• Geo
  • Eng
23.02.2016
"არ ივარგებს, ბიზნესმენმა 500 ათასი თავისი დახარჯოს და 2 მლნ - სახელმწიფოსი"

თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ "ლელოს" დიღმის საწვრთნელ ბაზაზე უმასპინძლა. ბოლო დროს ჩვენს ფეხბურთში არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. თუნდაც, ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაცია ავიღოთ, რომელმაც ჩვენს მიძინებულ ოპტიმიზმს ახალი სული შთაბერა.

საინტერესო ამბებია "დინამოში". გუნდს ჰყავს ახალი მთავარი მწვრთნელი - სლოვაკი იურაი იარაბეკი, ვინც ამ პოსტზე გია გეგუჩაძე შეცვალა. გარდა ამისა, გუნდში არიან ახალწვეულები... ცხადია, ქართული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანი ევროთასებზე კარგი შედეგის მისაღწევად ემზადება.

ვფიქრობთ, ყოველივე ამის გათვალისწინებით, "დინამოს" პირველკაცთან ინტერვიუ, რომელიც სხვადასხვა მნიშვნელოვან თემას მოიცავს, ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს...

- ბატონო რომან, თავდაპირველად, ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამაზე გკითხავთ. საინტერესოა თქვენი აზრი ამ პროექტის თაობაზე...
- ჩემი აზრი ასეთია - ჩვენ, ყველა, ვართ ისტორიული ფაქტის მომსწრენი. მე ამას შევადარებდი რევოლუციას. სწორედ ამისთვის ვიბრძოდით თუნდაც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ბოლო არჩევნებზე.

მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროგრამის შედგენაში მიიღო მონაწილეობა. მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, ვინც მხარი დაუჭირა ამ მოდელს, სპორტის მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს თავის გუნდთან ერთად...

ეს პროგრამა სტიმულია ყველასთვის - ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის, გულშემატკივრებისთვის, იმ ბიზნესმენებისთვის, ვინც ქართულ ფეხბურთში ფულს ვდებთ... ძალიან მასშტაბური პროგრამაა. არ დარჩენილა არცერთი სფერო ყურადღების მიღმა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყურადღება ექცევა ისეთ ნიუანსებსაც კი, რომლებიც, ერთი შეხედვით, უმნიშვნელოა, არადა, ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც - სტადიონების მოვლა, უსაფრთხოების ამბები... მოკლედ, ამ პროგრამაში ყველაფერია ჩადებული და გათვალისწინებული.

- საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა მალე 10-გუნდიანი გახდება. ეთანხმებით ამ ფორმატს?
- რა თქმა უნდა?! თქვენ გახსოვთ, რამდენი ხანია ვამბობთ ამას, რამდენი ხანია ამისთვის ვიბრძვით... სისტემა ისეთია, რომ ყველა მატჩი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. დარწმუნებული ვარ, 10-გუნდიანი პირველობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სათამაშო დონის ამაღლებას და იმისაც მჯერა, რომ საქართველოს ჩემპიონატი საინტერესო გახდება სპონსორებისთვის. ეს ყველაფერი კი მოგვცემს იმას, რომ უფრო ძლიერი ნაკრები გვეყოლება.

- გაზაფხული-შემოდგომის სისტემაზე გადავდივართ. ამაზე რა აზრის ხართ? ეს სისტემაც მისაღებია თქვენთვის?
- ჩვენთვის მისაღები სისტემაა. ჩემი აზრით, ეს ქართულ კლუბებს დაეხმარება იმაში, რომ ევროტურნირებს უკეთ მომზადებულები შეხვდნენ. გარდა ამისა, საქართველოში არსებულ ბუნებრივ პირობებზეც მეტადაა მორგებული.

- ამ პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ, რიგითი ბიზნესმენი რომ იყოთ, ქართულ ფეხბურთში ფულს ჩადებდით?
- თუ გიყვარს ფეხბურთი და გაქვს შემოსავალი, რა თქმა უნდა, გაგიჩნდება იმის სურვილი, რომ ქართულ ფეხბურთში ფული ჩადო.

