"იყო იმედგაცრუებები, მაგრამ მიზეზს ყოველთვის საკუთარ თავში ვეძებდი" | თევზაძის ევროპული თავგადასავალი იწყება
21 წლის მარცხენა მცველი, გიორგი თევზაძე ახალი სეზონიდან კარიერას უცხოეთში გააგრძელებს.
Adjarasport–ის ექსკლუზიური ინფორმაციით, "დინამოს" ყოფილმა მცველმა კონტრაქტი გააფორმა სლოვაკურ "ჟილინასთან".
ჩვენი საიტი გიორგი თევზაძეს სლოვაკეთში დაუკავშირდა და ტრანსფერის შემდეგ პირველად გაესაუბრა.
–გილოცავთ ევროპულ ფეხბურთში პირველ ნაბიჯს. როგორია შენი ემოციები და ხელშეკრულების პირობები ახალ გუნდთან?
–ძალიან გახარებული ვარ ტრანსფერით. "ჟილინასთან" 3–წლიან ხელშეკრულებას მოვაწერე ხელი. ახლა კი ვეცდები, რაც შეიძლება მალე დავიწყო თამაში. ძალიან დიდი დრო გამიცდა და ვერც წარმოვიდგენდი, უთამაშებელი თუ შევძლებდი ტრანსფერს. სიმართლე გითხრათ, რამდენიმე თვის წინ უნდა გადავსულიყავი სლოვაკეთში, მაგრამ ტრავმირებული ვიყავი და თავი შეიკავეს.
–პირველი ინტერესი როდის გაჩნდა "ჟილინას" მხრიდან? გუნდის წარმომადგენლებს ესაუბრე?
–1 წლის წინ, როცა 21–წლამდელთა ნაკრებში თამაში გვქონდა, ჩამოვიდნენ და ჩემი შეხვედრა ნახეს. დიახ, სპორტული დირექტორი შემხვდა და ისინი ჩემი ტრანსფერით გახარებულები არიან.
–როგორ პირობებში ემზადება "ჟილინა"? საწვრთნელი ბაზა და სტადიონი დაათვალიერე?
–კი, როცა ჩამოვედი, ყველაფერი დავათვალიერე. ყველაფერი ძალიან მაღალ დონეზე აქვთ. უბრალოდ, 1 ხელოვნური მოედანი აქვთ, მაგრამ საფარი უმაღლესი დონისაა. ახლა ჩვენი გუნდი მიდის 25 ივნისს სლოვენიაში შეკრებაზე, იქნება ამხანაგური შეხვედრებიც და მაქსიმალურად ვეცდები, ამ პროცესში საუკეთესო ფორმაში შევიდე.
–ბევრი წერდა, რომ "დინამო" უსამართლოდ მოგექცა, რადგან საკმარის სათამაშო დროს არ გაძლევდა. გასახსენებელია იურაი იარაბეკის პერიოდი, როცა კარგ ფორმაში იყავი, შენ მაგივრად კი ლეგიონერი შპიჩიჩი თამაშობდა, სხვა შემთხვევაში კი მარცხნივ მარჯვენა მცველი, უჩა ლობჟანიძე იდგა. ნაწყენი ხარ "დინამოზე"?
–თავიდან, "დინამოში" გია გეგუჩაძემ მიმიყვანა, რისთვისაც მას უდიდეს მადლობას ვუხდი. ამ ადამიანმა ჩემს კარიერაში ძალიან დიდი როლი ითამაშა. რაც შეეხება უსამართლობებს, იარაბეკის დროს იმედგაცრუებები მართლაც იყო, მაგრამ "დინამოს" არაფერში არ ვადანაშაულებ, პირიქით, მიზეზებს ყოველთვის საკუთარ თავში ვეძებდი. მიმაჩნია, რომ იურაის უნდა ვეთამაშებინე, მაგრამ მას ჰყავდა ლეგიონერი, რომელსაც მხოლოდ იმიტომ ათამაშებდა, რომ უცხოელი იყო.
რაც შეეხება უკანასკნელ პერიოდს, კახი კაჭარავა მოსვლის დღიდან მენდობოდა, მეც ვცდილობდი, მისი ნდობა მაქსიმალურად გამემართლებინა, მაგრამ სამწუხაროა, რომ ფორმაში შესვლისთანავე მძიმე ტრავმა მივიღე, რომელმაც უკან დამხია, მაგრამ "დინამოში" გატარებულ თითოეულ წუთს დადებითად ვაფასებ, რადგან უდიდესი გამოცდილება მივიღე, რამაც ცხოვრება სხვა თვალით დამანახა, რისთვისაც მადლობას ვუხდი რომან ფიფიას და თბილისის "დინამოს" ყველა წევრს.
ამას გარდა, რამდენიმე კვირის წინ შევხვდი გიორგი დევდარიანს. ადამიანს, რომელმაც ჩემს საფეხბურთო კარიერაში უდიდესი წვლილი შეიტანა, როგორც "საბურთალოში", ასევე ნაკრებშიც. ამ ადამიანის რჩევებმა ძალიან ბევრი მომცა. მადლობა იმ ყველაფრისთვის, რაც მე მასწავლა.