• Geo
  • Eng
16.06.2025
დინამო Vivacom თასის გამარჯვებულია

დინამო თბილისის 14 წლამდე გუნდი Vivacom Cup-ის გამარჯვებულია. მიხეილ ზაბახიძის გუნდის ტრიუმფით დასრულდა ბულგარეთში გამართული საერთაშორისო ტურნირი.

 

ფინალი ბელგრადის პარტიზანთან რაზგრადის ჰიუვეფარმა არენაზე გაიმართა და დინამოელთა გამარჯვებით 1-0 დასრულდა. გამარჯვების გოლი სერბებს შეხვედრის მე-8 წუთზე, საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერი დარტყმით დემეტრე ბაკურიამ გაუტანა. აღსანიშნავია თბილისელთა გოლკიპერის ნიკოლოზ კაჭახიძის საიმედო თამაშიც, რომელმაც რამდენიმე ეპიზოდში იხსნა თავისი გუნდის კარი.

 

დინამოელებმა ტურნირი გოლგაუშვებლად დაასრულეს, რაც ცალე აღნიშვნის ღირსია. წინა მატჩები კი ერთნაირი ანგარიშით 2-0 მოიგეს. გუშინ თბილისურმა გუნდმა პაოკს აჯობა. ბერძენთა კარში დუბლი გიორგი ღუნაშვილმა შეასრულა.

მანამდე ლურჯ-თეთრებმა ლისაბონის ბენფიკას მოუგეს ორი უპასუხო გოლით (დემეტრე ჯანაშია, მათე მიქავა), ხოლო იმავე ანგარიშით (დემეტრე ბაკურია, სერაფიმე კაზაროვი) ტურნირის გახსნის დღეს ბუქარესტის სტიაუა დაამარცხეს.

 

ტურნირის დასრულების შემდეგ დაჯილდოვების ცერემონია გაიართა, რომელშიც დინამოელებმა ინდივიდუალური პრიზებიც მოიპოვეს:

გათამაშების საუკეთესო მეკარე - ნიკოლოზ კაჭაზიძე
ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი - გიორგი ღუნაშვილი

 

Vivacom Cup-ზე ზემოთ ჩამოთვლილი გუნდების გარდა მასპინძელი ლუდოგორეცი (ბულგარეთი), ფენერბაჰჩე (თურქეთი) და ოდილ აჰმედოვის აკადემია (უზბეკეთი) გამოდიოდნენ. ბრინჯაოს მედლები რაზგრადელებს პაოკთან გამარჯვების შემდეგ შეხვდათ.

 

ბულგარეთში დინამო 20 ფეხბურთელით იმყოფება: გიორგი ღუნაშვილი, ვაკო სადილიანი, მათე ეთერია, ლუკა ვაშაკიძე, დემეტრე ფანცულაია, ნიკოლოზ დაღუნდარიძე, ზურაბ აბრამიშვილი, ნიკოლოზ ყულიაშვილი, ნიკოლოზ ხარაიშვილი, დემეტრე ბაკურია, გაბრიელ ქაროსანიძე, გაბრიელ იმესაშვილი, დემეტრე ჯანაშია, ალექსანდრე ჩიქოვანი, ავთანდილ ფირცხალაიშვილი, ნიკოლოზ ჭუმბაძე, მათე მიქავა, ირაკლი დორეული, ნიკოლოზ კაჭახიძე და სერაფიმე კაზაროვი.

 

ფოტო: ludogorets.com

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2025