• Geo
  • Eng
09.07.2018
მათე ვაწაძე: არ დავბრუნდებოდი, რომ არა 'დინამო'

29 წლის მათე ვაწაძე მშობლიურ თბილისის "დინამოს" დაუბრუნდა და "დილასთან" მეორე წრის ბოლო ტურში ითამაშა კიდეც. ევროთასების წინ ეს გვარიანი მატებაა კახა კაჭარავას გუნდისთვის, რომელსაც, თუ რამ აკლია დღეს, ეს გამოცდილებაა.

ვაწაძეს სხვადასხვა დროს უთამაშია "დინამოში", "ვოლგაში", "დილაში", "ორჰუსში", "ლოკომოტივში", "ვიბორგსა" და "სილკებორგში". 15 მატჩი ჩაატარა საქართველოს ნაკრებში და 4 გოლი გაიტანა. გუშინ "ლელომ" მასთან ინტერვიუ ჩაწერა...

შეცვლილი მხოლოდ ბაზა დამხვდა...

- ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდით მშობლიურ "დინამოს". რას ნიშნავს ეს თქვენთვის ?

- "დინამო" მართლაც მშობლიურია ჩემთვის. სწორედ ამ გუნდში გადავდგი პირველი ნაბიჯები პროფესიულ ფეხბურთში. როცა გუნდმა გამოხატა იმის სურვილი, რომ დავხმარებოდი ევროთასებზე, ბევრი აღარ მიფიქრია.

ექვსთვიანი კონტრაქტი გავაფორმეთ. ყველანაირად ვეცდები, მაქსიმუმი გავაკეთო "დინამოსთვის". ეს ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. უზომოდ მოტივირებული ვარ.

აქ შესანიშნავი პირობებია. აქაურობა ჩემთვის საკუთარი სახლივითაა და არანაირი ადაპტაცია არ მჭირდება. ერთადერთი, რაც შეცვლილი დამხვდა, ეს არის ბაზა და - ისიც უკეთესობისკენ. თამამად ვიტყვი - "დინამოს" ბაზა ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში.

- რატომ გადაწყვიტეთ "სილკებორგის" დატოვება? მხოლოდ "დინამოს" დახმარების სურვილი არ იქნებოდა მიზეზი...

- საქმე ისაა, რომ სეზონის დაწყების წინ სტადიონზე ხელოვნური საფარი დააგეს. სანამ ზაფხული იყო, არ მქონდა პრობლემა, ჩვეულებრივად ვვარჯიშობდი. მოვიდა ზამთარი და საფარი ძალიან გამაგრდა.

ვეღარ ვახერხებდი მუდმივად ვარჯიშს, მხოლოდ კვირაში ორჯერ გავდიოდი სავარჯიშოდ. რა თქმა უნდა, ასეთი ვითარება არ მაწყობდა და თანაც კლუბის ხელმძღვანელობაც არ იყო კმაყოფილი იმით, რომ ვერ ვახერხებდი გუნდის დახმარებას. ამიტომ შევთანხმდით, რომ უკეთესი იქნებოდა ამ ეტაპზე ურთიერთობის გაწყვეტა.

- ზოგადად, დანიის ჩემპიონატზე რა შეგიძლიათ თქვათ? რა იყო იქ თქვენთვის მისაღები, რაში გაგიჭირდათ?..

- დანიის ჩემპიონატმა ძალიან ბევრი რამ მომცა და დიდი წვლილი შეიტანა ჩემს პროფესიონალად ფორმირებაში. იქ არის ნამდვილი საფეხბურთო გარემო. ყველა ადამიანი, ვინც დასაქმებულია ფეხბურთში, ყოველდღე დიდი მოცულობის სამუშაოს ასრულებს თავის საქმეში და ამას აკეთებს მაღალ დონეზე. შენც მხოლოდ საკუთარ საქმეზე ხარ კონცენტრირებული, სხვა რამეზე საერთოდ არ ფიქრობ და ეს ძალიან კარგია.

კაჭარავას ფაქტორი

- სანამ ისევ "დინამოს" დაუკავშირებდით ბედს, თუ გქონდათ სხვა წინადადებები?

- რა თქმა უნდა, იყო სხვა ვარიანტებიც, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ასპროცენტიანი იყო. კარგად იცით, ბოლო დროს ცოტას ვთამაშობდი "სილკებორგში". როცა კლუბი ინტერესდება შენით, იქ ყველაფერს უყურებენ და ითვალისწინებენ. რა თქმა უნდა, ხედავდნენ ჩემს სტატისტიკას და ფიქრობდნენ

- ალბათ, ვაწაძეს რამე სჭირს და ამიტომ არ თამაშობსო. არადა, მძიმე ტრავმა რასაც ჰქვია, მართლა არ მქონია. იყო ათდღიანი და ორკვირიანი პაუზები, მაგრამ ეს უფრო საფარის პრობლემა იყო...

