• Geo
  • Eng
04.03.2016
გიორგი ქვილითაია: დამიჯერეთ, ამაზე გასახდელშიც კი არ ყოფილა ლაპარაკი

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას 15 გოლით 22 წლის შემტევი გიორგი ქვილითაია ლიდერობს. თბილისის "დინამოს" თავდამსხმელის პროგრესი თვალსაჩინოა და ვფიქრობთ, შორს აღარ არის ის დრო, როცა ის ქვეყნის მთავარი გუნდის კარსაც შეაღებს.

ქვილითაიამ ადრევე მიიქცია ქომაგთა ყურადღება. ადრეულ ასაკში ითამაშა უნგრეთის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბ "დიორი ეტოში", დღეს კი "დინამოს" ერთ-ერთი ლიდერია.

ქართული გრანდის აწმყო, ჩვენი ფეხბურთის დღევანდელობა და პერსპექტივა... ქვილითაიას სწორედ ამ თემებზე ველაპარაკეთ...

- სამი მატჩი და სამი გამარჯვება - "დინამომ" საქართველოს ჩემპიონატი უდანაკარგოდ განაახლა. პრინციპში, თურქული შეკრებიდან გამომდინარე, ეს მოსალოდნელიც იყო...
- ძალიან ნაყოფიერი შეკრება გვქონდა თურქეთში. ერთის გარდა, ყველა შეხვედრა მოვიგეთ. არადა, ძლიერი, გამოცდილი მოწინააღმდეგეები გვყავდა. საქართველოს ჩემპიონატი რომ განახლდა, პირველ ორ შეხვედრაში შედარებით გაგვიჭირდა. ოფიციალური თამაში მაინც სხვაა.

რაც შეეხება ბოლო ტურის მატჩს "საბურთალოსთან", ვერ ვიტყვი, რომ იოლად მოვიგეთ, "საბურთალო" კარგი გუნდია. ამის მიუხედავად, ყველა დამეთანხმება, რომ თამაშის ხარისხი უკეთესი იყო. პირველ ორ შეხვედრას ვაგებდით და გამარჯვება მოვახერხეთ. ეს გუნდის ერთსულოვნებაზე მეტყველებს...

სანამ მეორე წრე დაიწყებოდა, გორის "დილას" მხოლოდ 5 ქულით ვუსწრებდით, ახლა სხვაობა 10 ქულაა. შეიძლება ითქვას, რომ ჩემპიონობისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგით.

- რას იტყვით "დინამოს" ახალ მთავარ მწვრთნელზე? როგორია იურაი იარაბეკის საფეხბურთო ფილოსოფია?
- ძალიან თბილი და დადებითი პიროვნებაა, კარგი იუმორი აქვს, ფეხბურთელებთან ძალიან უშუალოა... გია გეგუჩაძე როგორ სათამაშო სტილსაც მისდევდა, ყველამ ვიცით, იარაბეკს არ შეუცვლია ეს სტილი. აქცენტი კეთდება შემტევ ფეხბურთზე, ბურთის ფლობაზე... სლოვაკი სპეციალისტი ჩვენგან აგრესიულ ფეხბურთს ითხოვს.

- "დინამო" 10 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ "დილას". ქვეცნობიერად მაინც, ხომ არ მიგაჩნიათ, რომ უკვე ჩემპიონები ხართ?
- მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გუნდის 70 პროცენტს ახალგაზრდა ფეხბურთელები შეადგენენ, დამიჯერეთ, ამაზე გასახდელშიც კი არ ყოფილა ლაპარაკი. ჯერ არ ვართ ჩემპიონები, საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ.

- სეზონის განახლებამდე "დინამომ" ესპანელი მიკელ ალვარო და საქართველოს ნაკრების სამი ფეხბურთელი - ალეკო ამისულაშვილი, ნიკა გელაშვილი და უჩა ლობჟანიძე დაიმატა. თქვენთვის, როგორც ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის, სასიამოვნო უნდა იყოს ასეთ გამოცდილ მოთამაშეებთან ერთად მინდორზე ყოფნა...
- ხომ ამდენი მნიშვნელოვანი მატჩი აქვთ ნათამაშები და ამხელა გამოცდილება აქვთ? მაინც ყველა სავარჯიშო თუ სათამაშო ეპიზოდს უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებიან და ეს არის სწორედ მაღალი პროფესიონალიზმი. რა თქმა უნდა, მათი მოსვლით "დინამო" მნიშვნელოვნად გაძლიერდა. ამაზე ორი აზრი არ არსებობს.

