12/3/2011
დინამო VS დილა – მატჩის წინ (EN)

მიმდინარე სეზონში დინამო თბილისი კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება გორის დილას. დინამო არენაზე გასამართი შეხვედრა დინამოელთათვის პრინციპული ხასიათის იქნება, ეს მატჩი ჩვენი გუნდის ვიცე–კაპიტნისთვის, გიორგი ლორიასთვის, განსაკუთრებული ხასიათის  იქნება – კვირას, დინამოს ღირსების დასაცავად, გიორგი მოედანზე მეასეჯერ გავა.

2011/2012 წლების სეზონში დინამო დილას მეოთხედ დაუპირისპირდება. სამი გამართული შეხვედრიდან ორი სათასო მატჩი ფრედ დასრულდა და მომდევნო ეტაპზე გორის დილამ განაგრძო თამაში, ერთი თამაში კი დინამოს გამარჯვებით დასრულდა.

უკანასკნელი დაპირისპირებიდან ზუსტად ერთი თვე გავიდა და უპრიანი იქნება, თუ კი მეტოქის უკანასკნელ პერიოდში გამართულ შეხვედრებზე გავამახვილებთ ყურადღებას. მას შემდეგ, რაც დილა – დინამოს სათასო შეხვედრა გაიმართა, გორელებმა ორი შეხვედრა ჩაატარეს.

უმაღლესი ლიგის XIV ტურის შეხვედრაში დილამ მოქმედ ჩემპიონს, ზესტაფონს უმასპინძლა. პირველ წრეში გამართული შეხვედრის შემდეგ, გორში ჩასატარებელ მატჩს დიდი ციებ–ცხელებით ელოდა როგორც გორელი, ასევე ზესტაფონელი გულშემატკივარი. მასპინძელთა გამარჯვების მოლოდინში, ქართლის სტადიონზე 1500–მდე გულშემატკივარი შეიკრიბა. ზესტაფონმა პირველ წრეში დიდი ანგარიშით განცდილი მარცხის შემდეგ                                          ( შეგახსენებთ, რომ ზესტაფონმა საკუთარ მოედანზე დილასთან 0:4 წააგო) ყველაფერი თავის ადგილზე დაალაგა და მორიგი სამი ქულა მოიპოვა. ჯერ იყო და 30–ე წუთზე ნიკოლოზ გელაშვილმა პენალტის ნიშნულიდან აიღო მეტოქის კარი, მატჩის მიწურულს კი საბა ლომიამ გაიტანა გამარჯვების და საფინალო ანგარიშიც დაფიქსირდა – 2:0 ზესტაფონმა რევანში აიღო.

დილამ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ¼ ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა ზუგდიდში გამართა. 24 ნოემბერს გორელებმა ბაიას მეტად დაძაბულ და უხვგოლიან მატჩში ხელიდან ფრე დასტყუეს და სათასო დაპირისპირების ხასიათიდან გამომდინარე ნახევარფინალში გასვლის შესანიშნავი შანსიც აქვთ. 

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში გორის დილამ მესამეჯერ შეიცვალა მთავარი მწვრთნელი. დინამომ ცეცაძის გაწვრთნილ დილას ორი მატჩიდან ერთი მოუგო და ერთი ფრედ ეთამაშა, სოღოლაშვილის გაწვრთნილ დილას უგოლო ფრე ეთამაშა, ახლა კი ჩვენს გუნდს თემურ მახარაძის გაწვრთნილ თერთმეტეულთან მოუწევს ურთიერთობის გარკვევა. საგულისხმოა, რომ დინამო – დილას დაპირისპირებას გორელთა რიგებიდან დისკვალიფიკაციის გამო  ვლადიმერ ჯოჯუა გამოტოვებს. 42 ჩატარებული შეხვედრიდან ჩვენმა გუნდმა გორელები 38–ჯერ დაამარცხა, 4 მატჩი კი ფრედ დასრულდა.

გორის დილას სავარაუდო შემადგენლობა:

შეყრილაძე – გველესიანი, ლომიძე, მაჭავარიანი, ქარქუზაშვილი – ახალკაცი, პ. ხორგუაშვილი, რაჟამაშვილი, სადაღაშვილი – ჩაგელიშვილი, თოდუა

საუკეთესო მეგოლეები 2011/2012 წლების სეზონში

დინამო: ჩისკო – 9 გოლი, მიკელ ალვარო – 5 გოლი

დილა: ახალკაცი, რაჟამაშვილი – 3 გოლი

მიმდინარე ჩემპიონატში დილა ყველაზე უკეთ 60–75 წუთამდე მონაკვეთს თამაშობს. აღნიშნულ თხუთმეტწუთიან მონაკვეთში ჩვენმა მომავალმა მეტოქემ მოწინააღმდეგეთა კარში შვიდი გოლის გატანა მოახერხა.

2011/2012 წლების გათამაშებაში დილას რიგებში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი 17 წლის რევაზ ქიტიაშვილი გახლავთ.

გორის დილას რიგებში მოთამაშე ოლეგ გველესიანი, ბექა შეყრილაძე და ვაჟა ნემსაძე სხვადასხვა დროს ჩვენი გუნდის ღირსებას იცავდნენ. მეტიც 2007/2008 წლების სეზონში ოლეგ გველესიანი, რომელსაც დინამოს მაისურით 2007 წლიდან 2009 წლამდე 26 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მეტოქეთა კარში სამი გოლიც აქვს გატანილი, დინამოსთან ერთად, საქართველოს ჩემპიონის ტიტულსაც დაეპატრონა.

დასასრულს შეგახსენებთ, რომ დილა – დინამოს დაპირისპირება 4 დეკემბერს, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე 18:00–ზე დაიწყება და შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე იქნება შესაძლებელი. შეხვედრის ტექსტური LIVE - სთვის თვალ–ყურის დევნება  კი ტრადიციულად ჩვენი გუნდის ოფიციალური ვებ–გვერდის საშუალებით შეგეძლებათ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024