თბილისის "დინამომ" დედაქალაქური დერბი წააგო "ლოკომოტივთან" და ლიდერ "საბურთალოს" 5 ქულით ჩამორჩა. ბევრი ლაპარაკობს იმაზე, რომ საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს, რომელიც ძალიან ახალგაზრდული შემადგენლობით თამაშობს, პატარა ჩავარდნა აქვს.
საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს თავი რომ დავანებოთ, "დინამოს" კარს მოადგა ევროტურნირები. როგორი ახალგაზრდულიც უნდა იყოს თბილისური გრანდი, მის მიმართ ინტერესი და მოლოდინი ქართულ საფეხბურთო თემში მაინც დიდია.
რა და როგორ ხდება "დინამოში", რა თქმა უნდა, ამის თაობაზე ყველაზე უკეთ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ იცის. გუშინ "ლელო" სწორედ დინამოელთა თავკაცს დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა...
- დავიწყოთ საერთო სიტუაციის შეფასებით. თბილისურ დერბიში მარცხის შემდეგ ითქვა, რომ "დინამოს" თამაშში მცირე ჩავარდნაა. პრინციპში, ეს გასაკვირი არ უნდა იყოს იმის გათვალისწინებით, რომ გუნდი ძალიან ახალგაზრდულია...
- რა თქმა უნდა, უკმაყოფილოები ვართ "ლოკომოტივთან" თამაშის შედეგით. ჩვენი გუნდი ყველა თამაშზე მოსაგებად გადის და ეს ჩვენთვის აქსიომაა. მაგრამ სათქმელია ისიც, რომ თვით ასეთი თამაშის ფონზეც კი შეიძლებოდა ამ შეხვედრის მოგება.
ალბათ დამეთანხმებით, იყო მომენტები და ამ მომენტებს სჭირდებოდა გამოყენება. ზარია, კუცია, ქაფიანიძე, ქარდავა... ეს და სხვა ფეხბურთელები ტრავმირებულები არიან. 6-7 ფეხბურთელი რომ დააკლდება ტრავმის გამო გუნდს, ნებისმიერ მეტოქესთან გაუჭირდება.
სეზონი გრძელია და მის კონკრეტულ მონაკვეთში შეიძლება დადგეს მცირე გადაღლილობის პერიოდი. თავადაც მოგეხსენებათ, ჩვენი გუნდი ძალიან ახალგაზრდულია. ახალგაზრდა მოთამაშე ზედიზედ რამდენიმე შეხვედრაში რომ მიიღებს დატვირთვას, სასურველია, მერე დაისვენოს და ძალები აღიდგინოს.
ჩვენ გვქონდა მონახაზი იმისა, თუ რომელი ფეხბურთელები უნდა დაგვესვენებინა "ლოკომოტივთან" შეხვედრაში, მაგრამ ტრავმებმა არ მოგვცა ამის საშუალება.
- "დინამოს" შემადგენლობას რომ გადახედავ, ისე ჩანს, რომ როტაციისთვის მაინცდამაინც ბევრი საშუალება არ არის...
- მე ვერ ვიტყოდი ასე. უბრალოდ, ისევ და ისევ ტრავმებამდე მივდივართ. უკვე ჩამოვთვალე ის მოთამაშეები, რომლებიც დაშავებულები არიან და, ალბათ დამეთანხმებით, რომ ისინი მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენენ ჩვენი გუნდისთვის. დავამატოთ ამას ლუკა ლოჩოშვილი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დაგვიბრუნდა კიევის "დინამოდან"...
ვფიქრობ, "დინამოში" არის საკმარისი კონკურენცია. არ მგონია, საქართველოში იყოს ისეთი გუნდი, რომელსაც ჰყავს აბსოლუტურად თანაბარი ძალის 20-25 ფეხბურთელი. ასე რომ, ვერ ვიტყვი, თითქოს ჩვენს გუნდს კონკურენტუნარიანობა აკლია.
- როდის დაბრუნდებიან ტრავმირებული ფეხბურთელები?
- კუციამ უკვე დაიწყო ვარჯიში. პრაქტიკულად, მას ორი თვის განმავლობაში არ უთამაშია და არ გვინდა, გავრისკოთ. ქარდავა, ალბათ, ქუთაისში გასამართი შეხვედრის შემდეგ შეუერთდება გუნდს.
ხანგრძლივი დრო გაუცდა ზარიასაც. როგორც იცით, მან ოპერაცია გაიკეთა. ახლა უკვე ვარჯიშობს ჩვენი ფიზმომზადების მწვრთნელის მეთვალყურეობით. 7 თვე გაუცდა ქაფიანიძეს. მანაც ოპერაცია გაიკეთა და ახლა ყველაფერი რიგზე აქვს. ისიც მალე გაგვაძლიერებს.
- წეღან ლოჩოშვილი ახსენეთ. როგორ ფორმაშია ის? როგორც წესი, უცხოეთიდან დაბრუნებულ ფეხბურთელებს ცოტა უჭირთ ხელახლა გადაწყობა საქართველოს ჩემპიონატზე...
- სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ამ მხრივ ყველაფერი კარგად არის. ლოჩოშვილი ძალიან მონდომებული ფეხბურთელია და მას არასოდეს აქვს მოტივაციის პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ "ლოკომოტივთან" წავაგეთ, მიმაჩნია, რომ ლოჩოშვილი თამაშში ცუდად არ ჩართულა.
- რომ არა "დინამოს" ფეხბურთელების ახალგაზრდული ასაკი, ამ კითხვას ნამდვილად არ დაგისვამდით. მცირე ჩავარდნა მოთამაშეებზე ფსიქოლოგიური კუთხით ცუდად ხომ არ იმოქმედებს?
- დარწმუნებული ვარ, რომ არა. ახალგაზრდა ფეხბურთელებმა, შეიძლება, სეზონი პატარა ჩავარდნის გარეშე ვერ ჩაამთავრონ, მაგრამ მათ იციან, რომ კლუბის ხელმძღვანელობისა და სამწვრთნელო შტაბის მხრიდან აქვთ დიდი ნდობა. აქვე ისიც ვთქვათ, რომ ამ მოთამაშეებს გამარჯვებისკენ დიდი ლტოლვაც ახასიათებთ.
- თუ არის იმის ალბათობა, რომ უახლოეს მომავალში "დინამოს" შემადგენლობაში ლეგიონერები გამოჩნდნენ?
- სანაკრებო პაუზის დროს ველოდებით ლეგიონერებს. შემოგვიერთდებიან და შევაფასებთ მათ შესაძლებლობებს. ჩემი პრინციპი ასეთია: ჩამოყვანილი ფეხბურთელი ქართველ მოთამაშეზე მნიშვნელოვნად ძლიერი უნდა იყოს. თუ თანაბარია დონე, მაშინ უმჯობესი არ არის, აქაურმა ითამაშოს? თუ იქნება იმ ლეგიონერებს შორის ისეთი, რომელიც რეალურად გააძლიერებს "დინამოს", მაშინ მათზე უარს ნამდვილად არ ვიტყვით.
- ახლოვდება ევროთასები. როგორც მწვრთნელს, უნდა გკითხოთ "დინამოს" მიზანზე...
- რა ტურნირიც უნდა იყოს, ჩემი გუნდი ყოველთვის მოსაგებად უნდა გავიდეს მოედანზე. ორიგინალურ რამეს არ ვამბობ და ასევე არიან სხვა მწვრთნელებიც. მერე რა, რომ ევროთასებია, ევროპალიგაა - მსოფლიოში არ არსებობს დაუმარცხებელი გუნდი. თუ თამაშობ სწორ ფეხბურთს და საკუთარი თავის გჯერა, შანსი ყველასთან გექნება.
ჩვენ არაერთხელ გვინახავს, რომ შედარებით უცნობი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდიც გასულა ევროპალიგისა თუ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში. ის გუნდები ვერც წარსულით და ვერც სახელით ვერ დაეტოლებიან "დინამოს".
ჩვენი მიზანია, ყველა თამაშზე გავიდეთ მოსაგებად. რა გამოვა, ამას ყველა ერთად ვნახავთ. ფეხბურთი ისეთი ფენომენია, რომ თუ ირწმუნებ, შეუძლებელი არაფერია. იმასაც გააჩნია, როგორი იქნება წილისყრა ჩვენი გუნდისთვის...
- "დინამოში" ამჟამად ორი ლეგიონერია - უკრაინელი დმიტრო ივანისენია და რუსული პასპორტის მქონე გუჯა რუხაია. რამდენად ხართ კმაყოფილი მათი თამაშით?
- კი, ჩვენ ფორმალურად ორი ლეგიონერი გვყავს, მაგრამ რეალურად, ვერანაირად ვერ აღვიქვამ ლეგიონერად რუხაიას. ის საქართველოში დაიბადა და გაიზარდა.
უბრალოდ, მერე ისე მოხდა, რომ ოჯახი გადავიდა რუსეთში და გუჯამ იქ ითამაშა ფეხბურთი. მისით კმაყოფილი ვარ. კმაყოფილი ვარ ივანისენიათიც. ის დონეცკის "შახტარის" საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია.
მოგეხსენებათ, უკრაინაში ძირითადი აქცენტი გადატანილია ძალისმიერ ფეხბურთზე. წინა პლანზე გამოდის ფიზიკური მომზადება. მას მოედნის ცენტრში დიდი მოცულობის სამუშაოს შესრულება შეუძლია.
- არ შეიძლება, თქვენს ვაჟზე, ნიკა კაჭარავაზეც არ გკითხოთ. დარჩება ის "კორონაში"?
- ნიკა ახლა უკვე იმ ასაკშია, რომ მზადაა, ნაბიჯი გადადგას წინ. "კორონას" ხელმძღვანელობას ძალიან უნდა, რომ ამ გუნდში გააგრძელოს კარიერა. ჯერ დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით. არის ინტერესი სხვა კლუბების მხრიდან... ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.