მინდა, თქვენი ყურადღება გავამახვილო ერთ მნიშვნელოვან მომენტზე: არ ივარგებს, ბიზნესმენმა 500 ათასი თავისი დახარჯოს და 2 მილიონი - სახელმწიფოსი. რაც უფრო მეტი ქართულ ფეხბურთზე შეყვარებული ბიზნესმენი გამოჩნდება, მით უკეთესი. ზოგიერთ ჩემს კოლეგას მიაჩნია, რომ მისი კლუბისთვის უკეთესია, თუ სუსტი ჩემპიონატი გვექნება. არამც და არამც! ასეთი მიდგომა არ არის მართებული.

აი, "დინამო" ავიღოთ. ძალიან მინდა, ჩვენს გუნდს რაც შეიძლება ბევრი ძლიერი მეტოქე ჰყავდეს. განვითარების საუკეთესო საშუალება ხომ დიდი კონკურენციაა. ჩვენ გვქონდა ნაყოფიერი თურქული შეკრება, ვითამაშეთ საკონტროლო შეხვედრები... ხომ უნდა ვიფიქროთ იმაზეც, რა გვხვდება, როცა საქართველოში ჩამოვდივართ?

- ცოტა ხნის წინათ, თქვენ ფორსმაჟორულ სიტუაციაში მოგიხდათ გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის, იურაი იარაბეკის დანიშვნა. შეკრებაზე გუნდმა კარგი შედეგი აჩვენა. ეს სასიამოვნო იყო იმის მიუხედავად, რომ საკონტროლო შეხვედრებში შედეგები გადამწყვეტი არ არის. რა აზრის ხართ სლოვაკ მწვრთნელზე?
- იურაი იარაბეკი მუშაობს იმ მიზნების მისაღწევად, რომელიც მას ჩვენ დავუსახეთ. ჩემი შინაგანი განცდა ასეთია - "დინამომ" უნდა ითამაშოს ჩემპიონთა ლიგის ან ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. ყველამ იცის "დინამოში", მათ შორის - იარაბეკმაც, რომ ეს მიზანია დასახული. საქართველოს ჩემპიონატი, მისი ყველა მატჩი, ჩვენ ამისთვის უნდა გამოვიყენოთ.

ვაპირებთ, თბილისში წარმომადგენლობითი საერთაშორისო ტურნირი ჩავატაროთ. თავის დროზე, ყველაფერს გაიგებთ. ვფიქრობ, მიზანი ყველასთვის გასაგებია: ევროთასებამდე კარგი სპარინგები გვჭირდება.

- როგორ გგონიათ, მომწიფებულია "დინამო" ამ შედეგის მისაღწევად? ფაქტია, ბევრი გარემოება უნდა მიეწყოს ერთმანეთს - იღბლიანი წილისყრა, ნორმალური მსაჯობა...
- "დინამო" არის მომწიფებული ამ შედეგის დასადებად - მე ამის მჯერა! ბევრი სპეციალისტი ამბობს, რომ "დინამოზე" სუსტ გუნდებსაც უთამაშიათ ევროპის ლიგისა თუ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპებზე... რა თქმა უნდა, საჭიროა ცოტა იღბალიც, მაგრამ გუნდი მაინც საკუთარი სიძლიერის იმედად უნდა იყოს.

აქვე ვიტყვი - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ აღარ განმეორდეს ის, რაც "გაბალასთან" საგარეო შეხვედრაში მოხდა... აღარც მინდა იმ ამბების გახსენება...

- ზამთარში თბილისის "დინამომ" საქართველოს ნაკრების სამი წევრი - უჩა ლობჟანიძე, ალეკო ამისულაშვილი და ნიკა გელაშვილი დაიმატა. მათ მოჰყვა ესპანელი მიკელ ალვაროც. რას იტყვით ახალწვეულებზე და კიდევ თუ იგეგმება "დინამოს" გაძლიერება?
- არის ასეთი აზრიც, რომ გაძლიერება გვჭირდება. ამ თემაზე გუნდის მთავარ მწვრთნელთან ვისაუბრებ. ჩვენ მოვიყვანეთ გუნდში გამოცდილი ფეხბურთელები, რომლებიც მზად არიან, დადონ კონკრეტული შედეგი. თანაც, ქართველი ახალწვეულების უმეტესობა ძველი დინამოელია... რაც შეეხება მიკელ ალვაროს, თქვენ გახსოვთ, ის "დინამოში" თამაშობდა... ჩვენს გუნდში, ჩვენს ქალაქში ის თავს დიდებულად გრძნობს და როცა საქმე ეხება ლეგიონერს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.

