თბილისის "დინამოს" ნახევარმცველმა ჯაბა ჯიღაურმა, რომელიც ეროვნული ნაკრების განაცხადში პირველად მოხვდა, Sportall.ge-სთან კომენტარი გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 25-კაციანი შემადგენლობა გუშინ, 20 მაისს დაასახელა, რომელშიც 3 ახალწვეული მოხვდა, ერთ-ერთი მათგანი კი სწორედ ჯიღაურია.
"ყაზახეთთან თამაშამდე გაფართოებულ სიაში მოვხვდი, მაგრამ არა - განაცხადში, მაშინ უბრალოდ, ინფორმაცია გავრცელდა არასწორად, რამაც გაუგებრობა გამოიწვია.
ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა ყველა ფეხბურთელის ოცნებაა, ამიტომ ბედნიერი ვარ, რომ ახლა გუნდთან ერთად შეკრებაზე ვიქნები.
სამი უმძიმესი ტესტ-მატჩი გველის, თუმცა საკუთარი ძალების რეალურად შემოწმება მხოლოდ ასეთი დონის ნაკრებებთან თუ მოხერხდება.
ყველა თამაშში ბრძოლა გვმართებს, ჩემის მხრივ კი, შანსის მოცემის შემთხვევაში, ძალებს არ დავზოგავ ნაკრების წარმატებისთვის", - გვითხრა ჯიღაურმა.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ნაკრები პირველ ამხანაგურ შეხვედრას 27 მაისს, ავსტრიის ქალაქ ველსში სლოვაკეთის ნაკრებთან გამართავს. ამის შემდეგ ჩვენი გუნდი ბუქარესტში გადაინაცვლებს, სადაც 3 ივნისს რუმინეთს გაეჯიბრება, ბოლოს კი, 7 ივნისს, "ხეტაფეს" სტადიონზე ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს შეხვდება.
http://www.sportall.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/erovnuli-nakrebi/92024-jaba-jighauri-nakrebis-tsarmatebistvis-dzalebs-ar-davzogav.html