• Geo
  • Eng
03.06.2016
რომან ფიფია: ტურნირი იმიტომ არ ჩაგვიტარებია, რომ აუცილებლად ჩვენ მოგვეგო

როგორც იცით, დასრულდა თბილისის "დინამოს" მიერ ორგანიზებული საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც რამდენიმე ევროპული და ქართული კლუბი მონაწილეობდა. პირველობა არავის დაუთმო ჰოლანდიურმა "ალკმაარმა", რომელმაც ფინალში თბილისის "დინამოს" მოუგო.

ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას: ტურნირმა აშკარად გაამართლა. ის ტრადიციული გახდება და მომავალ წელს ისეთ გრანდებს შეკრებს, როგორებიც არიან "ბარსელონა", "რომა" და "ატლეტიკო"...

დასრულებული ტურნირის შეჯამება ვთხოვეთ თბილისის "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიას...

მანამდე კი ერთ ფაქტზე გეტყვით: მატჩის მე-9 წუთზე არბიტრმა "ალკმაარის" მცველს ბოლო იმედის ჯარიმისთვის წითელი ბარათი უჩვენა და მოედანი დაატოვებინა. ამ დროს, "დინამო არენის" VIP-ლოჟაში რომან ფიფიამ კლუბის დირექტორებს უხმო. რამდენიმეწამიანი თათბირის შემდეგ, ლევან ზუხბაია მოედანზე ჩავიდა და სანამ მატჩი განახლდებოდა, არბიტრს გაესაუბრა, რის შემდეგაც თამაშის განმსჯელმა "ალკმაარს" გაძევებული მოთამაშის შეცვლის უფლება მისცა.

ფიფიასთან საუბარი სწორედ ამ თემით დავიწყეთ...

- ბატონო რომან, რა მოხდა იმ ეპიზოდში?
- კარგად შეგინიშნავთ (იღიმის). მე ამ ტურნირის ჩატარება იმიტომ არ განმიზრახავს, რომ გინდა თუ არა, "დინამოს" მოეგო. ყველაზე მეტად არ მსურდა, რომ ჩვენი ახალგაზრდებისთვის დათვური სამსახური გაგვეწია და როგორც მასპინძლისთვის, მოგება გაგვეიოლებინა.

ან, ჩვენს სტუმრებს ეფიქრათ, რომ ვიტალი დარასელიას თასზე აუცილებელი პირობა იყო "დინამოს" გამარჯვება. სწორედ ამიტომ გაგდებული მოთამაშე შევაცვლევინე.

მატჩის შემდეგ, ჩემი ბიჭების თვალებზე ცრემლი რომ დავინახე, მყისვე გასახდელისკენ გავეშურე და ახალგაზრდა დინამოელებს გამარჯვებულებივით მივულოცე. აქვე, მინდა ყველას გასაგონად ვთქვა - ამ გუნდს განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევ, არ მოვაკლებ საერთაშორისო ტურნირებს, რაც ესოდენ აუცილებელია ახალგაზრდების განვითარებისთვის. ეს თაობა მე მომავალი "დინამოს" ძირითად ბირთვად მესახება. მათ, ისევე როგორც "ლოკომოტივის" ფეხბურთელებმა, ქართველ გულშემატკივარს დაანახეს, რომ ისინი ამ ასაკისთვის ევროსტანდარტების შესაბამისს ფეხბურთს თამაშობენ.

- ამ მომენტმა, შეიძლება, გადამწყვეტი როლიც ითამაშა მატჩის შედეგზე...
- გეთანხმებით. მეტოქე რომ მთელი მატჩი 10 კაცით დარჩენილიყო, მოგების მეტი შანსი გვექნებოდა. თუმცა მიმაჩნია, რომ გამარჯვების შანსები წითელ ბარათამდეც და შემდეგაც მეტოქეზე ნაკლები არ გვქონია. მთავარია, "დინამოს" ახალგაზრდებმა მთელი მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარეს.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ - მართალია, "დინამომ" ფინალში ბოლო წუთებზე წააგო, მაგრამ ვიტალი დარასელიას თასმა საბოლოოდ მხოლოდ მოიგო, ქართულმა ფეხბურთმა კი მიიღო მაღალი დონის საერთაშორისო ტურნირი, რომლის ობიექტურობაშიც ეჭვი ვერავის შეეპარება...

ისიც მესიამოვნა, რომ ტურნირს მუდმივად ესწრებოდნენ ჩვენი სახელოვანი ვეტერანები - ალექსანდრე ჩივაძე, ოთარ გაბელია, თენგიზ სულაქველიძე, დავით მუჯირი, ვახტანგ ქორიძე... ასევე, შოთა და არჩილ არველაძეები, უმცროს ვიტალი დარასელია, გრიგოლ ცაავა და სხვა გამორჩეული მოთამაშეები. მათმა შეფაებებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ სწორი გზა ავირჩიეთ.

ტურნირი დამთავრდა და ჩვენ უკვე დავიწყეთ მზადება ვიტალი დარასელიას სახელობის თასის მეორე გათამაშების ჩასატარებლად.

- ტურნირის პოპულარიზაცია მისი გაშუქების ხარისხზეც არის დამოკიდებული. კმაყოფილი ხართ მედიის ჩართულობით?
- ძალიან კმაყოფილი ვარ და მინდა, მადლობა გადავუხადო სპორტულ მედიას, საინფორმაციო საშუალებებს, გაზეთ "ლელოს" და სხვებს ასეთი ჩართულობისთვის. ყოველდღიურად, დილა-საღამოს, შუქდებოდა და იწერებოდა ტურნირის შესახებ. "SILK უნივერსალზე" სპეციალური დღიურები მზადდებოდა თამაშების მიმოხილვით, ნახევარფინალისა და ფინალის პირდაპირი ტრანსლაციაც უმაღლეს დონეზე გახლდათ უზრუნველყოფილი... მოკლედ, ყველაფერი ძალიან კარგი იყო.

- ბოლოს, არ შეიძლება, ამაზეც არ გკითხოთ. ახლოვდება ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი. რამდენიმე ტრანსფერზე უკვე დაიწერა. გაგრძელდება "დინამოს" გაძლიერების პროცესი?
- ამ წუთისთვის დადასტურებულია ორი ტრანსფერი. დაგვემატნენ ფრანგი მატიას კურიე და ბულგარეთის ნაკრები მოთამაშე სტეფან ველევი. ამ კუთხით მუშაობა გრძელდება და კიდევ რამდენიმე პოზიციის გაძლიერებას ვაპირებთ.

 

ავტორი: ალეკო კაკაურიძე   03.06.2016  

გაზეთი: "ლელო"

 

http://www.sportall.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/skhvadaskhva/92513-roman-fifia-turniri-imitom-ar-chagvitarebia-rom-aucileblad-chven-mogvego.html

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024