20 წლის ოთარ კიტეიშვილი ის ფეხბურთელია, მომავალს იმედით რომ გვაყურებინებს. მისი პროგრესი თვალსაჩინოა. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ის უკვე ჩამოყალიბდა თბილისის "დინამოს" ერთ-ერთ ლიდერად. არის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი და, ჩვენი აზრით, აღარც ის დრო არის შორს, როცა კიტეიშვილი ეროვნული გუნდის კარს შეაღებს.
ის თავმდაბალი ადამიანი და, ასაკის მიუხედავად, საკმაოდ დახვეწილი მოსაუბრეა. შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენთან ინტერვიუში ალექსანდრე იაშვილმა თავის ერთ-ერთ შესაძლო შემცვლელად სწორედ კიტეიშვილი დაასახელა...
ვფიქრობთ, "ლელოს" მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს ინტერვიუ ახალი თაობის ფეხბურთელთან...
- ფეხბურთს პირველად როდის "დაუმეგობრდით"?
- რუსთავში დავიბადე და გავიზარდე. ბავშვობიდან ფეხბურთი იქცა ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად. თავიდან ყველაფერი უბანში დაიწყო. ძალიან კარგი გუნდი გვყავდა, მურად პაიჭაძე გვავარჯიშებდა... გავიდა ცოტა ხანი და ჩემი თამაში ვარლამ კილასონიამ ნახა. მინდა, მას დიდი მადლობა გადავუხადო. ძალიან ბევრი გააკეთა ჩემთვის, უდიდესი ამაგი აქვს.
- მსმენია, რომ ძალიან კარგად სწავლობდით. არ გიჭირდათ სწავლისა და ფეხბურთის შეთავსება?
- მართლაც კარგად ვსწავლობდი, მაგრამ ვერ მოგატყუებთ, თითქოს ბოლომდე ასე იყო. დამამთავრებელ კლასებში უფრო ფეხბურთისკენ გადავიხარე, თუმცა ხელი არც სწავლაზე ამიღია. ჩემი აზრით, თუ არის სურვილი და მონდომება, ფეხბურთისა და სწავლის შეთავსება ნამდვილად შესაძლებელია. ყოველ შემთხვევაში, მე არ მიჭირდა და სხვისი არ ვიცი.
- ვუყურებ თქვენს თამაშს და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ბავშვობიდან თავისუფალ თამაშს შეგაჩვიეს. არ უფრთხით მეტოქის მოტყუებას, გამამწვავებელ პასს...
- ეს სწორედ ვარლამ კილასონიას დამსახურებაა. ის თავიდანვე გვაჩვევდა ლაღ თამაშს. ბავშვობაში შედეგზე ნაკლებად ვფიქრობდით, თუმცა ეს შედეგი თავად მოდიოდა. მწვრთნელი ჩვენგან სიტუაციის მიხედვით თამაშს ითხოვდა. როცა მოსატყუებელია კაცი, უნდა მოატყუო, როცა პასია მისაცემი, უნდა მისცე - ასე გაგვზარდა კილასონიამ.
- ორივე ფეხით თანაბრად კარგად თამაშობთ...
- ჩემთვის "მუშა" მაინც მარჯვენა ფეხია, მაგრამ მარცხენითაც შემიძლია პასის გაკეთება, დარტყმაც...
- რას არის თქვენთვის დღევანდელი თბილისის "დინამო"?
- ერთი დიდი ოჯახი! ჩვენ ყველას ბოლომდე გვაქვს გათავისებული, რას ნიშნავს, იყო თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი. მიმდინარე სეზონი კარგად მიდის ჩვენთვის და ვეცდებით, ასევე ჩავამთავროთ. ჩემპიონობასთან ახლოს ვართ და თასსაც ვუმიზნებთ.
- თუმცა ბოლო უქმეებზე "ჩიხურასთან" დამარცხდით...
- ვფიქრობ, საკმარისად გვქონდა საგოლე მომენტები, თუმცა ამ შემთხვევაში უფრო ჩვენს მეტოქეს გაუმართლა. მაინც დამაჯერებლად ვლიდერობთ და დიდი იმედი მაქვს, უახლოეს ტურებში ჩემპიონები გავხდებით.
- ის დრო მინდა გაგახსენოთ, როცა უფულო "მეტალურგი" უმაღლეს ლიგაში ერთმანეთზე უკეთეს თამაშებს გვთავაზობდა...
- მართლაც ძალიან კარგი გუნდი გვყავდა, პერსპექტიული... რამდენიმე ისეთი თამაში მოვიგეთ, არავინ რომ არ ელოდა. ყველამ იცის, რა მდგომარეობაშიც ვიყავით. წყალი და შუქიც კი არ გვქონდა... მუდამ ასეთ ვითარებაში ვერ იქნები, ელემენტარულად - ვერ გაძლებ. მაშინ პატარა ბიჭები ვიყავით, არ ვფიქრობდით არც ფულზე და არც სხვა პირობებზე, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული.
- გამიგონია, რომ ბავშვობაში მაგარი გუნდი გყავდათ. დღეს თუ თამაშობს ვინმე იმ გუნდიდან უმაღლეს ლიგაში?
