• Geo
  • Eng
07.11.2022
დინამოს საფეხბურთო სკოლა რეგიონებში
დინამო თბილისი ბავშვთა ფეხბურთის მიმართულებით ახალ პროექტს იწყებს. თბილისური კლუბის გადაწყვეტილებით დინამო თბილისის საფეხბურთო სკოლები მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონებში გაიხსნება. ამასთან ერთად აღნიშნული სიახლე, დედაქალაქ თბილისსაც, შეეხება და ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბის სკოლები თბილისის სხვადასხვა უბნებში ამოქმედდება.
 
პროექტის ფარგლებში პარტნიორ საფეხბურთო სკოლებში დინამო თბილისის საფეხბურთო აკადემიის სავარჯიშო მეთოდოლოგია დაინერგება და მოხდება ადგილობრივი მწვრთნელების გადამზადება. გამორჩეული მოთამაშეები კი, შანსს მიიღებენ კარიერა დინამოს აკადემიაში გააგრძელონ.
 
აღნიშნული პროექტის ფარგლებში თანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გაფორმდა - ონის, ამბროლაურის, ქარელის, დმანისის, თეთრიწყაროს, წალკას და ტყიბულის მუნიციპალიტეტებთან.
 
რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში დინამოს პირველი პარტნიორი საფეხბურთო სკოლა ბრიჯი გახლავთ.
 
მწვრთნელებმა გადამზადება ჩვენი კლუბის აკადემიაში გაიარეს და ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ლოკაციაზე დინამოს საფეხბურთო სკოლა უკვე მოქმედებს.
 
ახალი პროექტის შესახებ კომენტარი დინამოს აკადემიის დირექტორმა ლევან გვანცელაძემ გააკეთა:
 
"დინამოს ჩვენს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული აკადემია და საფეხბურთო სკოლა აქვს. ამაზე ის ფეხბურთელები მეტყველებენ, რომლებმაც ჩვენი აკადემია გაიარეს და დღეს უკვე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ასპარეზობენ.
 
აკადემიის განვითარების შემდეგ ეტაპზე გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი საწვრთნელი მეთოდოლოგია და ფილოსოფია უფრო მეტ ახალგაზრდა მოთამაშესთან მიგვეტანა. სწორედ ამიტომ შეიქმნა ეს პროექტი, მისი მთავარი მიზანია მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცელდეს ის საწვრთნელი მეთოდოლოგია, რომელიც წლებია ჩვენს აკადემიაში საუკეთესო შედეგს იძლევა. ამასთან ერთად, ეს პროცესი საშუალებას მოგვცემს უფრო მეტი ბავშვი ჩავრთოთ ჩვენს საფეხბურთო სისტემაში და კიდევ უფრო გავაფართოვოთ სელექციის არეალი."
 
რეგიონებში დინამოს სკოლების შესახებ პროექტის მენეჯერმა გია ისიანმაც ისაუბრა:
 
"ფეხბურთის განვითარებისთვის მასობრიობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, სწორედ ამას ემსახურება ჩვენი პროექტი. მიზნად ვისახავთ, რომ რაც შეიძლება მეტ ქართველ ბავშვს მივცეთ საშუალება ქვეყანაში საუკეთესო საფეხბურთო აკადემიის მეთოდოლოგიით ივარჯიშონ და დიდი ფეხბურთისკენ პირველი ნაბიჯები გადადგან."
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024