10/1/2011
დინამო vs სიონი - მატჩის წინ (EN)

ეროვნული ჩემპიონატის მეერვე ტურის შეხვედრას დინამო თბილისი ბოლნისში, ადგილობრივი სიონის წინააღმდეგ გამართავს. 2 ოქტომბერს ჩვენი გუნდი საქართველოს 2005/2006 წლების გათამაშების ჩემპიონს შეებრძოლება მორიგი სამი ქულის მოსაპოვებლად. წლების წინ საქართველოს ჩემპიონს ბოლნისის სიონს, რომელიც გათამაშების ცხრილის ფსკერზე იმყოფება, ფინანსურ პრობლემებს უჩივის და შესაბამისად საქართველოს ცამეტგზის ჩემპიონთან შეხვედრა კარგს არაფერს უქადის.

მიმდინარე გათამაშება ბოლნისელმა ფეხბურთელებმა ზუგდიდში. ადგილობრივ ბაიასთან მარცხით დაიწყეს. სიონი ჩემპიონატის სტარტს მოუმზადებელი და შეკრებაგაუვლელი შეეგება, რაც გუნდის შედეგებზე პირველივე შეხვედრაში აისახა.

ზუსტად ორ კვირაში ჩვენმა მომავალმა მეტოქემ მორიგი მარცხი იწვნია. ამჯერად უკვე საკუთარ მოედანზე დათმო შეხვედრა ევროპის ლიგაზე მოთამაშე გაგრასთან – 1:3 და გათამაშების გამოკვეთილი აუტსაიდერის მარკაც ძალაუნებურად მიიკრა. 

ეროვნული ჩემპიონატის დაწყებიდან ორი ტური იყო გასული, როდესაც სიონს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაზე პირველი შეხვედრის გამართვა მოუწია ნორჩ დინამოელთან. ბოლნისელები რანგით დაბალ ლიგაში მობურთავე გუნდთან, ორმატჩიან დაპირისპირებაში, პირველი გამართული შეხვედრის შემდეგ, თასიდან გავარდნის საფრთხის წინაშე დადგნენ. უმაღლესი ლიგის ბინადარმა სიონმა საშინაო ფრე მეტოქის სასარგებლოდ ითამაშა – 1:1 და საპასუხო მატჩამდე მომავალი კითხვისნიშნის ქვეშ დააყენა, თუმცა თასზე ფრედ ნათამაშებმა შეხვედრამ პოზიტიური გავლენა მაინც იქონია ჩვენს მომავალ მეტოქეზე...

თასის შეხვედრის შემდგომ ბოლნისურმა გუნდმა ქულათა მარაგის შევსება შესძლო. ჯერ იყო და ნორჩ დინამოელთან დაპირისპირებიდან ოთხი დღის თავზე გასვლით შეხვედრაში ყვითელ–წითელი ბარათების ხარჯზე ცსინვალის სპარტაკს დასცინცლეს ხელიდან იგოლო ფრე და შესაბამისად ერთი ქულა, შემდეგ კი ჩემპიონატის მეოთხე ტურში საკუთარ მოედანზე მიაღწიეს ვეტერინარებთან ზავს. სიონმა ვიტჯორჯიასთან ფრედ ითამაშა – 1:1 და ხსენებულ შეხვედრაში ჩვენმა მომავალმა მეტოქემ ჯერ–ჯერობით უკანასკნელი ქულა მოიპოვა გივი დიდავას შესრულებული თერთმეტმეტრიანით. აწ უკვე სიონის ყოფილმა ფეხბურთელმა სპარტაკთან შეხვედრის 72–ე წუთზე წონასწორობა პენალტით აღადგინა.

ზედიზედ სამ ფრედ ნათამაშებ შეხვედრას ქუთაისური მარცხი მოჰყვა. სიონი გასვლით მატჩში ტორპედოს წინააღმდეგ დამარცხდა – 0:2 და მითი სიონის გამოცოცხლების შესახებ ამჯერადაც თავად დაამსხვრიეს ბოლნისელმა ფეხბურთელებმა. მათ პირველი ტაიმის მიწურულსვე დაყარეს ფარ–ხმალი შედარებით ძლიერ მეტოქესთან ჭიდილში. სიონმა პირველი ნახევარი უმედოდ წააგო 0:2 და დარჩენილ ორმოცდახუთ წუთში ისეთი ღირებულის შექმნა ვერ მოახერხეს, რაც მათსავე სატურნირო ცხრილში ქულათა გრაფაში დადებითად  აისახებოდა... საბოლოოდ 0:2 და თასის საპასუხო შეხვედრის წინ სიონი კვლავ ფსკერისკენ დაეშვა...

