• Geo
  • Eng
12.02.2017
ოთარ კიტეიშვილი - "ჯერ საქართველოში უნდა დაამტკიცო, რა შეგიძლია!"

დღევანდელ ქართულ ფეხბურთში ძველებურად აღარ ჭარბობენ ტალანტები, თუმცა არიან გამონაკლისებიც. ბოლო ორი წელიწადია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ოთარ კიტეიშვილს ასახელებს. ამ შემთხვევაში, ერთმანეთს დაემთხვა ქართული ფეხბურთის მმართველთა და მედიის აზრი - გაზეთმა "ლელომ" და "ლიდერბეთმა" ბოლო ორ ჩემპიონატში გამორჩეულ ახალგაზრდა ფეხბურთელად სწორედ კიტეიშვილი დაასახელა.

გადაუჭარბებლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კიტეიშვილი ქართული ფეხბურთის მომავალი და იმედია.

თბილისის "დინამოს" ერთ-ერთი ლიდერი "ლელოს" რედაქციას ესტუმრა, ინტერვიუც ჩავწერეთ და დამსახურებული პრიზებითაც დავაჯილდოვეთ...

ვარლამის გაზრდილი

- ეს ის შემთხვევაა, როცა ორი აზრი ერთმანეთს დაემთხვა. ჯერ ფეხბურთის ფედერაციის აღიარებაზე ვთქვათ - ელოდით ზედიზედ ორჯერ ამ პატივს?
- საქართველოში სულ არიან, იყვნენ და იქნებიან ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელები. გარდამავალი ჩემპიონატის ნომინანტების სამეულში რომ მოვხვდი, ცოტა გამიკვირდა. თან, თბილისის "დინამოს" შედეგი არ ჰქონდა...

- პირველი აღიარებისას?
- სამი საათით ადრე დამირეკეს. თავიდან საერთოდ ვერ ვიფიქრებდი, რომ ლაურეატებს შორის ვიყავი. ვფიქრობდი, წავიდე თუ არა - მეთქი. მერე, კიდევ დამირეკეს და მითხრეს, აუცილებლად უნდა მოხვიდეო...

- ჟურნალისტების აღიარება უფრო პრესტიჟულია თუ ფეხბურთის ფედერაციის ჯილდო?
- ორივეს მიღება ძალიან დიდი პატივია ჩემთვის... მაგრამ თუ მაინც უნდა ვუპასუხო ამ კითხვას, მაშინ - უფრო ფედერაციის, რადგან პროფესიონალების მიერ მონიჭებული ჯილდოა - მწვრთნელების და ფეხბურთელების, იმ ხალხის, რომლებიც ღრმად არიან ჩახედული ფეხბურთში. თუმცა, ჩემთვის ყოველთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ჟურნალისტების შეფასებაც.

- რუსთავში დაიბადეთ და გაიზარდეთ. გაიხსენეთ ფეხბურთში თქვენი პირველი ნაბიჯები...
- 12 წლიდან ვარლამ კილასონიასთან ვვარჯიშობდი. მისი უზომოდ მადლიერი ვარ. ყველა საფეხური გავიარე მასთან ერთად. მერე უმაღლეს ლიგაში "მეტალურგის" მთავარ მწვრთნელად დანიშნეს და ჭაბუკთა ლიგაში მოასპარეზე გუნდიდან რამდენიმე ფეხბურთელი გადმოგვიყვანა მთავარ გუნდში. მე მასთან თავს ყველაზე კარგად და კომფორტულად ვგრძნობდი. ერთი ოჯახი ვიყავით, ძალიან ვახლობლობდით ერთმანეთთან. შევიდოდით სტადიონზე და საქმე გადმოდიოდა წინა პლანზე.

- "მეტალურგმა" იმ პერიოდში ჭაბუკთა ლიგა ზედიზედ ორჯერ მოიგო, იმ გუნდიდან კი არც ერთი ფეხბურთელი არ იყო საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში...
- ჩვენი წარმატების მთავარი მიზეზი ხომ გუნდურობა იყო: "შეკრული" კოლექტივი ვიყავით...

- "მეტალურგის" შემადგენლობაში პირველი გოლი თუ გახსოვს?
- კი, ეს "სიონთან" მატჩში მოხდა, როცა შეცვლაზე შევედი. მაშინ 17 წლის ვიყავი. იმ სეზონის ბოლო სამი მატჩი ჩავატარე - "სიონთან", "გურიასთან" და თბილისის "დინამოსთან".

