ოთარ კიტეიშვილი მოახლოებულ ევროპა ლიგაზე, სარაგოსაზე, მუნდიალზე და საქართველოს ნაკრებზე...
ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში, "დინამო თბილისის" ლიდერი და კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი ძალიან კარგ ფორმაშია.
17 ტურის შემდეგ, კიტეიშვილის ანგარიშზე 9 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.
"დინამოს" საევროპალიგო შანსებზე, გუნდიდან შესაძლო წასვლაზე და სხვა თემებზე, კიტეიშვილი GOAL.GE-ს პირადად ესაუბრა.
პირველ რიგში, შეაფასე ეროვნული ლიგის გასული 17 ტური დინამოსთვის...
შარშანდელი სეზონის შემდეგ, როცა ბოლო ტურში დავკარგეთ ჩემპიონობა, წლევანდელ სეზონში ჩვენი მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, პირველი ადგილის დაკავება იქნება. აქტიურად ვიბრძვით, რომ ეს გავაკეთოთ. იყო პატარა ჩავარდნები და მარცხი ისეთ გუნდებთან, რომლებთანაც არ უნდა წაგვეგო, მაგრამ მაინც ვახერხებთ იმას, რომ მეორე ადგილზე ვართ და ჩემპიონობისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ.
შენი აზრით, რა აკლია დინამოს იმისთვის, რომ ჩემპიონატის ლიდერი იყოს და რაში აქვს გუნდს მოსამატებელი?
როგორც ვიცით, "დინამო" ძალიან ახალგაზრდული გუნდია და რთულია, ასეთი შემადგენლობით სტაბილურობა შეინარჩუნო. ვფიქრობ, სწორედ ესაა ჩვენი პრობლება, რაც ლიდერებთან მატჩშიც გამოჩნდა, როცა ქულები დავკარგეთ. ამ შეხვედრებში გამოცდილება დაგვაკლდა.
შენ რომ დინამოს მწვრთნელი იყო, რომელ პოზიციაზე გააძლიერებდი გუნდს?
"დინამოს" ჩემი მწვრთნელობა არ სჭირდება, კახა კაჭარავას სახით ძალიან კარგი და კვალიფიციური მწვრთნელი ჰყავს. გაძლიერება ნებისმიერ ქართულ გუნდს დასჭირდებოდა, მათ შორის "დინამოსაც." კონკრეტულ პოზიციას ვერ ვიტყვი.
როგორ ფიქრობ, აიწია ეროვნული ლიგის დონემ და კონკურენციამ გასულ წლებთან შედარებით?
ეროვნული ლიგა უკვე მეორე წელია მიმდინარეობს და ჩემპიონატს დადებითად შევაფასებდი. დონეს რაც შეეხება, აუცილებელია კარგი ლეგიონერების ჩამოყვანა. მაგალითად ისეთი, როგორიც "დილაში" მოთამაშე ლეანდრო რიბეიროა, რომელიც ძალიან კარგი ლეგიონერია. ასევე, "ტორპედოც" ძლიერდება. ვთვლი, რომ ჩემპიონატში ბევრი კარგი ლეგიონერი უნდა იყოს და დონეც მოიმატებს.
უშუალო კონკურენტ საბურთალოსთან ორივე მატჩი დათმეთ. იქონიებს ეს დაკარგული ქულები გავლენას სეზონის ბოლოს?
"საბურთალოსთან" ორივე შეხვედრაში დასანანი მარცხი განვიცადეთ. პირველ თამაშში უპირატესობას ვფლობდით და წაგებას არ ვიმსახურებდით. მეორე მატჩში კი თანაბარი ბრძოლა იყო, ორივე გუნდი ვუტევდით და ვინც შანსი უკეთესად გამოიყენა, იმან მოიგო. რა თქმა უნდა, როცა ჩემპიონობისთვის იბრძვი, ყველა ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს, თან თუ უშუალო კონკურენტთან კარგავ ქულებს. "საბურთალოსთან" კიდევ 2 შეხვედრა გვაქვს ჩასატარებელი. შევეცდებით, შეცდომები გამოვასწოროთ და ორივე თამაში მოვიგოთ.
რა შანსები აქვს დინამოს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე და კონკრეტულად პირველ რაუნდში?
პირველი თამაშისთვის მზადება უკვე დაწყებულია. ვთვლი, რომ ყველა ფეხბურთელი მაქსიმალურად მზადაა და ელოდება ევროპა ლიგას. განსაკუთრებული მოტივაცია გვაქვს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პირველი რაუნდი გადავლახოთ.
