• Geo
  • Eng
04.04.2017
"თამაში ძლიერ ჩემპიონატში მსურდა და ამაში ვერავინ გამამტყუნებს!"

საქართველოს ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილი თბილისის "დინამოს" ღირსებას დაიცავს. 30 წლის მეკარესა და "დინამოს" შორის კონტრაქტი 1+1 სისტემით გაფორმდა.

რევიშვილი შარშან, გარდამავალ ჩემპიონატში იცავდა თბილისის "დინამოს" ღირსებას, სეზონის დასრულების შემდეგ კი ნაკრების გოლკიპერმა მოლდოვურ "დაჩიაში" გადასვლა ამჯობინა. საბოლოოდ, რევიშვილსა და "დაჩიას" შორის თანამშრომლობა არ შედგა და ნუკრი "დინამოში" თავისუფალი აგენტის სტატუსით დაბრუნდა.

"დინამოში" დაბრუნებული მეკარე პირველად Sportall.ge-ს ესაუბრა.

- პირველ რიგში, გვითხარი, რა მოხდა "დაჩიაში"? კლუბიდან ისე წამოხვედი, ერთი წუთიც არ გითამაშია...
- მოლდოვაში სულ სამი კვირა დავყავი და საერთოდ არ მსურს ამ პერიოდზე რაიმე კომენტარის გაკეთება. ძალიან რთულ თემებზე მომიწევს საუბარი და არ ღირს.

- ვიცით, რომ "დაჩიას" გარდა, ახნასის "ეთნიკოსის" ვარიანტიც გქონდა. ეს ვარიანტი რატომ არ გამოვიდა?
- კი, ასეა. "ეთნიკოსში" ზამთარში "დინამოდანვე" უნდა გადავსულიყავი, მაგრამ კლუბს ემბარგო დაადეს და ეს ტრანსფერი ამიტომ ჩაიშალა.

- მორალურად, უხერხულობის მომენტი ხომ არ გქონია თბილისის "დინამოში" დაბრუნებისას?
- მართალია, "დინამოში" არცთუ ისე დიდი დრო დავყავი, მაგრამ ის ჩემი ნაწილი გახდა და ძალიან მიხარია აქ დაბრუნება. ალბათ, სჯობდა, თავის დროზე დავრჩენილიყავი, მაგრამ თამაში ძლიერ ჩემპიონატში მინდოდა. 30 წლის ვარ, კარგ ფორმაში ვარ და ამაში ვერავინ გამამტყუნებს!

"დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიასთან და სამწვრთნელო შტაბთან კარგი ურთიერთობა მაქვს. თუ მომავალში რაიმე მიმზიდველი ვარიანტი არ გამომიჩნდა, კარიერის ბოლომდე "დინამოში" დიდი სიამოვნებით ვითამაშებ.

თუ ვინმე ფიქრობს, რომ მიხარია გუნდების ხშირი ცვლა, ძალიან ცდება. მინდოდა უკეთეს კლუბში მეთამაშა, მაგრამ, სამწუხაროდ, ყოველთვის ყველაფერი ისე არ გამოდის, როგორც ვგეგმავთ ხოლმე. მეც მინდოდა სტაბილურად კარგ კლუბში ყოფნა და წინსვლა, მაგრამ...

ეს უკვე წარსულია! დღეს აქ ვარ და მინდა, "დინამოსთან" ერთად წარმატებას მივაღწიო.

- "დინამოდან" წასვლა ძირითადმა მეკარემ და კაპიტანმა გადაწყვიტე. ახლა რა როლი გექნება გუნდში?
- ჩემთვის არასდროს ჰქონდა მნიშვნელობა, მეკეთებოდა თუ არა კაპიტნის სამკლავური. მე ყოველთვის გუნდის კაპიტანი ვარ. ვფიქრობ, გუნდის ლიდერი მეკარე უნდა იყოს. ასე რომ, სალაპარაკო ჩემს როლზე არაფერი იყო.

მე და "დინამოს" საერთო აზრი და შეხედულება გვაქვს: გვინდა, გუნდმა წარმატებას მიაღწიოს!

- "დინამომ" სეზონი არცთუ ისე კარგად დაიწყო, მაგრამ ბოლო ტურში მოქმედ ჩემპიონს სტუმრად დამაჯერებლად მოუგო. როგორია შენი შთაბეჭდილება გაახალგაზრდავებულ "დინამოზე"?
- სტარტი ნამდვილად არ იყო კარგი, მაგრამ ამ ფორმაციის "დინამოსი", ახალგაზრდა ბიჭების დიდი იმედი მაქვს. მე და სხვა გამოცდილი ფეხბურთელები ყველანაირად გვერდში დავუდგებით მათ და ერთად შევძლებთ, "დინამო" წარმატებული გავხადოთ.

- ნახავდი ეროვნული ნაკრების მატჩს ლატვიასთან. როგორ მოგეწონა გიორგი მაკარიძე?
- ვნახე, კი და მისი თამაში ძალიან მომეწონა. მეკარისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია კარის "მშრალად" შენახვა.

- შენ როგორ ფიქრობ, "დინამოდან" ნაკრებში დაბრუნდები?
- სანაკრებო კარიერაზე, რა თქმა უნდა, ვფიქრობ. უკვე 12 წელია ნაკრების წევრი ვარ და თავს ახლაც ამ გუნდის ნაწილად მივიჩნევ. ასე იქნება მანამ, სანამ კარიერას დავასრულებ.

 

http://www.sportall.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/chempionati/102911-eqskluzivi-qthamashi-dzlier-chempionatshi-msurda-da-amashi-veravin-gamamtyunebsq.html

04.04.17    ედო ბადალაშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024