- ცოტა ხნის წინ "ლელოში" თბილისის "დინამოს" პრეზიდენტის, რომან ფიფიას ინტერვიუ დაიბეჭდა. მისი თქმით, "დინამო" მზადაა, ჩემპიონთა ან ევროპის ლიგის ჯგუფში შესასვლელად. ამ მოსაზრებას თქვენც იზიარებთ?
- ვიზიარებ. თურქულ შეკრებაზე ჩვენ ისეთ გუნდებს ვეთამაშეთ, რომელთათვისაც ევროთასებზე წარმატებით თამაში

უცხო არ არის. მეორეც - "დინამოში" ყველანაირი პირობაა და მეტიც კი კეთდება იმისთვის, რომ ევროთასებზე კარგი შედეგი ვაჩვენოთ.

- თქვენ არაერთხელ გითქვამთ, რომ გოლის გატანაზე არანაკლებ სიამოვნებას კარგი პასის გაკეთება განიჭებთ. და მაინც, ბომბარდირთა დავაში ლიდერი ხართ და არ შეიძლება, ჩემპიონატის უპირველესი მეგოლის ტიტულზე არ ფიქრობდეთ...
- არ ვარ ეგოისტი ფეხბურთელი, თუმცა თავდამსხმელი გოლით ფასდება და ეს გოლები, ჯერჯერობით, გამაქვს. ჩემპიონატში 15 ბურთი გავიტანე, თასზე - 3. მგონი, არ არის ურიგო შედეგი. ჩემთვის წინა პლანზე ყოველთვის გუნდის წარმატება დგას, მაგრამ არ დავმალავ - დიახ, ბომბარდირობაზეც ვფიქრობ.

- ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამაზეც ვთქვათ. თქვენ უნგრეთის უმაღლეს ლიგაში სულ ახალგაზრდამ ითამაშეთ. როგორ ფიქრობთ - თუ ყველაფერი კარგად გაკეთდა, თუ პროდუქტი ნორმალურად შეიფუთა, შეგვიძლია თუნდაც უნგრეთის დონის პირველობის ჩატარება?
- ვერ ვიტყვი, რომ უნგრელები ჩვენზე ნიჭიერები არიან. უბრალოდ, თქვენი თქმის არ იყოს, იქ მართლაც კარგადაა შეფუთული ყველაფერი, თუნდაც - გუნდების წინასამატჩო სამზადისი, რომ არაფერი ვთქვათ უშუალოდ მატჩების გაშუქებაზე.

არ მინდა, ვინმეს გული დაწყდეს, მაგრამ საქართველოში ზოგჯერ ისეთ სტადიონებზე გვიწევს თამაში, თავს ფეხბურთელად ვერ იგრძნობ.

- თუ არის რომელიმე კომპონენტი, რომლის გამოსწორებაზეც განსაკუთრებული მონდომებით მუშაობთ?
- ნაკლი ბევრი მაქვს. ახლა ყველაზე მეტად სისხარტეზე ვმუშაობ. ბავშვობაში ეს მქონდა, მაგრამ უცებ გავიზარდე და ეს თვისება დავკარგე.

- დაბოლოს, საქართველოს ნაკრებზეც გკითხავთ. არ შეიძლება, ეროვნულ გუნდში მოხვედრის ჯანსაღი ამბიცია არ გქონდეთ...
- 6 წლის ვიყავი, როცა ფეხბურთის თამაში დავიწყე და მას შემდეგ ეს ჩემი ოცნებაა. აქამდე არ მომეცა შანსი და ვფიქრობ იმიტომაც, რომ არ ვიყავი მზად. თუ მწვრთნელი ჩათვლის საჭიროდ, საქართველოსთვის ბოლომდე დავიხარჯები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

http://www.sportall.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/chempionati/89171-giorgi-qvilithaia-damijereth-amaze-gasakhdelshic-ki-ar-yofila-laparaki.html

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024