ქართულ საფეხბურთო ამბებში კარგად ჩახედული კაცისგან ხშირად გაიგონებთ ერთ ჭეშმარიტებას, რომლის მიხედვითაც, ჩვენს ფეხბურთში კარგი ამბები
მანამ ვერ გადაებმება ერთმანეთს, სანამ თბილისის "დინამო" ვერ დაიბრუნებს ძველ, ან ძველთან მიახლოებულ სიმაღლეებს.
ხარ თუ არა "დინამოს" ქომაგი და კარგია თუ არა ეს, მაინც უნდა აღიარო, რომ ჩვენი ფეხბურთის მთელი ისტორია დიდწილად თბილისის "დინამოს" ისტორიაა და ისიც ფაქტია, რომ არცთუ ძალიან შორეულ წარსულში ეს გუნდი ევროპული ფეხბურთის გრანდებს ამარცხებდა...
დღეს ფეხბურთში მთავარი ფულია და "დინამო" ამ ახალ რეალობაში გვარიანად გაიჭყლიტა.
ეს მხოლოდ ერთი კონკრეტული კლუბის პრობლემა არ არის. ეს მთელი ჩვენი ფეხბურთის დიდი ტკივილია - როცა ჩემპიონატი არ ვარგა, როცა შენ არ გაქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ძალიან ძნელია და, პრაქტიკულად შეუძლებელიც, შექმნა ისეთი კლუბი, რომელიც წარმატებას მიაღწევს ევროთასებზე.
თანამედროვე "დინამოში" უკვე მოისინჯა რამდენიმე გზა. იყო ქართული რეალობისთვის მეგახელფასები და არ იყო შედეგი ევროთასებზე. მთავარი ესაა. საქართველოს ჩემპიონობა კი, ერთ დღეს, შეიძლება, მართლა მოსწყინდეს კაცს...
ახლა კლუბის შეფობა სხვა გზას ადგას და ეს გზა საკლუბო აკადემიაზე გადის. ეს ისეთი გზაა, კრიტიკოსები არ დაელევა, მაგრამ დღეს ჩვენი წერილის მიზანი ამ გზის პლუს-მინუსების ჩამოთვლა არ არის.
ფაქტია: სულ რომ არაფერი გაეკეთებინა "დინამოს" აკადემიას, მას საამაყოდ მხოლოდ ის ეყოფა, რომ ქართულ ფეხბურთს გიორგი ჩაკვეტაძე აღუზარდა - ფეხბურთელი, რომელზეც დღეს უდიდეს იმედებს ვამყარებთ და რომელზეც კარგა ხნის განმავლობაში უნდა იდგეს საქართველოს ეროვნული ნაკრები, ყოველ შემთხვევაში, ასეა დღევანდელი გადასახედიდან...
რაც საქართველოს ჩემპიონატი დაიწყო, "დინამოს" ყველა მატჩი ვნახე და უნდა დავწერო პირდაპირ: არავინ იცის, რა და როგორ იქნება მომავალში, მაგრამ სადღეისოდ "დინამო" ყველაზე კარგი, სწორად და თანამედროვედ მოთამაშე გუნდია საქართველოს ჩემპიონატში.
ძალიან კარგად მესმის, რომ ევროთასები სხვა თამასა, სხვა დონეა, მაგრამ ბევრი უწვერული ბიჭითა და ორიოდე გამოცდილი ფეხბურთელით ესეც საქმეა. მეორე მომენტია ის, რომ საკლუბო აკადემია, მძლავრად რომ ამუშავდა, უკვე იძლევა ხარისხიან, ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებულ პროდუქტს.
ფეხბურთელი მიდის პირველ გუნდში და მან უკვე ძალიან კარგად იცის, როგორია საკლუბო ხელწერა, როგორია ის მოთხოვნები, რაც დგას მის წინაშე. მისთვის უცხო არ არის ტაქტიკური სქემა, რომელიც დახვდება პირველ გუნდში. ეს უკვე სწორი გეზია.
სხვისი არ ვიცი და, მე ვფიქრობ, რომ თანამედროვე "დინამოს" ის მწვრთნელი უდგას სათავეში, რომელიც გუნდს სჭირდება. ზოგადად, როცა მწვრთნელი ხარ და დიდზე დიდი ტვირთი გაწევს მხრებზე, იოლი როდია, ახალგაზრდა ფეხბურთელებს ენდო.
კახა კაჭარავამ ეს ძალიან კარგად იცის. იცის ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა "დინამოს" სულ არ ჰქონდა ასეთი გეზი და როცა სხვა გზები და სხვა საშუალებები არსებობდა წარმატების მისაღწევად.
ქართულ ფეხბურთში ბევრის ბამბაც ჩხრიალებს. კაჭარავას არ უყვარს იაფფასიანი ტრიუკები, რასაც პოპულარობა მოაქვს. არადა, მის ხელში ბევრმა ისეთმა ფეხბურთელმა გაიარა, ვინც დღეს საქართველოს ნაკრების ძირითადის მოთამაშეა.
რაღა შორს წავიდეთ, გურამ კაშიას თვალწინაა მაგალითი. ვინ იცის, რომ არა კაჭარავა, კაშიას კარიერა ვერც აწყობილიყო ისე ყისმათიანად, როგორც დღეს არის. მაგალითების ჩამოთვლა კიდევ შეიძლება, მაგრამ, მგონი, საჭირო აღარ არის.