- "დინამოს" წინააღმდეგ თამაში განსაკუთრებული მოვლენა იყო თქვენთვის?
- მართლაც ასე იყო. ვცდილობდი, მაქსიმუმი გამეკეთებინა.

- დრიბლინგი, ფინტები, პარტნიორებისათვის საგოლე პასის გადაცემა - ალბათ, ბავშვობის წლების დამსახურებაა, დღეს თამაშის საკუთარ თავზე აღებას და გამწვავებას რომ არ ერიდებით?
- კილასონია არასოდეს მიშლიდა ამას. პირიქით, მეტოქის საჯარიმოსთან ახლოს თუ აღმოვჩნდებოდი, ჩემგან სულ

სიტუაციის გამწვავებას ითხოვდა.

- "დინამოში" ხომ არ გზღუდავენ ამ მხრივ?
- არა, არანაირად. პირიქით...

- ბოლო დროს "დინამოში" ხშირად გიცვლიდნენ სათამაშო პოზიციას...
- ბოლო თამაში, ბათუმის "დინამოსთან", ფაქტობრივად, მარჯვენა მცველად ვითამაშე. სამი მცველი ვიყავით, ფლანგის კონტროლი მევალებოდა, გოლი გვქონდა გასატანი. დღეს ასეა - უნივერსალიზმი ძალიან ფასობს ფეხბურთში.

- თავს ყველაზე კომფორტულად რომელ პოზიციაზე გრძნობ?
- ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე, საყრდენი ნახევარმცველის წინ. შემიძლია ვითამაშო მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზეც. მიყვარს, როცა შუაში შევდივარ...

- თბილისის "დინამოში" მისვლაც გავიხსენოთ...
- 2014/15 წლების სეზონის პირველი წრე განათხოვრებით ვითამაშე "მეტალურგში", ზამთარში კი მივედი "დინამოში", სადაც პირველი ტიტულებიც მოვიპოვე: მოვიგე საქართველოს თასი და სუპერთასი.

- "დინამოს" მთავარი მწვრთნელი იმ პერიოდში კახა გოგიჩაიშვილი გახლდათ. მის შესახებ რის თქმა შეგიძლია?
- ძალიან კარგად გამოსდის ურთიერთობა ახალგაზრდა ფეხბურთელებთან. იცის მათთან მუშაობა...

- კახა გოგიჩაიშვილი იმ სეზონის მიწურულს გია გეგუჩაძემ შეცვალა...
- მე მას საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად თამამად დავასახელებ. ჩემთვის ძალიან სასარგებლო იყო ბატონ გიასთან მუშაობა. როგორც ფეხბურთელს, ძალიან ბევრი რამ მომცა.

- აი, გეგუჩაძის შემცვლელი იურაი იარაბეკი ხშირად გიცვლიდა ამპლუას...
- გეთანხმებით: თითქოს, უფრო ფლანგიდან ვთამაშობდი იარაბეკის დროს...

 

ეს არ არის სასიამოვნო პროცესი...

- მწვრთნელების ხშირი ცვლა ფეხბურთელს საქმეს არ ურთულებს?
- რა თქმა უნდა, სასიამოვნო პროცესი არაა. ნებისმიერ ფეხბურთელს დრო სჭირდება, რომ ახალი მწვრთნელის მოთხოვნებს შეეგუოს. ყველა მწვრთნელს თავისი ხედვა აქვს, ამაში თქვენც დამეთანხმებით.

- ამ ორი წლის განმავლობაში "დინამოში" ისეთი გამოცდილი ფეხბურთელების გვერდით მოგიწია თამაშმა, როგორებიც იყვნენ ალექსანდრე იაშვილი, ჩისკო, ალექსანდრე ამისულაშვილი, ნუკრი რევიშვილი...
- მართლაც ბევრ გამოცდილ ფეხბურთელთან ერთად მომიწია ყოფნამ მინდორზე. ყოველთვის ვცდილობდი, რომ მათგან რაც შეიძლებოდა ბევრი რამ მესწავლა.

- გოლებს თუ ითვლი?
- რა თქმა უნდა, ვითვლი. ეგაა, სამწუხაროდ, ბევრი გოლი ვერ გამაქვს. ჩემს კარიერაში იყო ჰეთ-თრიკი სათასო მატჩში "ლოკომოტივთან", დუბლი "ჩიხურასთან"...

