომის წევრის რანგშიც ზრუნავს. მოკლედ, მასთან სალაპარაკო საკმარისზე მეტი დაგროვდა...

ეს ინტერვიუ გუშინ შედგა.
 

დინამო და ეროვნული ჩემპიონატი

- თბილისის "დინამო" ეროვნულ ჩემპიონატს ლიდერობს და საქართველოს თასზეც დამაჯერებლად გამოდის. როგორი იყო თქვენთვის სეზონის პირველი ნახევარი?
- ჩემთვის სეზონის შეფასების მთავარი კრიტერიუმია, თუ რა შედეგი აქვს გუნდს, როგორ თამაშობს ის... სეზონის დაწყების წინ ჩვენ 3 ტიტულის მოპოვება, ანუ ტრიპლეტის შესრულება დავისახეთ მიზნად. როგორც იცით, თბილისის "დინამომ" მოიგო საქართველოს სუპერთასი და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩემპიონატში ვლიდერობთ. საშემოდგომო ნაწილის დასრულებამდე დარჩენილია ძალიან მნიშვნელოვანი გასვლითი მატჩი ქობულეთის "შუქურასთან". რაც შეეხება თასის გათამაშებას, "ტორპედოსთან" გვაქვს ასევე ძალიან საპასუხისმგებლო შეხვედრა...

ამ დროისთვის, მხოლოდ და მხოლოდ დადებითად შევაფასებ სეზონის პირველ ნაწილს, თუმცა აქვე იმასაც ვიტყვი, რომ მთელი ყურადღებითა და სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ ორ დარჩენილ შეხვედრას.

- საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს უკვე კარგა ხანია, დაუბრუნდით. რა გაძლევთ იმედს და რამ გაგიცრუათ იმედი?
- პირველ რიგში, დამაფიქრებელია ქართული ფეხბურთის ინფრასტრუქტურის მდგომარეობა. ბევრ გუნდს ისეთ პირობებში უწევს მომზადება და სათამაშოდ ისეთ მოედნებზე გასვლა, აქ რომელ პროგრესზე შეიძლება იყოს ლაპარაკი?! მაგრამ იმედს მაძლევს თუნდაც ის, რა პირობებიცაა თბილისის "დინამოში". ძალიან ნიჭიერი, პროფესიონალი თაობა მოდის. ამ ბიჭებთან ერთად რომ ვვარჯიშობ და ვხედავ მათ მონდომებას, ძალიან მიხარია. მჯერა, ეს ახალგაზრდა ფეხბურთელები ბოლომდე იტყვიან სათქმელს. ისინი ჯერ თავიანთ კლუბს გამოადგებიან, მერე კი მიაღწევენ მთავარ მიზანს თავიანთ კარიერაში - სასარგებლო ფეხბურთელები გახდებიან საქართველოს ნაკრებისთვის...

ყოველდღე მივდივარ ბაზაზე და ვგრძნობ უდიდეს სიამოვნებას ამ ბიჭებთან ერთად ვარჯიშით, სამწვრთნელო შტაბთან მუშაობით, რომელიც საქმის ცოდნითა და დისციპლინითაა გამორჩეული.

- მაშ, მიგაჩნიათ, რომ "დინამოს", ან ზოგადად ქართულ ფეხბურთს, მომავალი აქვს?
- აქვს, ნამდვილად აქვს. "დინამოს" რაც შეეხება - აკადემია, დუბლები... ჩვენთან ხალხს უზომოდ უყვარს ფეხბურთი....



რატომ ვარ აღმასკომში

- ახლახან ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრად აგირჩიეს. ხომ არ გიჭირთ ამ მისიის შეთავსება მოქმედი ფეხბურთელის ტვირთთან?
- გაჭირვებით არ მიჭირს... პირველ რიგში, ძალიან სასიამოვნოა აღმასკომის წევრობა. ამავე დროს, უდიდეს პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ. აღმასკომში იმიტომ ვარ, რომ ქართულ ფეხბურთს გამოვადგე, სულ ცოტა რამ მაინც გავაკეთო... სხვათა შორის, აღმასკომში ჩემს ყოფნას უეფას წარმომადგენელიც მიესალმა. ამან ძალიან გამახარა და ძალა შემმატა...

საქართველოში პირველი მოქმედი ფეხბურთელი ვარ, ვინც აღმასკომის წევრი გახდა. დავინტერესდი და შევიტყვე, რომ მსოფლიოშიც ყოფილა ანალოგიური მაგალითები, ჩვენთან კი პირველად მოხდა...

- რა იქნება თქვენთვის, როგორც აღმასკომის წევრისთვის, პრიორიტეტი?
- ლევან კობიაშვილმა უკვე განსაზღვრა პრიორიტეტები - ესაა ბავშვთა ფეხბურთი და ინფრასტრუქტურა. ვეთანხმები ამ მოსაზრებას. ინფრასტრუქტურის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია - გუნდს ელემენტარული პირობა თუ არ აქვს, წარმატებას როგორ, რა გზით მიაღწევს?

- როგორც აღმასკომის წევრს, ეროვნულ ჩემპიონატზე გკითხავთ. სახელმწიფოს თანადგომის გარეშე მისი შველა, ალბათ, წარმოუდგენელია. თქვენც ასე ფიქრობთ?
- სახელმწიფოსთან ამ თემაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და მჯერა, უკეთესი ჩემპიონატი გვექნება.

