• Geo
  • Eng
05.04.2023
დინამომ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა

დღეს დარასელიას თასზე ჯგუფური ეტაპის მეორე სათამაშო დღე მიილია, რომელმაც ორ მატჩს უმასპინძლა. დინამო ყარაბაღს დაუპირისპირდა, ხოლო სევილია ბაშაქშეჰირს.

 

დინამოსა და ყარაბაღის მატჩის დაწყებამდე, ფეხბურთელებმა და აკადემიაში შეკრებილმა გულშემატკივრებმა წუთიერი დუმილით ჯამლეტ ხუხაშვილის ხსოვნას მიაგეს პატივი. თავად მატჩი პირველვე წუთებიდან თბილისელთა უპირატესობით დაიწყო და სათამაშო სცენარმა ბოლომდე დედაქალაქელთა კარნახით გასტანა. დინამოელებმა საბოლოოდ 7-1 აჯობეს ყარაბაღს. აზერბაიჯანელთა კარში საბა სამუშიამ ორი გოლი გაიტანა, თითოჯერ თავი ცოტნე ბერელიძემ, ნიკა ჩიქოვანმა, რევაზ დანელიამ და შოთა დიაკონიძემ გამოიჩინეს, ხოლო ერთი გოლი სტუმრებმა საკუთარ კარში გაიტანეს. პრესტიჟის გოლი კი ელტონ ბაბაზადას ანგარიშზეა. ამ გამარჯვებით ვასილ გეგუჩაძის გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ზეგ, 8 აპრილს ტურნირის ნახევარფინალში იასპარეზებს.

 

დღის მეორე მატჩში სევილია ისტანბულის ბაშაქშეჰირს დაუპირისპირდა. შეხვედრა ესპანელი ფეხბურთელების უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 3-0 დასრულდა. გოლები თურქების კარში მარიანო ბლასმა, მანუელ ბარანკომ და ხიმენეს კადენამ გაიტანეს. სევილიამ ამ გამარჯვებით 4 ქულა დააგროვა და B ჯგუფში პირველ ადგილზე აინაცვლა.

 

ხვალ კი ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩები გაიმართება. მონცა და ყარაბაღი A ჯგუფში მეორეადგილოსნის ბედს 16.00 საათიდან გაარკვევენ, ხოლო 18.00 საათიდან ერთმანეთს ჯენოა და ბაშაქშეჰირი შეხვდებიან.

 

დინამო 7-1 ყარაბაღი

დინამო: საური, გვასალია, მეფარიშვილი, ოდიკაძე, ხარებაშვილი, წულაია, სამუშია, ბერელიძე, ჩიქოვანი, ხუციშვილი, ელისაშვილი

სათადარიგო: ტარტარაშვილი, გულიაშვილი, დანელია, დიაკონიძე, გლუნჩაძე, ჭოლოკავა, ძნელაძე, ნათენაძე

ყარაბაღი: ისგანდარლი, რზაზადე, სალმანლი, ნიფტიევი, ჯაბრაილზადე, ბაბაზადე, გასიმოვი, ბინიატზადე, რზაევი, ბაბაიევი, მამადოვი

სათადარიგო: საფაროვი, ი. ჰასანლი, ო. ჰასანლი, ალიზადე, ჯაბარლი, ნასიბლი, ისგადაროვი

 

სევილია 3-0 ბაშაქშეჰირი

სევილია: ოლგადო, როდრიგესი, პუერტა, ბლასი, ავილესი, სანჩესი, გარსია, რომერო, ბარანკო, კადენა, სოსა

სათადარიგო: კორალი, ხ. გარსია, მონრეალი, პეგუერო, მორალესი, გურდიოლა, როდრიგესი

ბაშაქშეჰირი: ოზთურქი, აკჩაი, ჩინარი, ოღუზი, ჩაკმაკი, ილმაზი, აკიუზი, კაია, ილჰანი, ჯანბერკი, იაღმური

სათადარიგო: ალჯანი, ატმაჯა, შენელი, მუზაფერი, გიურელი, ოზქანი, კოჩი

 

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024