დინამო თბილისის აკადემიის მთავარი მწვრთნელი- გიორგი მინაშვილი თავის პროფესიულ კარიერას ინგლისში გააგრძელებს. გიორგი ბაქსვუდის საფეხბურთო აკადემიის ხელმძღვანელის ასისტენტი და U18 გუნდის მთავარი მწვრთნელი იქნება. იგი დაკავდება სამწვრთნელო, სამენეჯერო და სასელექციო სამუშაოებით. მინაშვილი ინგლისში 29 სექტემბერს მიემგზავრება. დინამო თბილისი წარმატებებს უსურვებს გიორგის პროფესიულ კარიერაში.
გიორგი მინაშვილი: მინდა ჩემი დიდი პატივისცემა გამოვხატო საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის პრეზიდენტის ბ-ნ რომან ფიფიას მიმართ, ნდობისა და თანადგომისათვის. მადლობა კლუბის დირექტორატს თანამშრომლობისთვის. ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ვიტალი დარასელიას სახელობის საფეხბურთო აკადემიის ხელმძღვანელობას, საწვრთნელო შტაბს, ტექნიკურ პერსონალს და აკადემიის თითოეულ წევრს, რომლებიც 3 წლის განმავლობაში ჩემთან ერთად ზრუნავდნენ ახალგაზრდა ფეხბურთელების აღზრდასა და მომზადებაზე. მინდა წარმატება და დიდი გამარჯვებები ვუსურვო აკადემიის ყველა ფეხბურთელს.
განსაკუთრებით მინდა პატივისცემა გამოვხატო დინამოს ფან კლუბის - გლადიატორების მიმართ, რომლებმაც დაინახეს ჩემი მიდგომა და პროფესიონალიზმი, რაც ჩემთვის დიდი მოტივაცია იყო.
მე კარგად მესმის რას ნიშნავს იყო დინამოს კარგი მენეჯერი და წარმატებული მწვრთნელი. აპ ეტაპზე გადავწყვიტე ჩემი პროფესიული კარიერა კვლავ დავუკავშირო ინგლისს და მეტი გავიგო თანამედროვე ფეხბურთზე.
იმედი მაქვს, რომ ინგლისში მიღებული ჩემი ცოდნა და გამოცდილება მომავალში კვლავ გამოადგება დინამოს და ქართულ ფეხბურთს.