• Geo
  • Eng
03.06.2016
ვლადიმერ გოჩაშვილი: ჩვენ ახლა ზუსტად ვიცით, რაზე უნდა ვიმუშაოთ

დასრულდა თბილისის "დინამოს" მიერ ორგანიზებული საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც რამდენიმე ევროპული და ქართული კლუბი მონაწილეობდა. პირველობა არავის დაუთმო ჰოლანდიურმა "ალკმაარმა", რომელმაც ფინალში თბილისის "დინამოს" მოუგო.

ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას: ტურნირმა აშკარად გაამართლა. ის ტრადიციული გახდება და მომავალ წელს ისეთ გრანდებს შეკრებს, როგორებიც არიან "ბარსელონა", "რომა" და "ატლეტიკო"...

დასრულებული ტურნირის შეჯამება ვთხოვეთ დინამოელთა გუნდის თავკაცს, ვლადიმერ გოჩაშვილს...

ვლადიმერ გოჩაშვილი (ტურნირში მონაწილე თბილისის "დინამოს" მწვრთნელი):
- პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ძალიან სასარგებლო ტურნირი იყო. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელობას, რომელმაც ასე მაღალ დონეზე ჩაატარა ეს ვიტალი დარასელიას თასი. მადლობას გადავუხდი ჩემს ფეხბურთელებსაც იმ თავდადებისთვის, რაც მათ აჩვენეს ამ თამაშებში.

რა თქმა უნდა, ქართულ ფეხბურთს ძალიან სჭირდება ასეთი ტურნირები. როგორც ვიცი თბილისის საერთაშორისო ტურნირი ტრადიციული გახდება და ეს ძალიან კარგია. ჩვენმა ფეხბურთელებმა ნახეს, თუ რა განსხვავებაა ამ ასაკში ჩვენსა და უცხოურ კლუბებს შორის.

ჩვენ ახლა ზუსტად ვიცით, რაზე უნდა ვიმუშაოთ. ასევე, გამოჩნდა ისიც, რომ თამაში ყველასთან შეიძლება.

- რა მოხდა "ალკმაართან" ფინალური მატჩის ბოლო წუთებში? რას უნდა მივაწეროთ ორი გაშვებული გოლი?
- ეს იყო ფინალი, გადამწყვეტი შეხვედრა... ჩვენ თავიდანვე ავირჩიეთ გეგმა, რომლის მიხედვითაც "პირველ ნომრად" უნდა გვეთამაშა. დამეთანხმებით, გვქონდა ბევრი მომენტი, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ. "ალკმაარმა" პირველ ნახევარში მხოლოდ ერთი მომენტი შექმნა ჩვენს კართან, როცა ბურთი ძელს მოხვდა...

ეს ფეხბურთია და როცა ამდენ მომენტს ვერ იყენებ, ისჯები. ჩვენც დავისაჯეთ. მოგვიანებით, პირველი გოლის ჩანაწერი ვნახეთ. ამ ეპიზოდში მცველებს დააგვიანდათ კაცის აყვანა. "ალკმაარი" უფრო საიმისოდ იყო განწყობილი, რომ პენალტებს გაერკვია გამარჯვებული...

- ფაქტია, "დინამო" მთელი ტურნირის განმავლობაში, ყველა მეტოქესთან, "პირველ ნომრად" თამაშს ცდილობდა. არადა, ამას ქართული გუნდებისგან მიჩვეულები არ ვართ...
- ყველანაირად ვცდილობთ, სწორედ ამ გზით გავზარდოთ ჩვენი აკადემიის აღსაზრდელები. "ალკმაართან" "მეორე ნომრად" რომ გვეთამაშა, ჰოლანდიელები თავიდანვე დიდ უპირატესობას მოიპოვებდნენ. ალბათ, იცით, "ალკმაარის" ეს ასაკობრივი გუნდი პირველ ადგილზეა ჰოლანდიის ჩემპიონატში. ამასწინათ, აიაქსელ თანატოლებს 6:2 მოუგეს.

- თქვენ, როგორც მწვრთნელს, რა მოგცათ ამ ტურნირმა?
- ძალიან ბევრი, ისევე, როგორც ჩვენს ფეხბურთელებს. თუ არ ჩავთვლით იმ მოთამაშეებს, რომელთაც საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში იწვევენ, ეს ამ ბიჭებისთვის პირველი საერთაშორისო გამოცდილება იყო.

 

ავტორი: ალეკო კაკაურიძე

გაზეთი: "ლელო"

 

http://www.sportall.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/skhvadaskhva/92512-vladimer-gochashvili-chven-akhla-zustad-vicith-raze-unda-vimushaoth.html

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024