• Geo
  • Eng
16.04.2016
ალექსანდრე იაშვილი: ჩემი წასვლით "დინამოს" არაფერი დააკლდება!

38 წლის ალექსანდრე იაშვილის თამაშს დრო ვერაფერს აკლებს. ამ ასაკშიც "იაშკა" თბილისის "დინამოს" ლიდერია. ახალგაზრდა თანაგუნდელებს ის საქართველოს ჩემპიონის ოქროს მედლებისა და თასისკენ მიუძღვის...

იაშვილმა "ლელოსთან" გულახდილად ილაპარაკა იმ პრობლემებზე, რომელიც დღეს ჩვენი ფეხბურთის წინაშე დგას.

- თბილისის "დინამო" ძალიან ახლოსაა საქართველოს ჩემპიონობასთან. ეს ფეხბურთელებს ხომ არ მოადუნებს?
- არანაირად! ჩვენ ჯერ არაფერი მოგვიგია, ეს ფაქტია. არც ჩემპიონობა გაგვინაღდებია და თასის ნახევარფინალშიც დიდი ბრძოლა გვექნება საჩხერის "ჩიხურასთან". ფეხბურთი ასეთია - როგორც კი ერთ თამაშზე მოეშვები, ეს განწყობა მეორე შეხვედრაზეც გადადის. ასე რომ, არანაირი მოდუნება! ახლა ამის დრო არ არის.

- მეორე წრიდან "დინამოს" სლოვაკი იურაი იარაბეკი წვრთნის. რას იტყოდით მის შესახებ?
- ის ჩვენგან ძალიან სწრაფ თამაშს ითხოვს. ნებისმიერ სპეციალისტს სჭირდება დრო იმისთვის, რომ მისთვის უცხო ქვეყანაში ადაპტაცია გაიაროს. შეიძლება ითქვას, მან ეს პერიოდი უკვე გაიარა. მეორე მხარეა მისი ადამიანური თვისებები... მოკლედ, "დინამოს" დღეს ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავს.

- თავის დროზე, თუნდაც მაშინ, როცა კარიერას იწყებდით, საქართველოს ჩემპიონატში არაერთი ინდივიდუალისტი იყო. პირადად მე, დღეს ნაკლებად ვამჩნევ ასეთ ფეხბურთელებს. არიან კი ასეთები? თუნდაც - ახალგაზრდებს შორის?
- რა თქმა უნდა, არიან და მზად ვარ, ამაზე ბევრი ვილაპარაკო. ძალიან კარგი თაობა მოდის. უბრალოდ, დღეს ფეხბურთი შეიცვალა. როცა ჩვენ ვიწყებდით, მაშინ სხვა დრო და სხვა მოთხოვნები იყო. ბურთი თუ "იცოდი" კარგად, ეს ძალიან ბევრს, თითქმის ყველაფერს ნიშნავდა. დღეს კი მხოლოდ ბურთის "ცოდნით", თუნდაც მაღალი ტექნიკური მომზადებით, ფონს ვერ გახვალ. წინა პლანზე უფრო სხვა კომპონენტებმა წამოიწია, თუნდაც - ფიზიკურმა მომზადებამ.

- საინტერესოა თქვენი აზრი იმასთან დაკავშირებით, რატომ აღარ თამაშობენ დღეს ქართველი ფეხბურთელები სახელოვან კლუბებში?
- მაქვს ამაზე ჩემი აზრი და ვეცდები, ავხსნა. 90-იან წლებში, საქართველოს ჩემპიონატიდან ევროპაში რომ მიდიოდა ფეხბურთელი, მას შედარებით ნაკლები დრო სჭირდებოდა იმისთვის, რომ ადგილობრივ მოთამაშეს დასწეოდა. მაშინ არ იყო ამხელა სხვაობა მათსა და ჩვენს მომზადებას შორის. დღეს სხვა ვითარებაა. ევროპული ფეხბურთი ძალიან წინ წავიდა, ჩვენ კი ეს წლები სულ ერთ ადგილას ვიდექით.

ავიღოთ გიორგი პაპუნაშვილი. მე ძალიან კარგად ვიცი მისი შესაძლებლობები. ის შესანიშნავი ფეხბურთელია, საუკეთესო იყო საქართველოს ჩემპიონატში და მას დრო სჭირდება გერმანიაში ადაპტაციისთვის...

დღეს, 17 წლის ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს ბუნდესლიგაში, ყველანაირად არის მზად ამ დიდი გამოწვევისთვის - ფიზიკურად, ტექნიკურად, ფსიქოლოგიური კუთხით. ეს მგონია მიზეზი, თორემ ვერავინ დამარწმუნებს, რომ უცხოელებს ჩვენზე მეტი ნიჭიერი ფეხბურთელი ჰყავთ.

