დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრებმა სომხეთის 18 წლამდელთა ნაკრები მიიღო. ამხანაგური შეხვედრა ჭაბუკი ჯვაროსნების გამარჯვებით 4:1 დასრულდა. სომხეთის ნაკრები პირველ ტაიმში ერიკ პეტროსიანის გოლით დაწინაურდა, თუმცა მეორე ნახევარში ვასილ მაისურაძის შეგირდებმა მეზობლებს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს. აღსანიშნავია, რომ ოთხივე გოლი დინამოელთა ანგარიშზეა. ლევან ხარაბაძემ დუბლი გაიფორმა, გიორგი ჩაკვეტაძემ თერთმეტმეტრიანი გამოიყენა და ერთი გოლიც ზუკა დავითაშვილის ანგარიშზეა. ნაკრებში ხსენებული სამეულის გარდა დინამოდან- ლუკა ქაფიანიძემ, დავით კიკალიშვილმა, გიორგი კუციამ და ნიკა ნინუამ ითამაშეს. კიდევ ერთ სპარინგს ჭაბუკები 3 მარტს ჩაატარებენ. მიხეილ მესხის სტადიონზე მატჩი 14.00 საათზე დაიწყება.