- ხალხი როგორ უნდა დავუბრუნოთ ქართულ სტადიონებს?
- პირველ რიგში, ქართულმა ფეხბურთმა უნდა დაიბრუნოს ის ნდობა, რომელიც დაკარგა. დაკარგა თუნდაც ბოლოდროინდელი წარუმატებლობების ფონზე... ამას ემატება ჩემპიონატის საერთო დონე და ინფრასტრუქტურული პრობლემები. რად უნდა თქმა, რომ კომფორტულ გარემოში უფრო მეტი ხალხი მოვა თამაშების სანახავად. დღეს მაყურებელი, ძირითადად, რეგიონებში დადის თამაშებზე. თავად ვითამაშე "სამტრედიაში" და ვიცი, როგორ ელოდებოდა ხალხი ამ გუნდის თამაშს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხალხი მატჩის მოლოდინით ცხოვრობდა.

- თქვენი აზრით, რამდენგუნდიანი ჩემპიონატია ოპტიმალური საქართველოსთვის?
- მოდით, ასე ვთქვათ: ჩემი აზრით, უპრიანია, საქართველოს ჩემპიონატში ითამაშოს იმდენმა გუნდმა, რამდენიც მზად იქნება ამისთვის, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სხვა კრიტერიუმებით.



გერმანიაში დამნაშავე მოკვეთეს...

- ვთქვათ ბოლო დროს ქართულ ფეხბურთში მომრავლებულ საეჭვო მატჩებზეც. რამდენიმე დღის წინათ, ერთი სარისკო თამაში ლევან კობიაშვილმა პირადად გადადო. ფაქტია, პრეზიდენტი ყველგან ვერ ჩავა. საინტერესოა, თუ იცით მსგავსი ფაქტების შესახებ თქვენი გერმანული წარსულიდან? და საერთოდ, როგორ უნდა ვებრძოლოთ ამ სენს?
- ეს მხოლოდ ჩვენი ტკივილი არ არის, მთელი მსოფლიოს პრობლემაა. გამოსავალი კი ისაა, რომ ყველა ერთად დავდგეთ: ფეხბურთელი, მწვრთნელი, მსაჯი, ქომაგი... გერმანიაში ამ რამდენიმე წლის წინათ მოხდა ასეთი ფაქტი. გარიგებაში დამნაშავე მსაჯი და ფეხბურთელები მოიკვეთნენ ფეხბურთიდან, თან ფინანსური სანქციებიც დაეკისრათ.



ძალიან მომეწონა ცხადაძის მესიჯი...

- როგორ შეაფასებთ 2015 წელს საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის?
- გერმანიასთან თამაშია ჩემთვის ამოსავალი წერტილი. რა თქმა უნდა, წაგების მერე არ უნდა იყო კმაყოფილი, მაგრამ ჩვენ ძალიან დაგვწყდა გული ლაიპციგში განცდილი მარცხის გამო.

არ დავმალავ, ძალიან მომეწონა კახა ცხადაძის მესიჯი შოტლანდიასთან მოგებული მატჩის შემდეგ - საქართველოს ნაკრები უნდა იყოს გუნდი, რომელიც ერთ, თუნდაც ხმაურიან მოგებას არ დასჯერდება და სტაბილურად გაიმარჯვებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი იყო ფეხბურთელების მიმართ და მჯერა, ბიჭები ბოლომდე გაითვალისწინებენ მის არსს...

როგორც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისთვის, ისე ჩემთვისაც ძალიან გულდასაწყვეტი იყო ესტონეთთან 0:3 მარცხი, მაგრამ იმისაც მჯერა, რომ ნაკრების სამწვრთნელო შტაბი და თვითონ ფეხბურთელები შესაბამის დასკვნებს გამოიტანენ ტალინში მომხდარიდან.

- როგორ ფიქრობთ, უპრიანია, ყველა ასაკობრივმა ნაკრებმა ეროვნული გუნდის მსგავსი ტაქტიკური სქემით ითამაშოს?
- ჩემი აზრით, უპრიანია, ასაკობრივ ნაკრებებში ფეხბურთელმა იმავე სქემით ითამაშოს, რაც მას ეროვნულ გუნდში დახვდება, თუმცა აქ არის ერთი მომენტი. შეიძლება, მეტოქისგან გამომდინარე, ეს სქემა ცალკეულ მატჩებში შეიცვალოს. და კიდევ - მწვრთნელს ყოველთვის უნდა ჰქონდეს იმპროვიზაციის საშუალება.



ზაფხულის ოცნება

- საბოლოოდ გადაწყვიტეთ სეზონის ბოლოს აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულება? აღმასკომის წევრობის გარდა, სხვა რამეზეც ხომ არ ფიქრობთ? მაგალითად - მწვრთნელობაზე?
- მწვრთნელობაზე ნამდვილად არ ვფიქრობ. ჩემი ოცნებაა, მომავალ ზაფხულს, როცა კარიერას დავასრულებ, თავაწეული წავიდე დიდი ფეხბურთიდან. მოვიგო საქართველოს ჩემპიონატის ოქროს მედლები და საქართველოს თასი. ბედნიერი ვარ, თბილისის "დინამოში" რომ ვთამაშობ, ჩემს საყვარელ გუნდში, რომელმაც ყველაფერი მომცა....

http://www.sportall.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/chempionati/86020-aleqsandre-iashvili-minda-thavatseuli-tsavide.html

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024