- სამ გოლს რომ გაიტან, როგორი გრძნობაა?
- ერთ გოლს რომ გაიტან, ის გიხარია და სამზე ხომ საერთოდ...

- გია გეგუჩაძემ ახალგაზრდული ნაკრების კაპიტნის სამკლავური განდო. ელოდი ასეთ ნდობას?
- თავიდან გიორგი აბურჯანია იყო კაპიტანი. მე და ლაშა დვალი ვიცეკაპიტნები ვიყავით. აბურჯანიას ეროვნულ ნაკრებში უხმეს და... ასე იყო ეს ამბავი. გულის სიღრმეში კი, შეიძლება ვფიქრობდი კაპიტნობაზე, მაგრამ ვერ ვიტყვი, დარწმუნებული ვიყავი - მეთქი.

- რა იგრძენი, როცა პირველად უკაპიტნე ახალგაზრდულ ნაკრებს?
- ეს იყო ზესტაფონში, ამხანაგური მატჩი უკრაინასთან. უდიდესი პასუხისმგებლობაა, როცა საქართველოს ნაკრები გაგყავს მინდორზე. გულში სულ სხვანაირი ამბები ხდება...

 

მინდორზე ასეთი არ ვარ...

- ცხოვრებაში ძალიან თავმდაბალი ხარ. კაპიტნობისას ეს ხელს ხომ არ გიშლის?
- მინდორზე არ ვარ ასეთი. საფეხბურთო "თავხედობაც" საჭიროა ხანდახან...

- ყვითელ ბარათებს თითქმის არ იღებ...
- ცოტას, მაგრამ მთლად არ ვიღებ-მეთქი, ამასაც ვერ ვიტყვი. ლანჩხუთში მივიღე ყვითელი ბარათი. მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელთან შელაპარაკების გამო.

- რით განსხვავდება საქართველოს ჩემპიონატის მატჩები ევროთასებისაგან?
- ევროთასებზე უფრო სხვა ტემპია. არის სხვა მომენტებიც. მაგალითად, საბერძნეთში, პაოკთან რომ ჩავედით, გადავსებული იყო სტადიონი. ჩვენ "დინამო არენაზეც" არ გვაკლდა ქომაგობა, მაგრამ მაინც...

- იმავე პაოკში არაერთი ლეგიონერი იყო. იმავეს ვერ ვიტყვით ზაგრების "დინამოზე". კი, იყვნენ ლეგიონერები, მაგრამ გუნდში ამინდს მაინც შენი ტოლი ხორვატი ფეხბურთელები ქმნიდნენ...
- დღემდე სინანულით ვიხსენებ იმ მატჩს. რამდენჯერ შეგვეძლო გოლის გატანა... ერთი გოლიც რომ გაგვეტანა ზაგრებში, თბილისში მეტი შანსი გვექნებოდა. ალბათ, მეტი უნდა გაგვეკეთებინა ჩვენი მხრიდან წარმატების მისაღწევად.

- თავის დროზე, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყავი. პირველი ევროშესარჩევი ბარიერის დაძლევის შემდეგ "სიკვდილის ჯგუფში" ითამაშეთ - თუნდაც, პორტუგალიისა და ესპანეთის ნაკრებები რად ღირს...
- ჩემი აზრით, არც ამ ჯგუფში ვყოფილვართ უშანსოდ. მაშინ ძალიან კარგი გუნდი გვყავდა, რომელსაც გიორგი დევდარიანი წვრთნიდა. ესპანეთთან ბოლომდე 1:2-ს ვაგებდით და მატჩის მიწურულს გავუშვით ორი გოლი. პორტუგალიასთან წინ ვიყავით...

- დღეს თუ უყურებ იმ ფეხბურთელების თამაშს, იმ დროს მეტოქეთა რიგებში რომ გამოდიოდნენ"
- რა თქმა უნდა. რენატო სანჩესი პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონი გახდა და "ბაიერნში" თამაშობს. მადრიდის "რეალის" შემტევი ასენსიოც რომ დიდი ტალანტია, ალბათ, დამეთანხმებით...

- შენი აზრით, რა ასაკში უნდა წავიდეს ფეხბურთელი საქართველოდან?
- წასვლა შეიძლება როგორც პატარა ასაკში, ასევე მერეც, როცა შენს შესაძლებლობებს საქართველოში დაამტკიცებ. მთავარია, გაგიმართლოს. ბევრი ყოფილა ისეთი მაგალითი, რომ ჩვენიანი წასულა უცხოეთში, მაგრამ იმ გუნდში მწვრთნელი ან პრეზიდენტი შეცვლილა და ეს ფეხბურთელიც უკან დაბრუნებულა.

