10/29/2011
30 ოქტომბერი დინამოს ისტორიაში (EN)

კვირას, 30 ოქტომბერს მიხეილ მესხის სახელობის სატადიონზე დინამო თბილისი ცხინვალის სპარტაკს უმასპინძლებს. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება. საქართველოს ჩემპიონატში 30 ოქტომბერს დინამომ შვიდჯერ იასპარეზა. თბილისელებმა სათამაშო მოედანი თავაწეულებმა ხუთჯერ დატოვეს, ერთხელ ითამაშეს ფრე და ერთხელ დამარცხდნენ. ბურთების შეფარდება 24-8 დინამოს სასარგებლოდ. ერთადერთი მარცხი თარიღდება 2004 წლით. მეთექვსმეტე ჩემპიონატის მეცამეტე ტურში თბილისელებმა ქუთაისში ტორპედოსთან, ანგარიშით 1-2 დაასრულეს შეხვედრა. 2009 წელს, ოცდამეერთე ჩემპიონატის მეცამეტე ტურში დინამომ ვიტ-ჯორჯიასთან, უგოლო ფრე ითამაშა. წარმატებული შეხვედრებიდან აღსანიშნავია გალის მზიურთან ანგარიშით 7-3 ჩატარებული მატჩი. ეს შეხვედრა 1991 წელს, მესამე ჩემპიონატის მეთერთმეტე ტურში გაიმართა. 1999 წელს კი, მეთერთმეტე ჩემპიონატის მეათე სათამაშო დღეს მტკვრისპირელებმა თანაქალაქელი თბილისი, გამანადგურებელი ანგარიშით 6-0 დაამარცხეს.

სსრკ-ს ჩემპიონატში 30 ოქტომბერს თბილისელებმა 6 შეხვედრა ჩაატარეს. დინამომ ოთხჯერ იმარჯვა და ორი მატჩი დაასრულა ფრედ. ბურთების შეფარდება 8-3 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ. 1936 წელს თბილისელებმა მოსკოვის ლოკომოტივს უმასპინძლეს და ანგარიშით 2-1 იმარჯვეს. 1938 წელს ამავე ანგარიშით დაამარცხეს ბაქოს ტემპი. დინამომ 1969 წელს, ორი უპასუხო ბურთით აჯობა ვოროშილოვგრადის ზარიას, ხოლო 1976 წელს, შემოდგომის ჩემპიონატში ლენინგრადის ზენიტი დაამარცხა ანგარიშით 1-0. ორი ნათამაშები ფრიდან აღსანიშნავია 1964 წელს ქუთაისში, ტორპედოსთან 1-1 დასრულებული შეხვედრა. 1968 წელს კი მტკვრისპირელებმა უგოლო ფრე ითამაშეს კიევში ადგილობრივ დინამოსთან.

ასე, რომ თამამად შეიძლება ითქვას- 30 ოქტომბერი დინამოს ისტორიაში წარმატებული დღეა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2020