ოთარ კიტეიშვილი "დინამო თბილისის" კაპიტანია. 21 წლის ნახევარმცველმა მიმდინარე ეროვნული ლიგის სეზონი შესანიშნავად დაიწყო და "ლოკომოტივთან" დუბლიც შეასრულა.
ოთარისთვის ყველაზე მძიმედ გადასატანი გაფუჭებული პენალტია, რომელიც მან გასული ჩემპიონატის ბოლო ტურში ქუთაისის "ტორპედოს" წინააღმდეგ ვერ გამოიყენა.
საინტერესოა, რა არის "დინამოს" მიზანი მიმდინარე ეროვნულ ლიგაში, როგორ ფორმაშია გუნდი და რას აპირებს თავად ფეხბურთელი.
Sportall.ge კიტეიშვილს დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა.
- როგორ შეაფასებდით "დინამო თბილისის" ასპარეზობას ეროვნული ლიგის პირველ ორ ტურში?
- საკმაოდ ნაყოფიერი ორი შეკრება გავიარეთ და ვთვლი, რომ კარგ ფორმაში ვართ.
მიუხედავად იმისა, რომ პირველი თამაში წავაგეთ, ეს "დინამოს" მაქსიმუმი არ არის.
იმედი მაქვს, უფრო მოვუმატებთ და ეს შედეგზეც აისახება. პირველ ტურში, ალბათ, უფრო მეტი მობილიზება და აგრესია გვმართებდა მოედანზე, თუმცა აუცილებლად გამოვასწორებთ შეცდომებს, რაც მეორე ტურშიც გამოჩნდა.
- "ლოკომოტივთან" ძალიან კარგად ითამაშეთ და დუბლი შეასრულეთ. "დინამოს" კაპიტანი ხართ, უნდა იტვირთოთ თუ არა ლიდერის ფუნქციები თქვენს თავზე?
- "ლოკომოტივთან" ორი გოლის გატანა ძალიან სასიხარულოა, თუმცა გუნდის შედეგი ყოველთვის წინა ადგილზეა. ვთვლი, რომ ყველა ფეხბურთელმა და მათ შორის, მეც, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ შედეგის მისაღწევად.
თუ გუნდს დასჭირდა, იმედია, ლიდერის თვისებებსაც გამოვავლენ და ყველა ფეხბურთელი ვალდებულია, რომ თავისი საქმე კარგად შეასრულოს მოედანზე.
- "დინამო თბილისის" მიზანია, გუნდის მომავალი აკადემიაზე ააწყოს, თუმცა ფაქტია, კლუბს ბოლო დროს ბევრი ახალგაზრდა ტოვებს...
- ჯერჯერობით, საქართველოს ჩემპიონატის დონე არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ საშუალო ევროპული კლუბების შემოთავაზებაზე უარი ვთქვათ.
თუნდაც ფინანსური კუთხითაც, მომზადებით... არის რაღაც ტრამპლინი, რომელიც უნდა გადალახო და ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ევროპული შემოთავაზება ყოველთვის მისაღებია.
ასე არის ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვისაც. ალბათ, მათი სურვილი იყო, რომ "დინამოში" დარჩენილიყვნენ და კლუბთან ერთად მიეღწიათ მიზნებისთვის, მაგრამ ისე მოხდა, რომ ახალი გამოწვევა ჰქონდათ და ის მიიღეს.
- ალბათ, თქვენც გექნებოდათ შემოთავაზება რომელიმე ევროპული კლუბიდან, თუმცა "დინამოსთან" კონტრაქტის გახანგრძლივება არჩიეთ...
- კონკრეტული ისეთი არაფერი შემოთავაზება არ ყოფილა. მეც მინდოდა "დინამოში" დარჩენა და როგორც კლუბის პრეზიდენტმა, ისე მთავარმა მწვრთნელმა, ჩემი დარჩენის დიდი სურვილი გამოთქვეს. ერთობლივი შეთანხმების შედეგად გავახანგრძლივე კონტრაქტი.