- "დინამოში" ბევრი ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელია. გამოცდილი მოთამაშეების მოსვლის შემდეგ ხომ არ დაიჩაგრებიან ისინი? ან ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ რამდენიმე მოთამაშე სხვადასხვა კლუბში გაანათხოვროთ?
- პირდაპირ გეტყვით, რომ სულ მალე, ერთ-ორ წელიწადში, "დინამოს" აკადემია გამოუშვებს იმდენ ფეხბურთელს, რომ ყველას "დინამოში" ნამდვილად ვერ ავიყვანთ. მაშინ ჩვენ მათ გავანათხოვრებთ სხვადასხვა გუნდში... რაც შეეხება დღევანდელობას, ჩვენ არცერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი არ გვეჩაგრება. ჩვენ ახალწვეულები მოვიყვანეთ იმ პოზიციებზე, რომლებზეც არ გვყავდა შესაბამისი შევსება ან გვჭირდებოდა ფეხბურთელი კონკურენციის გასაზრდელად. არ გავაკეთებთ ისე, რომ ადგილი დავაკარგვინოთ ცინცაძეს, პარუნაშვილს, სხვებს... იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ჩვენი გუნდის მომავალია.

- ბევრჯერ გამიგონია, "დინამოს" აკადემია რომან ფიფიას შვილივით უყვარსო. თქვენ მართლაც განსაკუთრებით ზრუნავთ მასზე. ცოტა ხნის წინათ, აკადემიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ბულგარელი ვესელინ ბრანიმიროვი დაინიშნა. რას იტყვით მის მუშაობაზე?
- ჩემი აზრია და, ალბათ, თქვენც დამეთანხმებით, რომ გამართული აკადემიის გარეშე ძლიერი კლუბი ვერ ჩამოყალიბდება. ბრანიმიროვის მუშაობის შეფასებისას ჩემთვის მოქმედებს ასეთი პრინციპი - ის მინიმუმ არანაკლები უნდა იყოს, ვიდრე მისი წინამორბედი ლუკ ნაიჰოლტი გახლდათ. რასაც ვხედავ, მონდომებით მუშაობს. ახლო მომავალში კიდევ მეტი შეგვეძლება ვილაპარაკოთ ბულგარელი სპეციალისტის საქმიანობაზე.

აქვე ვიტყვი, რომ აღვადგინეთ საფეხბურთო სკოლა. ძალიან ბევრი ბავშვია, ვისაც ფეხბურთზე უნდა სიარული და ჩვენ არ შეგვეძლო მათი ინტერესების უგულვებელყოფა.

- ბატონო რომან, საუბრის ბოლოს გკითხავთ - რას ნიშნავს თქვენთვის, იყოთ დინამოელი? ფაქტია, ახალგაზრდა თაობისთვის ბევრი რამ გაუფასურებულია. მათთვის რთული წარმოსადგენია, რომ ერთ დროს "დინამო" ევროპულ გრანდებს ამარცხებდა...
- დავიწყებ იქიდან, რომ ჩვენ განზრახული გვაქვს ჩავატაროთ ვიტალი დარასელიას სახელობის პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი 19-წლამდელთა შორის. ეს კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება ჩვენი მხრიდან, რომ წარმოვაჩინოთ "დინამო". ხალხს ბევრი რამ დაავიწყდა და ეს ბუნებრივია. გულშემატკივარი სტადიონზე მოდის იმისთვის, რომ "დინამო არენაზე" ზეიმი ნახოს. ჩვენი მიზანია, ეს ზეიმი დავაბრუნოთ. წარმატება ავტომატურად გადავა ბავშვების სულისკვეთებაში...

 

http://www.sportall.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/chempionati/88752-eqskluzivi-qar-ivargebs-biznesmenma-500-athasi-thavisi-dakharjos-da-2-mln-sakhelmtsifosiq.html

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024