5/1/2012
2 მაისი დინამოს ისტორიაში (EN)

ოთხშაბათს 2 მაისს, დინამო თბილისი ზესტაფონის ზესტაფონს დაუპირისპირდება. შეხვედრა მარგველთა ქალაქში, დავით აბაშიძის სტადიონზე გაიმართება და 18.00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ჩემპიონატში 2 მაისს დინამომ ორი შეხვედრა გამართა და ორივეში ერთნაირი ანგარიშით 2–0 იმარჯვა. 1990 წელს პირველი ჩემპიონატის მეშვიდე ტურში თბილისური დერბი გაიმართა. რევიშვილის და გურულის გოლებით დინამომ შევარდენი დაამარცხა. 1993 წელს მეოთხე ჩემპიონატის ოცდამეხუთე ტურში თბილისელებმა ბათუმის ბათუმი დაამარცხეს. გოლები აღნიშნულ შეხვედრაში არჩილ არველაძემ და გელა ინალიშვილმა გაიტანეს.

2 მაისს სსრკ– ს პირველობაზე დინამომ ოცდაათი მატჩი გამართა. აქედან თოთხმეტში ჩვენმა გუნდმა იმარჯვა, შვიდი შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო ცხრა მატჩში, დინამო დამარცხდა. ბურთების შეფარდება თბილისელთა სასარგებლოდაა 32/26. აღნიშნულ შეხვედრებში ხუთჯერ დაფიქსირდა უგოლო ანგარიში. სამ შემთხვევაში კი  3–0.  1969 წელს დინამომ დონეცკის შახტიორი დაამარცხა. გოლები გაიტანეს გივი ნოდიამ (ორი) და სლავა მეტრეველმა. 1973 წელს კი  ანალოგიური ანგარიშით ლვოვის კარპატი დამარცხდა. გოლები წერეთელმა, ყიფიანმა და ხურცილავამ გაიტანეს. ოთხჯერ დაფიქსირდა ანგარიში 2–0, ხოლო ყველაზე მეტჯერ, თერთმეტ შემთხვევაში, შეხვედრები 1–0 დასრულდა. ყველაზე მწარე მარცხი ჩვენმა გუნდმა 1971 წელს განიცადა, თბილისელები დიდი ანგარიშით 0–4 დამარცხდნენ ერევნის არარატთან. ორჯერ იმარჯვა დინამომ ანგარიშით 4–2. პირველად, 1940 წელს ლენინგრადის ზენიტთან და მეორედ, 1967 წელს მინსკში დინამოსთან. ზენიტთან გოლების გატანა მოახერხეს: ჯეჯელავამ (ორი), ბერეჟნოიმ და გაგუამ. მინსკელ სეხნიებთან კი მეტრეველმა და ასათიანმა ორ–ორი გოლით გამოიჩინეს თავი.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2023