თბილისის "დინამოში" კრიზისია. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის "თეთრ ჯგუფში" ქართული ფეხბურთის გრანდს მესამე ადგილი უჭირავს და არა მხოლოდ ჩემპიონობის დაკარგვის, არამედ ევროტურნირების გარეშე დარჩენის რეალური საფრთხის წინაშე დგას.
ამ დროისთვის, "დინამოს" მთავარი მწვრთნელის მოვალეობას თამაზ სამხარაძე ასრულებს. ისიც ცხადია, რომ თბილისურ კლუბს მალე ახალი დამრიგებელი ეყოლება. ქართველი იქნება ის თუ უცხოელი? კლუბის ხელმძღვანელობამ ვერდიქტი მალე უნდა გვამცნოს...
ცხადია, ეს ის სიტუაციაა, როცა კლუბის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა ასმაგდება.
დღეს "ლელოს" რესპონდენტი თბილისის "დინამოს" სპორტული დირექტორი ლევან გაბრიჩიძეა. შევეცადეთ, ინტერვიუში ყველა საინტერესო საკითხს შევხებოდით...
- ჩვენი საუბარი თბილისის "დინამოში" არსებული ზოგადი სიტუაციის შეფასებით დავიწყოთ. რა თქმა უნდა, დღევანდელი მდგომარეობით შეშფოთებულები იქნებით...
- მე ვიტყოდი, რომ ის, რაც დღეს ჩვენთან ხდება, პერიოდულად ახასიათებთ მსოფლიო ფეხბურთის გრანდებსაც. არის ხოლმე პერიოდები, როცა ყველაფერი ქვემოთ მიდის - შედეგი, თამაშის ხარისხი...
ასეთ დროს მომიწია "დინამოში" მოსვლა. ეს კიდევ უფრო ზრდის ჩვენს პასუხისმგებლობას.
ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი გუნდი, რომელიც ჯერ საქართველოში მოიგებს ტიტულებს და ამის შემდეგ წარმატებით ითამაშებს ევროთასებზე, აჩვენებს იმ ფეხბურთს, რომელიც ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს გაახარებს.
გულწრფელად უნდა გითხრათ - გუნდში არის ფსიქოლოგიური პრობლემა და თუნდაც ამ კუთხით უდიდესი სამუშაოა ჩასატარებელი.
ჯერ კიდევ ავსტრიაში ვცხოვრობდი, როცა ამ ფორმაციის "დინამო" ჩამოყალიბდა. გულშემატკივარი ევროთასებზე ამ გუნდისგან ბევრს ელოდა და როცა ვერ დადგა შესაბამისი შედეგი, ამან ფეხბურთელებზე ძალიან იმოქმედა.
ჩვენ დღეს უწყვეტ სამუშაო რეჟიმში ვართ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სიტუაცია რაც შეიძლება მალე გამოსწორდეს. მეორე მხრივ, ყველამ ვიცით, როგორია საქართველოს ჩემპიონატის ფორმატი. გვაქვს მოკლე პირველობა და შექმნილ ვითარებაში რთულია სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება.
- ფაქტია, ჩემპიონობის შენარჩუნება ძალიან რთული იქნება. ევროთასებზე გასვლა შესაძლებელია, მაგრამ, თუნდაც სტრატეგიული მოსაზრებით, ხომ არ გაქვთ გეგმაში, გუნდმა ერთი სეზონი "დაისვენოს" ევროთასებისგან და ყველაფერი ნულიდან დაიწყოს?
- ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია ასეთია: "დინამო" მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ ჩემპიონატის დარჩენილ მატჩებში მიაღწიოს ასპროცენტიან შედეგს. ამაში უნდა იყოს ჩადებული სწორედაც მაქსიმალური მონდომება და ძალისხმევა.
ამასთან, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ახალი "დინამოს" მშენებლობაზე, იმ "დინამოს" მშენებლობაზე, რომელშიც ითამაშებენ ახალგაზრდა ფეხბურთელები, ვინც ამას დაიმსახურებს. რა თქმა უნდა, გამოცდილ მოთამაშეებზეც ვერ ვიტყვით უარს, რადგან ახალგაზრდების წინსვლა სწორედ მათ გვერდით უნდა მოხდეს.
- "დინამომ" კონტრაქტი გაწყვიტა ლეგიონერებთან. მათ შორის ბოლო იყო ფრანგი მეკარე ანტონი სკრიბე. ხელშეკრულებების ვადაზე ადრე შეწყვეტით "დინამო" ფინანსურად ხომ არ დაზარალდა?
- დიდი მუშაობის შედეგად, იმ ფეხბურთელებთან, რომლებთანაც კონტრაქტი გაწყდა, მივაღწიეთ ისეთ შეთანხმებას, რომ "დინამო" საერთოდ არ დაზარალებულა. კიდევ ერთხელ და გულწრფელად უნდა გითხრათ - ეს მოხდა დიდი მუშაობის შედეგად.
- ოქტომბრის ბოლოს სატრანსფერო ფანჯარა იხსნება. ცოტა სარისკო კი არის, მაგრამ მაინც - "დინამოში" ახალი ქართველი ფეხბურთელებისა და უცხოელების გამოჩენას ხომ არ უნდა ველოდოთ?
- რაც შეეხება უცხოელ ფეხბურთელებს, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ისინი "დინამოში" არ იქნებიან. ხოლო, თუ გამოჩნდება ისეთი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ბოლომდე დააკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებსა და სტანდარტებს, ვნახოთ. თუმცა აქვე იმასაც გეტყვით, რომ ამ ეტაპისთვის ეს არ არის ჩვენი პრიორიტეტი.