კაჭარავას არ უყვარს ლაპარაკი საკუთარ დამსახურებაზე, ზოგადად კი, ძალიან კარგი მოსაუბრეა. იქნებ, არ მოსწონდეს კიდეც ის ტენდენციები, რასაც დღეს მორჩილებს ფეხბურთი. მისთვის არის ბევრი ისეთი რამ, რაც ფულზე მნიშვნელოვანია. ის საქმის და ღირსების კაცია.
ის არასოდეს გაჰკიდებია იაფფასიან დიდებას და ეს უკვე კარგია. კარგია თუნდაც იმის ფონზე, რა ტენდენციებიცაა დღეს თანამედროვე ფეხბურთში. ამადაცაა, ქართულ ფეხბურთში "ბაბუ" ყველას ძალიან რომ უყვარს და ძალიან იშვიათად ნახავთ ისეთ კაცს, მასზე ძვირი თქვას.
კარგია, რომ ახალი "დინამოს" სათავეში სწორედ ეს კაცი დგას. ის უხდება საკლუბო ფილოსოფიას და კონკრეტულად ამ "დინამოს". უხდება, რადგან დღეს ქართული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანს არაფერი ისე არ სჭირდება, როგორც - დიდი ერთგულება.
"დინამოს" მალე მოუწევს ევროპული გამოცდის ჩაბარება. ეს იოლი არასოდეს არის და, მით უმეტეს, არ არის ახლა, როცა ქართული რეალობიდან გამომდინარე, ძალიან ბევრ ფეხბურთელს საქართველოდან გაქცევაზე უჭირავს თვალი. ბიჭებს ვერავინ გაამტყუნებს. ისინი მიდიან იქ, სადაც უკეთესი პირობებია ფეხბურთის სათამაშოდ და სადაც მხოლოდ ორი-სამი გუნდი არ ჰგავს გუნდს.
აგერ, უკვე მერამდენედ ააწყო კაჭარავამ ახალი "დინამო". მას აღარ ჰყავს ჩაკვეტაძე და ახალი გუნდის თამაშში იქნებ აღარ იგრძნობოდეს ისეთი სინატიფე, როგორიც იყო ძველის გარჯაში, თუმცა გუნდი თავის გზაზე მიდის. "დინამო" ცდილობს, სწრაფად და აგრესიულად თამაშს. ეს ძალიან კარგია, ეს უკვე თანამედროვე ევროპისკენ გადადგმულ ნაბიჯს ნიშნავს.
სათქმელია ისიც, რომ გუნდის ფუნდამენტი ქართველი ფეხბურთელებია. ზოგადად, კაჭარავა არ გაურბის ლეგიონერებთან მუშაობას, თუმცა მისი პრინციპია - ლეგიონერი ადგილობრივზე უკეთესი უნდა იყოს. მას ძველ "დინამოშიც" ჰყავდა ძალიან კარგი ლეგიონერები. მაგალითად, გიორგი ლორიამ ბევრი ისწავლა დიდიე ოვონოსგან. გურამ კაშიამ ბევრი რამ შეიმეცნა ნედ ზელიჩისგან, მილოშ კრშკოსაგან...
ამ "დინამოშიც" არის ლეგიონერი. მოდი, ნუ ჩავთვლით ლეგიონერად მაინცდამაინც გუჯა რუხაიას, უკრაინელ დმიტრო ივანისენიაზე ვთქვათ, ახალგაზრდა საყრდენზე. ის თანდათან უმატებს. საერთოდ, კარგია, როცა საქართველოს ჩემპიონატში ლეგიონერი უმატებს და არა - პირიქით. ცნობილია: ბევრი სათამაშოდ მხოლოდ მაშინ ჩამოდის ჩვენს ქვეყანაში, როცა ზურგს უკან აქვს კარიერის საუკეთესო წლები.
საერთოდ, ძალიან კარგი იქნება, თუ ამ ფორმაციის "დინამო" რამდენიმე წელიწადს მაინც შენარჩუნდება. საუბარია ძირითად ბირთვზე, თორემ კარგად მესმის, რომ გუნდი ცოცხალი ორგანიზმია და პერიოდულად გადახალისებას საჭიროებს.
სიმართლე გითხრათ, ველოდი, რომ წინა სეზონის დასრულების შემდეგ ოთარ კიტეიშვილი წავიდოდა. ის არ წავიდა და ეს კარგია. გაჩნდა რაღაცნაირი სტაბილურობის განცდა. თუნდაც გარკვეული დროის განმავლობაში არც სხვები უნდა წავიდნენ. სათქმელად იოლია, მაგრამ გასაკეთებლადაა რთული. და მაინც, ამ ეტაპზე ასე სჭირდება "დინამოს".
არ ვიცი, როგორი იქნება ამ გამოცდის ფინიში. ის კი ვიცი, რომ "დინამოს" სათავეში ღირსეული მწვრთნელი ჰყავს - მწვრთნელი, ვისთვისაც საკლუბო ფილოსოფია და საფეხბურთო ღირსება ფულზე მეტია. მწვრთნელი, ვინც საქმის და ღირსების კაცია...
https://bit.ly/2v5I0xb
გაზეთი ლელო 11.04.2018
ალეკო კაკაურიძე