2 ოქტომბერს დინამო თბილისი ეროვნული ჩემპიონატის მერვე ტურში ბოლნისში, ადგილობრივ სიონს ესტუმრება. შეხვედრას გუნდები რადიკალურად განსხვავებული სატურნირო მდგომარეობით ხვდებიან. თბილისელები თექვსმეტი ქულით ცხრილის სათავეში იმყოფებიან, ხოლო ბოლნისელები ორი ქულით საპირისპირო პოლუსზე.
დინამო და ბოლნისი ეროვნულ ასპარეზზე სულ 45–ჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და აშკარა უპირატესობას მტკვრისპირელები ფლობენ. თბილისელებმა 37–ჯერ დატოვეს მოედანი გამარჯვებულებმა, ითამაშეს ოთხი ფრე და მხოლოდ ოთხჯერ დამარცხდნენ. ბურთების შეფარდება 107–20 დინამოს სასარგებლოდ. მიუხედავად ასეთი უპირატესობისა ბოლო წლებში ამ გუნდების შეხვედრა დაძაბულად და საინტერესოდ მიმდინარეობს. ნათამაშები ოთხი ფრიდან, სამი შეხვედრა უგოლოდ, ხოლო ერთი მატჩი ანგარიშით 1–1 დასრულდა. ბოლნისელთა გამარჯვებიდან აღსანიშნავია 2–0 მოგება თბილისში, ოცდამეერთე ჩემპიონატის მეთერთმეტე ტურში 2009 წელს. თბილისელებმა 37 გამარჯვებიდან დიდი ანგარიშით თორმეტი შეხვედრა დაასრულეს. ამათგან მეშვიდე ჩემპიონატის მეცამეტე ტურში 1996 წელს დინამომ ბოლნისელებს 8–0 მოუგო. 1998 წელს მეათე ჩემპიონატის მესამე ტურში თბილისელებმა ისევ რვა ბურთი გაიტანეს მეტოქის კარში, თუმცა ერთი ბურთი საკუთარ კარშიც მიიღეს. ყველაზე დიდი სხვაობა კი დაფიქსირდა მეთორმეტე ჩემპიონატის მეთოთხმეტე ტურში 2000 წელს, როდესაც დინამომ სიონი ცხრა უპასუხო ბურთით დაამარცხა.