- ყველა აღიარებს, რომ კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ მართლაც ძალიან ბევრი რამ გააკეთა "დინამოს" აკადემიისთვის. ამ ფონზე ყველამ მტკივნეულად მივიღეთ უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე განცდილი საშინაო მარცხი ყაზახურ "ქაირათთან"...
- ეს ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. როგორც იტყვიან, ბურთი მრგვალია. ყველამ ვნახეთ, რომ ამ ფეხბურთელებს სჭირდებათ ბევრი მუშაობა. ტალანტი კი მათში ნამდვილად არის, თუნდაც - ინდივიდუალური კუთხით...
მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ ფეხბურთელებიდან ზოგიერთი სულ მალე გადმოინაცვლებს თბილისის "დინამოს" პირველ გუნდში. ახლა კონკრეტული გვარების დასახელება არ შემიძლია, მაგრამ მჯერა, მათ მიეცემათ შანსი, რომ დამკვიდრდნენ მთავარ გუნდში.
- გამოდის, რომ "დინამოს" საკლუბო სტრატეგია იქნება საკუთარი აკადემიის აღზრდილებზე დაყრდნობა...
- აკადემიის ყველა აღსაზრდელი, ვინც ამას დაიმსახურებს, პირველ გუნდში მოხვდება.
- ერთხელაც დავუბრუნდეთ "ქაირათთან" მატჩს. რა გაჩვენათ ამ თამაშმა?
- გეტყვით. საერთოდ, მირჩევნია, სწრაფად არ გავაკეთო ანალიზი - დავჯდე, დავფიქრდე და დასკვნა ამის შემდეგ გამოვიტანო. სწრაფად გაკეთებულ ანალიზს ხშირად დამაჯერებლობა აკლია, თუმცა ჩემს აზრს მაინც მოგახსენებთ. ვერ ვიტყვი, რომ დინამოელები საქართველოს ასაკობრივ ჩემპიონატში უკონკურენციოები არიან, მაგრამ უნდა დამეთანხმოთ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე სხვა დონეა. ინდივიდუალურად ყველაფერი რიგზე იყო, გუნდურ თამაშში გვქონდა პრობლემები.
კარგა ხანს ვცხოვრობდი ავსტრიაში და იქაურ მაგალითს მოგიყვანთ. ავიღოთ, ავსტრიის 19-წლამდელთა ლიგა. იქ არის ძალიან დიდი კონკურენცია. ერთმანეთში თამაშობენ "ზალცბურგი", "რაპიდი", "აუსტრია"... ეს განაპირობებს მაღალ საერთო დონეს და მერე ამ გუნდებს აღარ უჭირთ ევროპის ახალგაზრდულ ლიგაზე თამაში.
მეტოქის ფაქტორიც უნდა გავითვალისწინოთ. მე კარგად ვიცი, რა ხდება "ქაირათის" აკადემიაში. იქ ევროპულ დონეზეა ყველაფერი, მუშაობენ მწვრთნელები, რომელთაც აქვთ უდიდესი გამოცდილება. ძალიან ორგანიზებული გუნდი იყო. ასეთივე თამაში დაგვიპირისპირა დაცვასა და შეტევაში. ჩვენი ფეხბურთელებისა და სამწვრთნელო შტაბის მოტივაცია იყო უდიდესი, მინდა დაგარწმუნოთ ამაში. ჩვენც ძალიან ბევრს ვითხოვდით მათგან. მჯერა, ამ ფეხბურთელებს აქვთ პოტენციალი, რომელსაც ისინი გამოავლენენ.
- კითხვა, რომელზე პასუხიც მკითხველს ყველაზე მეტად აინტერესებს - თამაზ სამხარაძე "დინამოს" მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ასრულებს, გუნდს კი ახალი დამრიგებელი სჭირდება. წესით, უნდა მუშაობდეთ ამ საკითხზე...
- რა თქმა უნდა, აქტიურად ვმუშაობთ ამ საკითხზე. ჩვენს ინტერესშია, რომ რაც შეიძლება მალე "დინამო" ჩაიბაროს კვალიფიციურმა მწვრთნელმა. გვაქვს რამდენიმე ვარიანტი. რა თქმა უნდა, მწვრთნელის მოძიების პროცესი იქნება გამჭვირვალე და ჩვენი გადაწყვეტილების თაობაზე საზოგადოებას ოპერატიულად ვაცნობებთ.
- ქართველი მწვრთნელების ვარიანტებს განიხილავთ თუ უცხოელებისას?
- არის ორივე ვარიანტი... ჩემი აზრით, დღევანდელ "დინამოს" მოუხდება მწვრთნელი, რომელიც კარგად იცნობს ქართულ მენტალიტეტს და აქვს ევროპაში მუშაობის გამოცდილება...
- მაშ, ზუსტად ჯერ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ "დინამოს" მომავალი მწვრთნელი ქართველი იქნება?
- შეიძლება, არ იყოს ქართველი, მაგრამ კარგად უნდა იცნობდეს ქართულ მენტალიტეტს.
- ...და არის ასეთი მწვრთნელი?
- ახლა სამუშაო პროცესი მიმდინარეობს და ვერაფერს დავაკონკრეტებ, თუმცა გეტყვით, რომ არის ასეთი მწვრთნელი... ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
http://www.sportall.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/chempionati/96972-dghis-thema-ra-khdeba-thbilisis-qdinamoshiq.html
ალეკო კაკაურიძე 04.10.16