- საქართველოდან სხვა კლუბები არ დაგიკავშირდნენ?

- აქედანაც იყო რამდენიმე შეთავაზება, მაგრამ მე არავისთან მილაპარაკია. სიმართლე გითხრათ, ახლა, ამ ასაკში, არც ვაპირებდი დაბრუნებას, რომ არა "დინამოს" ვარიანტი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო კახა კაჭარავას ფაქტორიც. სწორედ მისი ხელმძღვანელობით გადავდგი პირველი ნაბიჯები დიდ ფეხბურთში.

ის ჩემთვის მხოლოდ მწვრთნელი არ არის, მას უდიდეს პატივს ვცემ, როგორც პიროვნებას. ჩემს ასაკში ექვსთვიანი კონტრაქტის გაფორმება არ არის მაინცდამაინც სახარბიელო, მაგრამ კონკრეტულ ვითარებაში ეს არჩევანი გავაკეთე. ამ ექვს თვეში გუნდს სარგებლობა უნდა მოვუტანო, ხოლო რა იქნება მომავალში, ამასაც ერთად ვნახავთ. გამორიცხული არც კონტრაქტის გახანგრძლივებაა.

თუ დავალებები ასე შესრულდება...

- თქვენი აზრით, რის მიღწევა შეუძლია "დინამოს" ევროთასებზე?

- "დილასთან" მატჩის დიდ ნაწილს სათადარიგოთა სკამიდან ვადევნე თვალი. ჯერ ერთი, გორელებს საქართველოს კვალობაზე ძლიერი გუნდი ჰყავთ და მასთან 5:0-ის მოგება ნამდვილად არ იყო იოლი. მეორეც - ვიცი, რა დავალებები მისცა კაჭარავამ ფეხბურთელებს და ვიტყოდი, რომ ამ დავალებების 99 პროცენტი შესრულდა. თუ ასე გაგრძელდა, მჯერა, პირველი ეტაპის გადალახვა შესაძლებელი იქნება და მერეც შეიძლება ბოლომდე ბრძოლა.

ჩვენ ვერ გავექცევით იმას, რომ "დინამო" გამოუცდელი გუნდია, მაგრამ მეორე მხრივ, თვალწინ გვაქვს ამ ბიჭების ნიჭი და ენთუზიაზმი. ოდესღაც ყველა იძენს გამოცდილებას.

ჩემს მაგალითზე გეტყვით: ევროპაში რომ ჩავედი პირველად, ცხადია, მეც სრულიად გამოუცდელი ვიყავი... თუნდაც მსოფლიოს ჩემპიონატი რომ ავიღოთ, დავრწმუნდებით, რომ დღეს გადამწყვეტი გახდა არა სათამაშო კლასი, არამედ ის, თუ რამდენად კარგად ასრულებ მწვრთნელის დავალებას.

- იცით თუ არა რამე "დინამოს" მეტოქე "დუნაისკა სტრედაზე"?

- სხვათა შორის, "სილკებორგში" თამაშობს სლოვაკი ფეხბურთელი, რომელსაც "დუნაისკა სტრედაზე" ველაპარაკე. მან მითხრა, რომ ეს გუნდი სლოვაკეთში არ არის ისეთი გრანდი, როგორიც "დინამო" - საქართველოში, თუმცა ანგარიშგასაწევი და ორგანიზებული გუნდია. ევროპაში ახლა ყველა ასე თამაშობს - ბოლომდე იცავენ სათამაშო დისციპლინას. ასე რომ, ეს ამბავი ჩემთვის სიურპრიზი არ ყოფილა. ასეც ვფიქრობდი. მგონია, რომ "დინამოს" შეუძლია ამ ბარიერის გადალახვა.

დინამო მოდის და რა გვეშველებაო?!

- საინტერესოა, დანიაში ყოფნის დროს თუ ახერხებდით საქართველოს ჩემპიონატისთვის თვალის დევნებას? როგორ ფიქრობთ, საით მივდივართ, რა გამოსწორდა და რა უნდა გამოსწორდეს?

- ძალიან მომწონს ის, რომ ყველა გუნდი უკვე ბუნებრივ საფარზე თამაშობს. მომწონს ისიც, რომ დონე გათანაბრებულია. პირველადგილოსანს, შესაძლოა, აუტსაიდერმაც შეუქმნას პრობლემა. ადრე რომ ვიყავი "დინამოში", დაახლოებით ასეთი მიდგომა იყო - "დინამო" მოდის სათამაშოდ და რა გვეშველებაო"?! ახლა ასე აღარ არის.

