14- დან 16 ივნისის ჩათვლით უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში 13 წლამდე ფეხბურთელთა შორის საერთაშორისო ტურნირი Gallini Budapest Cup 2019 გაიმართება. დინამოს აკადემიის 13 წლამდელთა გუნდი რევაზ გვარაკიძის ხელმძღვანელობით მიწვეულია ტურნირზე და ჩვენი ფეხბურთელები უნგრეთისკენ გეზს დღეს საღამოს აიღებენ. საკმაოდ წარმომადგენლობით ტურნირზე დინამოელებს F ჯგუფში მეტოქეობას ფინური იაპსი და ალბანური ჯელნია შკოდრანე გაუწევენ. სულ ტურნირზე 24 მონაწილეა (8 ჯგუფი), რომელთა შორის არიან ლივერპული, სლოვანი ბრატისლავა, ბუდაპეშტის ვაშაში, კვიპროსული ომონია, იტალიური ანკონა, კრაკოვის პოგონი, ინსბრუკი, კლუჟი, ბუდაპეშტის ჰონვედი, სლოვაკური პუხოვი და სხვა. დინამოელები 14 ივნისს ფინელებს შეხვდებიან, ხოლო 15- ში ალბანელებს დაუპირისპირდებიან. იმავე დღეს პლეი ოფის მატჩები შედგება, 16 რიცხვში ფინალური შეხვედრებია დაგეგმილი.
ბუდაპეშტში დინამოელები შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრებიან: ლუკა ხელაშვილი, მათე საური, რატი გრიგალავა, გიორგი ხუფენია, დავით ქელდიშვილი, ნიკა ბენდიანიშვილი, ალექსანდრე ფეიქრიშვილი, ლაშა პატარკაციშვილი, ლუკა შაშიაშვილი, ლევან ნაჭყებია, ლუკა ბუბუტეიშვილი, ნოდარ ვარსემაშვილი, ალექსანდრე თუქია, ანდრია კერესელიძე, დავით მამასახლისი, ირაკლი ბერძენიშვილი და ვახო სალია.