თბილისის "დინამოსა" და გორის "დილას" სკანდალურ შეხვედრაში ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი დინამოელთა მცველი ლაშა თოთაძე გახლდათ.
მას შემდეგ, რაც მიკოლა კოვტალიუკი დემეტრე ბულისკერიას შეეჯახა, გამოცდილი დინამოელი გორელთა უკრაინელ შემტევთან მივიდა და ახალგაზრდა მეკარისთვის ბოდიშის მოხდა მოსთხოვა...
გაწევ-გამოწევა ჯერ კიდევ თამაშის დასრულებამდე დაიწყო და მერე რაც მოხდა, კარგად იცით. ზოგადად, თოთაძესთან სასაუბრო ისედაც დაგროვდა, რადგან ის ჩვენი ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მცველია და, სავარაუდოდ, "დინამოს" ერთ-ერთი ლიდერთაგანი იქნება კარსმომდგარ ევროტურნირებზეც...
- თავდაპირველად, მიმდინარე სეზონზე გკითხავთ. როგორია ის თბილისის "დინამოსთვის"?
- უკმაყოფილების საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს. ორი აზრი არ არსებობს - "დინამოს" მიზანი საქართველოს ჩემპიონობაა. როცა საქმე ეხება "დინამოს", სხვანაირად არც შეიძლება, იყოს. ძალიან ახალგაზრდული გუნდი გვყავს. ალბათ, ლიდერობა მთელი სეზონის განმავლობაში ცოტა რთული იქნება, ეს მეტ წნეხს გულისხმობს. შარშანდელ სეზონში სწორედ ასე იყო...
- "დინამო" კიდევ უფრო გაახალგაზრდავდა. შეადარეთ წლევანდელი და შარშანდელი შემადგენლობები...
- შედარებას მოვერიდები, უფრო პარალელს გავავლებ. როგორც წინა სეზონში, ჩვენს გუნდში ახლაც გამოჩნდა არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელი. მათ პროგრესს ყველა ძალიან კარგად ვხედავთ. როცა 17-18 წლის ფეხბუთელი თამაშობს "დინამოს" შემადგენლობაში, ეს უკვე ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა მისთვის.
- ევროტურნირები კარს მოგვადგა. რას ელოდოს გულშემატკივარი ახალგაზრდული "დინამოსგან"?
- მოლოდინი ჩვენი მხრიდანაც ძალიან დიდია. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ "დინამოსა" და ქართული ფეხბურთის პრესტიჟი დავიცვათ. ჩვენთვის პროგრამა-მინიმუმად შეიძლება ჩაითვალოს ორი ეტაპის გადალახვა ევროპალიგაზე. რამდენადაც ვიცი, "დინამო" განთესილებში იქნება.
ამდენად, ისეთი გუნდები შეგვხვდებიან, რომელთა წინააღმდეგაც სავსებით შესაძლებელია წარმატებით თამაში. ევროტურნირებზე საჭიროა შედარებით გამოცდილი ფეხბურთელები, თუმცა მაგრად მჯერა, რომ ასეთი ახალგაზრდული გუნდითაც შევძლებთ ღირსეულად თამაშს. ვნახოთ, იმ დროისთვის როგორი კონტინგენტი გვეყოლება.
- გვერდს ვერ ავუვლით იმას, რაც "დილასა" და "დინამოს" შეხვედრის შემდეგ მოხდა...
- ჩემი აზრით, რაც მოხდა თამაშის დასრულებამდე, ეს არის სავსებით ნორმალური. რა თქმა უნდა, იყო ემოციები, მაგრამ ფეხბურთი ამის გარეშე არ არსებობს.
სადაც ფეხბურთია, იქვეა ემოციაც. რა თქმა უნდა, შედარებას არ ვაკეთებ სათამაშო კლასის მიხედვით, მაგრამ "ბარსელონასა" და "რეალის" შეხვედრა ყველამ ვნახეთ - "დახოცეს" ერთმანეთი!..
ისევ გორის მატჩს დავუბრუნდები - ჩვეულებრივი მომენტი იყო იქამდე, სანამ თამაში არ მორჩა. მერე რაც მოხდა, იმას ნამდვილად არ მივესალმები და ეს არ უნდა მომხდარიყო. თუმცა კი, ზოგადად, ძალიან ხშირად ხდება ფეხბურთში ის, რაც თამაშისას მოხდა. ახლა რომ დატრიალდეს უკან დრო, იმავეს გავაკეთებდი - ამას ვამბობ თამაშის დასრულებამდე მომხდარზე.
ბულისკერია ძალიან ახალგაზრდაა, არ აქვს შესაბამისი გამოცდილება და როგორც უფრო გამოცდილმა, საჭიროდ ჩავთვალე, გვერდში დავდგომოდი. არანაირი აგრესია არ გამომიხატავს კოვტალიუკის მიმართ. მე მას ვუთხარი - კარგად იცნობ ბულისკერიას და ბოდიში მოუხადე-მეთქი, მეტი არაფერი. ის ჩვენთან ერთად თამაშობდა ერთი წლის წინ... მიმაჩნია, რომ იყო წესების დარღვევა.
ეს აზრი კიდევ უფრო განმიმტკიცდა, როცა ეს ეპიზოდი განმეორებით არაერთხელ ვნახე. ბოდიში რომ მოეხადა, ყველაფერი მორჩებოდა... სხვათა შორის, სანამ ეს მოხდებოდა, მანამდე ცოტა ხნით ადრე კოვტალიუკთან პირადად შევედი ორთაბრძოლაში. არ ყოფილა უხეშობა, ბურთი აუტზე გადავუგდე და მაინც გავუწოდე ხელი, ბოდიში მოვუხადე...
- წესით, ყველაფერი მინდორზე უნდა დარჩეს...
- რა თქმა უნდა, ეს ასეც იქნება. ფეხბურთში, თამაშის მიმდინარეობისას, მეგობარსაც კი ბოლომდე უნდა ებრძოლო. ფეხბურთი ბრძოლაა!..
- "დილა" და "დინამო" მეორედ რომ შეხვდებიან ერთმანეთს, ალბათ, ხელს ჩამოართმევთ ერთმანეთს...
- რა თქმა უნდა, ასე იქნება. ხომ გითხარით - რაც ხდება მინდორზე, ის მინდორზევე რჩება.