- პირადად ჩემთვის ალექსანდრე იაშვილი პროფესიონალიზმის განსახიერებაა. საინტერესოა, ბავშვობიდან მეგობრობდით თქვენ და რეჟიმი?

- მე ბავშვობაშივე გავაკეთე არჩევანი - გადავწყვიტე, რომ ვიქნებოდი პროფესიონალი ფეხბურთელი და დღემდე ამ არჩევანის ერთგული ვარ სიმართლე გითხრათ ჯერ კიდევ მაშინ იყო მომენტები, როცა უარის თქმა მიწევდა გართობაზე.

პირდაპირ უნდა ვთქვა - ძალიან გამიმართლა, როცა 18 წლის ასაკში აღმოვჩნდი გერმანიაში ისეთ მწვრთნელთან, როგორიც ფოლკერ ფინკეა. მან მასწავლა, რომ ფეხბურთში წვრილმანები არ არსებობს. მასწავლა, როგორ უნდა მოვქცეულიყავი მინდვრის გარეთ. რა და როგორ უნდა მეჭამა, რა და როგორ უნდა დამელია... ამის შედეგია ის, რომ დღემდე ვთამაშობ.

- საქართველოს ჩემპიონატში უამრავი პრობლემაა. თუ გამოარჩევდით ერთ მათგანს, რომელიც ჩვენი საკლუბო ფეხბურთის განვითარებას ხელს განსაკუთრებით უშლის?
- მართლაც ძალიან ბევრი პრობლემაა და სალაპარაკოც ბევრია. მე მაინც ინფრასტრუქტურას დავასახელებდი პირველ რიგში. ამასთან ერთად, გვჭირდება ბევრი სპეციალისტი, რომელიც კვალიფიციურად ასწავლის როგორც შემდგარ ფეხბურთელს, ასევე ახალგაზრდას. თუნდაც, ფიზმომზადება ავიღოთ. თანამედროვე ფეხბურთში ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ბოლო დროს ქართული კლუბების ნაწილმა ამ კომპონენტს მიაქცია ყურადღება და ეს ძალიან კარგია. არ შეიძლება, ფიზმომზადების მწვრთნელი მხოლოდ ფორმალურად ეწეროს მატჩის ოქმში.

ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, ძალიან დიდ ბიძგს მისცემს ქართული საკლუბო ფეხბურთის წინსვლა-განვითარებას.

- ცნობილია, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ფეხბურთიდან წასვლას აპირებთ. ჩემი სუბიექტური აზრით, თქვენი არყოფნა "დინამოს" ბევრს დააკლებს. ხომ არ გიფიქრიათ, რომ ევროთასებზე მაინც დაეხმაროთ გუნდს?
- გარანტიას გაძლევთ, "დინამოს" ჩემი წასვლით არაფერი დააკლდება. ამაში დარწმუნებული ვარ. ძალიან მაგარი თაობა მოდის. მე თავიდანვე ვთქვი, რომ ამ სეზონის დასრულების შემდეგ აღარ ვიქნებოდი მოქმედი ფეხბურთელი და არ ვაპირებ გადაწყვეტილების შეცვლას. ძალიან მინდა, გავხდე საქართველოს ჩემპიონი და მოვიგო თასი.

- და ისევ არ აპირებთ მწვრთნელობას?
- არ ვაპირებ, გამორიცხულია!..

- ამასწინათ, "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ მითხრა - "დინამო" ჩემპიონთა ლიგის ან, სულ მცირე, ევროპალიგის ჯგუფში უნდა მოხვდეს, სხვა შედეგი წარუმატებლობა იქნებაო. როგორ ფიქრობთ, შესწევს გუნდს ამის ძალა?
- რა თქმა უნდა, შესწევს. მე უკვე ვთქვი, რომ მოდის ძალიან კარგი თაობა და ამ თაობას შეუძლია, დიდი სიხარული მოგვიტანოს. ძალიან კარგი შემადგენლობაა დღეს "დინამოში" და ვფიქრობ, კიდევ მოვლენ ძლიერი ფეხბურთელები. ასე მგონია, "დინამო" მზადაა იმისთვის, მიაღწიოს შედეგს, რომელსაც ჩვენი ფეხბურთის გულშემატკივარი უკვე წლებია, ელის. მე ამ გუნდში ძალიან დიდ პოტენციალს ვხედავ.

- ვის მიიჩნევს ალექსანდრე იაშვილი თავის შემცვლელად?
- იმდენი ნიჭიერი ფეხბურთელი მოდის, თუნდაც "დინამოში"... არ მინდა, ვინმე გამომრჩეს. თუნდაც ოთარ კიტეიშვილი, ჯაბა ჯიღაური...

 

http://www.sportall.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/chempionati/90616-aleqsandre-iashvili-chemi-tsasvlith-qdinamosq-araferi-daakldeba.html

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024