გუშინ, ქუთაისში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2017 წლის ბოლო შეხვედრა გამართა და ბელარუსს დაუზავდა - 2:2.
საინტერესო იყო ამბავი, რომელიც საქართველოს ნაკრების მატჩისწინა ვარჯიშზე მოხდა: ეროვნული გუნდის კაპიტანმა ჯაბა კანკავამ ნაკრების დებიუტანტს, თბილისის "დინამოს" 23 წლის მცველ ლევან გეგეჭკორს სიმბოლური საჩუქარი გადასცა. ახალწვეულის დაჯილდოება ნაკრებში ტრადიციად დამკვიდრდა: მანამდე, მსგავსი პრიზი მიიღო ირაკლი სიხარულიძემ, რომელმაც გუშინ თავისი პირველი სანაკრებო გოლიც გაიტანა...
მატჩის შემდეგ "ლელომ" გეგეჭკორთან ინტერვიუ ჩაწერა:
- საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშეთ. როგორია პირველი შთაბეჭდილებები?
- ძალიან სასიამოვნო განცდა და დიდი მოტივაციაც იყო. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ მწვრთნელი გენდობა და ძირითადში გაყენებს. ვაისის კეთილგანწყობას მთელი შეკრების დროს და მანამდეც ვგრძნობდი.
- თამაშამდე თანაგუნდელებმა სასიამოვნო სიურპრიზი მოგიწყვეს - წყალტუბოში სიმბოლური საჩუქარი გადმოგცეს...
- იმანაც ძალიან იმოქმედა, ნაკრების ვიმპელით ჯაბა კანკავამ და გურამ კაშიამ რომ დამასაჩუქრეს. თითქოს, დეტალია, მაგრამ - ძალიან სასიამოვნო.
ნაკრებში დებიუტანტი ვარ და შეკრებაზე გატარებული თითოეული საათი და დღე მამახსოვრდება. ამაზე მეტი რა სტიმული უნდა იყოს, როცა მოედანზე გადიხარ, შენი ქვეყნის ჰიმნზე დგები და თამაშობ. ყველა ასაკობრივ ნაკრებში მითამაშია, იქაც მქონდა დიდი ემოცია და ახლა ხომ საერთოდ - ეროვნული გუნდი სხვა სიმაღლეზე მოხვედრის შანსი და იმედია.
- თავიდან შებოჭილი ჩანდით, მერე კი, განსაკუთრებით მეორე ტაიმის დასაწყისში, შეტევებში აქტიურად ჩაერთვეთ. ეს მწვრთნელის დავალება იყო?
- მწვრთნელზეა დამოკიდებული, რა დავალებას მოგცემს. ვაისს უყვარს, მცველი რომ ამწვავებს თამაშს და შეტევებში ერთვება. ვიგრძენი, შეიძლებოდა თამაში და მეც თამამად შევუტიე. ჩემს მხარეს მცველთან და ნახევარმცველთან უპირატესობის მოპოვება შეიძლებოდა და ეს გამოვიყენე.
- თუმცა, მეორე ტაიმში ბელარუსებიც მწვავე კონტრშეტევებს ახორციელებდნენ. დაიღალეთ თუ შეტევებს რატომ ვეღარ აჩერებდით?
- ალბათ, ესეც ლოგიკური იყო. შინ ვთამაშობდით, მოგება გვინდოდა და მეორე ტაიმის ბოლოსკენ მთელი გუნდით შეტევაზე გადავედით. ასეთ დროს დაცვას ნაკლები ყურადღება ექცევა და მეტოქისთვის კონტრშეტევების წამოწყება შედარებით ადვილია. ბელარუსი კი სწორედ კონტრშეტევის გუნდია.
- მეტოქეზე რას იტყვით?
- საკმაოდ სწრაფი და საინტერესო გუნდი აღმოჩნდა. როგორც ვთქვი, კონტრშეტევები ეხერხებათ. მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს შეხვედრა ჩვენი მოსაგები იყო.