-მხოლოდ გიორგი კილასონია. ის ახლა ბოლნისის "სიონშია". გიორგის ახლა ტრავმა აქვს და მინდა, თქვენი გაზეთის საშუალებით მალე გამოჯანმრთელება და ყოველივე საუკეთესო ვუსურვო.
- რას ნიშნავს თქვენთვის, დაიცვათ ქვეყნის ღირსება?
- ვამაყობ, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი რომ ვარ. როცა ქვეყნის ღირსებას იცავ, შენზე ბედნიერი არავინაა და, ამავე დროს, პასუხისმგებლობის გრძნობაც დიდია. უნდა შეძლო და ყველაფერი გააკეთო! მათ შორის ისიც, რაც შენს ძალებს აღემატება.
- ამბობენ, ოთარ კიტეიშვილი ძალიან თავმდაბალი ბიჭია, ზოგჯერ ზედმეტად თავმდაბალიცო...
- რა ვიცი... ჩემს თავზე ვერ ვილაპარაკებ. ვარ ის, რაც ვარ.
- რა არის თქვენი ნაკლი?
- ბევრს ვმუშაობ ფიზიკური მომზადების გაუმჯობესებაზე. იმაზეც, რომ მინდორზე უფრო სწრაფად მივიღო გადაწყვეტილება... დამეთანხმებით, აზროვნების სისწრაფე ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე ფეხბურთში.
- საქართველოს ჩემპიონატში ისეთი მოედნებია, გადაწყვეტილების სწრაფად მიღება ძალიან ჭირს...
- მართალი ხართ. არაერთხელ გვითამაშია ასეთ მოედანზე. მე ასე ვიტყოდი - რა თქმა უნდა, ჩვენი ჩემპიონატი არ არის სასურველი დონის, მაგრამ ეს მხოლოდ ინფრასტრუქტურისა და პირობების ბრალი არ მგონია. ჩვენ, საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებმა, ამის მიზეზები არა მხოლოდ გარე ფაქტორებში, არამედ საკუთარ თავშიც უნდა ვეძებოთ. თბილისის "დინამოში" ყველანაირი პირობაა ფეხბურთელის განვითარებისთვის - მცოდნე მწვრთნელი, დიდებული გარემო, შესანიშნავი თანაგუნდელები...
- ოთარ კიტეიშვილი და რეჟიმი...
- ...მაგრად მეგობრობენ ერთმანეთთან. უამისოდ ფეხბურთში არაფერი გამოვა. შრომა მიყვარს. მიყვარს, როცა ყველაფერს ვაძლევ საყვარელ საქმეს. თავიდანვე ვიცოდი, რომ ფეხბურთელობა მინდოდა და ისიც ვიცოდი, რომ საამისოდ ძალიან ბევრი შრომა მომიწევდა.
- ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი...
- ალბათ, ის მატჩი, რომლის დასრულების შემდეგაც მოვიგე ჩემი პირველი ტიტული - საქართველოს თასის ფინალში "სამტრედიას" 5:0 რომ მოვუგეთ...
- გამორჩეული გოლი?
- ალბათ, უფრო გოლები. 19-წლამდელთა ნაკრებში ორი გოლი გავუტანე რუმინეთს. არადა, იმ შეხვედრას ვაგებდით...
- თუ გიფიქრიათ იმაზე, რატომ წყვეტენ ზრდას ახალგაზრდა, ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელები?
- ალბათ, ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება ჩემპიონატის დონეა, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ეს დონე ჩვენვე უნდა ავწიოთ.
- თუ არის საქართველოს ჩემპიონატში გუნდი, რომლის წინააღმდეგაც განსაკუთრებით გსიამოვნებთ თამაში, გუნდი, რომელიც ლაღად თამაშობს, დაცვაში არ იკეტება?
- ასეთი გუნდი "საბურთალოა" - ძალიან კარგი, ახალგაზრდული, შემტევი გუნდი...
- რომელია თქვენი საყვარელი ფეხბურთელი და გუნდი?
- ლიონელ მესი და "ბარსელონა". უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს ორივე მათგანის ცქერა.
- ბევრს კითხულობთ?
- ვცდილობ, თუმცა ახლა აღარ მრჩება ბევრი დრო საამისოდ. ძალიან მიყვარს წიგნი... საერთოდ, ადამიანი ყოველთვის უნდა ისწრაფოდეს იმისკენ, რომ რაც შეიძლება მეტი იკითხოს და შეითვისოს.
- გამორჩეული ნაწარმოები?
- ერთ კონკრეტულს ვერ გამოვარჩევ...
- ბოლოს რა წაიკითხეთ?
- "ოსტატი და მარგარიტა". ძალიან მომეწონა.
- რა არის თქვენი კარიერის მიზანი?
- გამოვადგე ჩემს ქვეყანას, გავახარო გულშემატკივრები, ვიარო სულ წინ...
http://www.sportall.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/skhvadaskhva/90938-othar-kiteishvili-roca-qveynis-ghirsebas-icav-shenze-bednieri-aravinaa.html