• Geo
  • Eng
12.05.2016
ეს იყო ნამდვილი კონცერტი! - ინგლისური კომპლიმენტები თბილისის "დინამოს"

როგორც იცით, "ვესტ ჰემის" მშობლიური ასპარეზი "აპტონ პარკი", იგივე "ბოლეინ გრაუნდი", "მანჩესტერ იუნაიტედთან" გუშინწინდელი მოგებული (3:2) მატჩის შემდეგ ისტორიის კუთვნილება გახდა. ლონდონურ კლუბს ამ არენაზე ძალიან ბევრი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაუტარებია. იყო გამარჯვება და მარცხი, სიხარული და იმედგაცრუება... მოკლედ, ჩვეულებრივად, როგორც ყველა კლუბის ისტორიაში...

ჟურნალისტმა მარტინ სამუელმა "აპტონ პარკზე" გამართული დასამახსოვრებელი მატჩები გაიხსენა და მათ შორის, ერთი ისეთი თამაშიც, სამუელისგან განსხვავებით, ქართველები სიამოვნებით რომ ვიხსენებთ ხოლმე - 1981 წლის 4 მარტი, თასების მფლობელთა თასის მეოთხედფინალი, რომელშიც თბილისის "დინამომ" "ვესტ ჰემს" 4:1 მოუგო.

"ინგლისში "დინამოს" უკვე დიდი ავტორიტეტი ჰქონდა მოხვეჭილი. წინა ევროსეზონში ამ გუნდმა ჩემპიონთა თასიდან თვით "ლივერპული" დაითხოვა...

დინამოელებმა ნამდვილი მასტერკლასი ჩაატარეს. საოცრება იყო ალექსანდრე ჩივაძის მიერ "ვესტ ჰემის" კარში გატანილი პირველი გოლი. მან 30 იარდიდან ულამაზესი დარტყმით გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო მსოფლიოს უძვირესი გოლკიპერი ფილ პარკსი...

ის შეხვედრა "დინამომ" 4:1 მოიგო. არადა, შეიძლებოდა, სტუმრებს 24:1 მოეგოთ. "დინამოს" მაშინვე შეეტყო, ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი რომ იყო და თასიც სწორედ მან მოიგო.

"ვესტ ჰემთან" მატჩი იყო ქართველების მიერ შემოთავაზებული ნამდვილი კონცერტი, რომელიც დიდხანს არ დაავიწყდება ფეხბურთის ჭეშმარიტ გულშემატკივარს", - წერს ინგლისელი ჟურნალისტი.

მართლაც ძნელია, აუღელვებლად წაიკითხო ის, რასაც ცნობილი ინგლისელი კალმოსანი წერს, მაგრამ თავს იმით თუ ვინუგეშებთ, რომ ყოველთვის დაღმართში არ ვიქნებით, ერთხელაც აღმართს დავადგებით!..

 

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024