თანაბარ თამაშებში უფრო გაიზრდებიან თუნდაც "დინამოს" ახალგაზრდა მოთამაშეები. ბრძოლაში უფრო იზრდება და უმატებს ფეხბურთელი, სულ ტონუსშია... ზოგად სიტუაციას რაც შეეხება, რამდენიმე თამაშს ტრიბუნიდან ვუყურე დანიიდან ჩამოსვლის შემდეგ. რაც არ მომწონს, ის არის, რომ თამაშის დროს ხშირია პაუზები და ეს აგდებს ტემპს. სხვათა შორის, ეს შევნიშნე "დინამოს" თამაშშიც და ვთქვი კიდეც ღიად. ე

ქიმის დახმარების გარეშე ფეხბურთელი ვერ გაძლებს, მაგრამ ყოველთვის არ არის საჭირო პაუზა. "დინამოს" და "დილას" მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ მკითხეს, რატომ არის თქვენი აზრით ასეთი ანგარიშიო.

ჩემი აზრით, ეს სხვა ფაქტორებთან ერთად იმანაც განაპირობა, რომ "დინამოს" ერთხელაც არ დაუგდია თამაშის ტემპი და ექიმი მინდორზე მხოლოდ ერთხელ შევიდა. საერთოდ, "დინამო" საქართველოში საუკეთესოა ფიზიკურადაც, ბურთითაც და უბურთოდაც...

ეს ისტორიული შანსია!..

- საქართველოს ნაკრებში ადრეც გითამაშიათ და, ალბათ, ქვეყნის პირველ გუნდში დაბრუნების იმედი არც ახლა დაგიკარგავთ...

- რა თქმა უნდა, ყველა ფეხბურთელის უდიდესი სურვილია, დაიცვას მშობლიური ქვეყნის ნაკრების ღირსება და არც მე ვარ გამონაკლისი. მე ასე მგონია: თუ "დინამოში" შევძელი იმის გაკეთება, რისი იმედიც მაქვს, მაშინ საქართველოს ნაკრებშიც მექნება შანსი.

- თან კარს მოგვადგა ერთა ლიგა...

- ცხადია, ეს არის ისტორიული შანსი ჩვენი ფეხბურთისთვის, რათა ასრულდეს ყველა ჩვენგანის ოცნება და საქართველოს ნაკრებმა ითამაშოს ევროპის ჩემპიონატზე.

შანსი ნამდვილად რეალურია. იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი ნაკრების წამყვანი ფეხბურთელები ჯანმრთელად იქნებიან. აქ უფრო შემტევებს ვგულისხმობ, თორემ, ღმერთის წყალობით, ჩვენი მცველები არ ტრავმიანობენ.

რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება სასტარტო მატჩს ყაზახეთის ნაკრებთან... ერთ ნიუანსს მინდა მივაქციო ყურადღება - არამც და არამც არ შეიძლება, რომელიმე მოწინააღმდეგეს ზემოდან შევხედოთ. კი, გვჯერა, რომ იმ ქვეყნებზე მაღლა ვართ, რომელთაც ერთა ლიგაზე უნდა ვეთამაშოთ, მაგრამ, მეორე მხრივ, არის რაღაც კანონზომიერებაც იმაში, რომ დღეს სწორედ მათ ვეთამაშებით, მათთან ერთად ვართ კალათაში და ეს უნდა გვახსოვდეს.

ასე რომ, ყველა მეტოქე უნდა დავაფასოთ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიფიქროთ რომელიმეზე, რომ აი, სუსტია და იოლად შევძლებთ მასთან გამკლავებას. ასეთი მიდგომა დამღუპველი შეიძლება აღმოჩნდეს.

- როგორ ფიქრობთ, ამ ტურნირზე რა კომპონენტი იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატების მისაღწევად?

- ეს იქნება ბოლომდე კონცენტრაცია - 100 პროცენტით და მეტითაც. ნაკრების ყველა ფეხბურთელი ბოლომდე უნდა იყოს ფოკუსირებული ამ ტურნირზე, მით უმეტეს, ძალიან მოკლე ტურნირია. ყველა ქულას ოქროს ფასი ექნება. ჩემი აზრით, საქართველოს ნაკრებს ყველანაირად შესწევს იმის ძალა, რომ ქომაგი გაახაროს. ბედნიერია ჩვენი თაობა, რომ ასეთი შანსი მიიღო და ახლა ამ შანსს გამოყენება სჭირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
 
https://bit.ly/2KGrf2J
09.07.18
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024