- "ტრანსფერმარკეტის" მონაცემებით, ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშე ხართ...
- რომ გითხრათ, რაღაც განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, ასე არ არის, მაგრამ გარკვეულწილად, რაღაც მხრივ ეგეც არის... ყოველთვის ვცდილობ, ჩემი საქმე გავაკეთო.
ჩემი კარგი თამაშით უნდა დავანახო სხვა კარგ გუნდებს ჩემი შესაძლებლობები და რაც გამოდის, ეს არის.
- რა იქნება "დინამო თბილისის" მიზანი მიმდინარე ეროვნულ ლიგაში?
- "დინამო" ქართული ფეხბურთის ფლაგმანია და მისი მიზანი საქართველოს ჩემპიონობა და თასის მოპოვება იქნება.
- "დინამო" ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს...
- გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი თამაშობს. ბევრია ისეთი, რომელსაც ასეთ დონეზე არ უთამაშია და ევროსარბიელი გამოწვევაა.
მიზანი რაც შეიძლება მეტი ეტაპის გავლა და ევროტურნირებისთვის ძალიან კარგად მომზადებაა. ვეცდებით, რომ მაქსიმალური შედეგი დავდოთ.
- "დინამოში" უკვე დიდი ხანია ასპარეზობთ. რა პროგრესი განიცადა ამ პერიოდში გუნდმა და თავად თქვენც, როგორც ფეხბურთელმა?..
- ჩემი ყოფნის დროს კახა კაჭარავა მე-5 თუ მე-6 მწვრთნელია... ხშირად იშლებოდა გუნდი და მწვრთნელსაც ხშირად ცვლიდნენ... გუნდი გარკვეულწილად პროგრესირებს.
ახალგაზრდა ფეხბურთელებზე აკეთებს აქცენტს, რასაც მივესალმები. პირად მე რაც შემეხება, როდესაც "დინამოში" მოვედი, 18 წლის ვიყავი და აქ ჩამოვყალიბდი, როგორც ფეხბურთელი და ძალიან ბევრი რამ ვისწავლე.
- თქვენთვის ძალიან ცუდ თემას შევეხოთ... რას გრძნობდით მაშინ, როდესაც ქუთაისის "ტორპედოსთან" თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენეთ?
- ძალიან დიდი იმედგაცრუება იყო... იმხელა სიხარულის მოტანა შეგვეძლო და ყველაფერი ერთ დარტყმაზე იყო დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ძალიან საპასუხისმგებლო დარტყმა იყო და სამწუხაროა, რომ ვერ გამოვიყენე.
ძალიან დიდი ხნის განმავლობაში თავს დამნაშავედ ვგრძნობდი და ახლაც ასე ვარ, მაგრამ გარკვეულწილად ამან გადამიარა და ახალი ენერგიით, მოტივაციით შევხვდი ახალ სეზონს.
- როინ კვასხვაძემ განაცხადა, რომ თქვენ დაგირეკათ და გვერდში დაგიდგათ. ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც ეს რთული პერიოდი გადაგატანინათ?
- როინმა მართლა დამირეკა... ძალიან ბევრი ადამიანი იყო, ვისგანაც უბრალოდ ტექსტური შეტყობინება თუ ზარი მივიღე. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
ჩემთვის ყველაზე ახლოს იყვნენ ჩემი ოჯახის წევრები და შეყვარებული, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში, ჩემ გონზე მოყვანას ცდილობდა.
- რა არის ოთარ კიტეიშვილის სამომავლო მიზანი, რა იქნება კარიერაში მისი მაქსიმუმი?
- მაქსიმუმი რა იქნება, არ ვიცი, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ერთ ადგილზე არ გავჩერდე და ზრდა გავაგრძელო.
https://www.sportall.ge/fekhburthi/fekhburthii/erovnuli-liga/116350-qdzalian-didi-khnis-ganmavlobashi-thavs-damnashaved-vgrdznobdi-da-akhlac-ase-varq.html
ლაშა ბეგიაშვილი 14-03-2018