- როგორ უყურებ არასაფეხბურთო ქვეყნებში ფეხბურთელების წასვლას საქართველოდან, თუნდაც, მეტი ანაზღაურების გამო?
- პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შესაბამის დროს შესაბამის ადგილზე მოვხვდე. მატერიალურს არასდროს დავაყენებ სპორტულ პრინციპზე წინ.

 

იქ სიამოვნებით მოვსინჯავდი ძალას...

- რომელ ჩემპიონატში თამაშია შენთვის საოცნებო?
- ინგლისის ჩემპიონატში სიამოვნებით მოვსინჯავდი საკუთარ შესაძლებლობებს. მინდა ვიგრძნო ის ტემპი და აურა, რაც პრემიერლიგაშია.

- მერე? "გაქაჩავდი"?
- ეგ კიდევ საკითხავია (იცინის).

- ვინ არის შენთვის ბავშვობის კერპი?
- რონალდინიო. მნიშვნელოვანწილად მან შემაყვარა ფეხბურთი.

- ახლა ვინაა საუკეთესო?
- ულაპარაკოდ ლიონელ მესი!

- ქართველი ფეხბურთელებიდან ვისი თამაში მოგწონდა ბავშვობაში?
- არველაძეები, იაშვილი, კობიაშვილი... არ მახსოვს გიორგი ქინქლაძის თამაში, მაგრამ ვიდეოები მაქვს ნანახი და უნდა ვთქვა პირდაპირ, რომ სასწაულებს აკეთებს მინდორზე.

- უკრაინულ პრესაში დაიწერა, კიტეიშვილი კიევის "დინამოს" აინტერესებსო...
- პირადად ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს. "დინამოსთან" კონტრაქტი მაქვს, ამ გუნდზე ვფიქრობ.

- ახალ "დინამოზე" რას იტყვი?
- ძალიან ახალგაზრდული და, ამავე დროს, საინტერესო გუნდია. ჩვენს მთავარ მწვრთნელს, ვიაჩესლავ გროზნის შემტევი ფეხბურთი უყვარს. სასიამოვნოა მასთან მუშაობა.

 

მოგებაც შეგვეძლო...

- საქართველოს ნაკრებში ვლადიმირ ვაისმა პირველად მოლდოვასთან მატჩის წინ გიხმო...
- სანაკრებო სია რომ უნდა გამოქვეყნებულიყო, წინა საღამოს ალექსანდრე იაშვილმა დამირეკა. მითხრა, ნაკრებში ხარ გამოძახებული და წარმატებები მისურვა. უზომოდ ბედნიერი ვიყავი. ვერ წარმოიდგენთ, რა ემოციები დამეუფლა, როცა ჩვენი ეროვნული ჰიმნი შესრულდა.

- სამაგიეროდ, უკვე ძირითადში ითამაშე ამხანაგური მატჩები უზბეკეთთან და იორდანიასთან...
- სხვათა შორის, არ ვიყავი მაინც ბოლომდე დარწმუნებული, რომ ამ ფორმაციის ნაკრებში გამომიძახებდნენ, არადა, ორივე თამაშში სასტარტოში ვიყავი. მიმაჩნია, რომ უზბეკეთთანაც და იორდანიასთანაც მოგება შეიძლებოდა.

- ვაისმა თქვა, დუბაის შეკრებამ გამოაჩინა ის ორი-სამი ფეხბურთელი, სერბეთთან მატჩისწინ ნაკრებში რომ გამოვიძახებო, ოღონდ გვარები არ დაუკონკრეტებია...
- ჩვენთვისაც არაფერი უთქვამს...

- საქართველოს ნაკრებში ყოფნისას გუნდის წამყვანი მოთამაშეებიც გაიცანი...
- ძალიან კარგი ვითარებაა ნაკრებში. ჩემი აზრით, მეტი ქულა უნდა გვქონდეს შესარჩევ ციკლში. რაც შეეხება ვლადიმირ ვაისს, ძალიან კარგი მწვრთნელია. ფეხბურთელებთან ახლო ურთიერთობა აქვს, ბოლომდე ესმის მათი...

ალეკო კაკაურიძე
გია ტუხაშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

12.02.2017

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024