აქტიურად იწერება, რომ შენი შეძენით ესპანელები არიან დაინტერესებული, კერძოდ კი სარაგოსა. რამდენად რეალურია ეს ტრანსფერი?
ვიცი, რომ ინტერესი არის, მაგრამ ისეთი არაფერი, რომ ამაზე ლაპარაკი ღირდეს.
რომელია ის ჩემპიონატი, რომელიც შენს სათამაშო სტილს იდეალურად მოერგება?
კონკრეტულად ვერცერთს გამოვყოფ. უბრალოდ ერთს ვიტყვი - რომ შეაფასო რამდენად ერგები ამა თუ იმ ჩემპიონატს, უნდა გამოსცადო და ამ ჩემპიონატში ითამაშო. ბევრი კარგი ჩემპიონატია - ინგლისი, გერმანია, ესპანეთი, მაგრამ იქ მოსახვედრად ბევრი შრომა და ჯაფაა საჭირო.
გაიხსენე ყველაზე კარგი და ყველაზე ცუდი მომენტები შენს კარიერაში...
ყველაზე კარგ მომენტებად ჩავთვლი იმ ტიტულებს, რომლებიც "დინამოსთან" ერთად მოვიგე, ყველაზე ცუდი მომენტი კი გასული სეზონის ბოლო მატჩის ბოლო წუთი "ტორპედოსთან."
მიუხედავად იმისა, რომ პენალტი გააფუჭე, გულშემატკივართა მხრიდან აგრესია არ წამოსულა, პირიქით, ყველა გვერდში დაგიდგა. რას ეტყოდი დინამოს გულშემატკივრებს და ეს ხომ არაა იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომ ამ სეზონში ორმაგად ძლიერი და მოტივირებული ხარ?
"დინამოს" გულშემატკივრების თამადობით, ყველა გვერდში დამიდგა და ყველასგან ვგრძნობდი სითბოს, რაც სიძლიერეს მმატებდა. ამის დავიწყება შეუძლებელია, მაგრამ ვთვლი, რომ ეს მომენტი გადავლახე და როცა მახსენდება, უფრო ვძლიერდები. დიდ მადლობას ვუხდი გულშემატკივარს.
ყველაზე კარგი პარტნიორი, ვისთან ერთადაც გითამაშია...
საუკეთესო პარტნიორი ჩემი მეგობარი გიორგი კილასონიაა, ვისთან ერთადაც ბავშვობაში ვთამაშობდი. მას უკვე 3 წელია ტრავმა აქვს. კილასონიასთან ერთად "რუსთავში" ვიყავი, მაგრამ 3 წელია მასთან არ მითამაშია.
საქართველოს ნაკრებთან ერთად ამხანაგური მატჩში ითამაშე და მოედანზე უდავოდ საუკეთესო იყავი. რა გითხრა მატჩის შემდეგ ვაისმა და გრძნობ თუ არა მისგან ნდობას უკვე მომდევნო მატჩებისთვის?
ვაისმა კონკრეტულად არაფერი მითხრა, უბრალოდ შემაქო და მადლობა გადამიხადა კარგი თამაშისთვის. მწვრთნელის ნდობას ვგრძნობ, რაც ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ აუცილებელია ამ ნდობის განმტკიცება, რასაც მომდევნო მატჩებში შევეცდები, თუ რა თქმა უნდა, ამის შანსი მომეცემა.
ერთა ლიგა ახლოვდება, როგორ შეაფასებდი ჩვენი ნაკრების შანსებს ამ ტურნირზე...
საკმაოდ კარგი კოლექტივი ჩამოყალიბდა. ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის იდეალური შანსი გვაქვს. ერთა ლიგაზე ძლიერი მეტოქეები გვეყოლება, თუმცა ვფიქრობ, საქართველო მათგან გამორჩეულია. და ფავორიტიცაა.
ვინ არის შენი კუმირი და ვისი სათამაშო სტილი მოგწონს ყველაზე მეტად?
ჩემი კუმირი ლეო მესია და შესაბამისად, მისი სათამაშო სტილი ყველაზე მეტად მომწონს.
ვის გულშემატკივრობ მუნდიალზე და როგორ მოგწონს ტურნირის მიმდინარეობა...
არგენტინას ვგულშემატკივრობდი, თუმცა სამწუხაროდ, საფრანგეთთან დამარცხდა და გამოვარდა.
https://goal.ge/news/96080-kiteishvili.html#
goal.ge 2.07.18