13 სექტემბერს საქართველოს თასის გათამაშების პირველი ეტაპის საპასუხო შეხვედრაში სიონი იღბალმა იხსნა მარცხისგან და საფეხბურთო ფორტუნამ ბოლნისელებს 1/8 ფინალში გამსვლელი საგზურიც აჩუქა. სიონი შედარებით გამოუცდელ მეტოქესთან შეხვედრის 84–ე წუთზე გაშვებული გოლის შემდეგ მარცხდებოდა... გაშვებულმა გოლმა და თასიდან გავარდნის შიშმა ჩვენ მომავალ მეტოქეს სპორტულთან ერთად, ბრძოლისუნარიანობის ჟინიც გაუღვივა და ჯერ 87–ე წუთზე მოახერხა სიონმა გიორგი ქუცურუას გოლის წყალობით ანგარიშის გათანაბრება და მატჩის დამატებულ დროში გადაყვანა, შემდეგ კი პენალტების სერიაში პირველი ლიგელი მეტოქის დამარცხება. მტკიცე ხასიათის გამოვლენამ და შეხვედრის უკანასკნელ წამამდე ბრძოლამ სიონი თასის მომდევნო ეტაპზე გაიყვანა...

ეროვნული ჩემპიონაის მეექვსე ტურის შეხვედრაში კი სიონი მოქმედ ჩემპიონს, ზესტაფონს დაუპირისპირდა ბოლნისში – თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე. სიონი თასზე ძალებგამოცლილი გუნდის შთაბეჭდილებას ნამდვილად არ ტოვებდა ზესტაფონთან შეხვედრაში და არც რამით ჩამოუვარდებოდა მეტოქეს, მაგრამ შეხვედრის ბედი ჩვენი მომავალი მეტოქის საწინააღმდეგოდ, მსაჯის ჯიბიდან ამოსულმა წითელმა ბარათმა გადაწყვიტა. დავით სვანაძე შეხვედრის 61–ე წუთზე მატჩის მთავარმა არბიტრმა, ლევან კვარაცხელიამ მატჩის მსვლელობისას მეორეჯერ გააფრთხილა და შესაბამისად ბოლნისელი ფეხბურთელი მოედნიდანაც გაძევებული იქნა. კაცნაკლულმა სიონმა კი ჯერ 63–ე წუთზე გაუშვა გოლი პენალტიდან, შემდეგ კი 77–ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა საბა ლომიამ  მორიგი გოლი გაიტანა ბოლნისელთა კარში. შეხვედრის დამატებულ წუთებზე კი ლევან ჩხეტიანმა მეტოქეს პრესტიჟის გოლი გაუტანა და სიონმა შეხვედრა მინიმალური სხვაობით დათმო – 1:2.

მიმდინარე ჩემპიონატში უსახურად მოასპარეზე ბოლნისის სიონმა მართალია საკუთარი გულშემატკივარი ვერ გაახარა პირველი საშინაო გამარჯვებით, მაგრამ საშუალება მისცა სიონმა დილას გულშემატკივართ პირველი გორული გამარჯვებაც ეზეიმათ. ბოლნისელები გასვლით შეხვედრაში უმაღლესი ლიგის გათამაშების დებიუტანტთან, გორის დილასთან დამარცხდნენ სტუმრად 0:1 და გათამაშების ცხრილში უკანასკნელ პოზიციაზეც დამკვიდრდნენ.

ჩვენთან შეხვედრამდე,  ბოლნისის სიონმა, ზუგდიდის ბაიასთან მიმდინარე სეზონში მეორე მარცხი იწვნია. ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურის დარად, ბოლნისელები მეგრელებთან საქართველოს თასის 1/8 ფინალურო ეტაპის პირველ შეხვედრაშიც 0:3 დამარცხდნენ.

ბოლნისის სიონის სავარაუდო შემადგენლობა:

ზუხბაია – ადამაშვილი, თარგამაძე, სვანიძე, კობაური – უგრეხელიძე, გ. ოქროპირიძე, გაბრიჭიძე, ქუცურუა, ჩხეტიანი – რეხვიაშვილი

XXIII ეროვნულ ჩემპიონატში უსახურად მოთამაშე ბოლნისის სიონი დინამოსთან საშინაო დავალების შესრულებას და მინიმუმ ქულის აღებას შეეცდება. თუმცა ჩემპიონატის ეგიდით გამართულ დინამო – სიონის ურთიერთშეხვედრათა დაპირისპირებაში სრულ უპირატესობას დედაქალაქელები ფლობენ – ჩვენმა გუნდმა სიონი 45 მატჩიდან 37 შეხვედრაში დაამარცხა, ოთხჯერ ფრედ ეთამაშა... ოთხი მატჩი კი ჩვენი მომავალი მეტოქის გამარჯვებით დასრულდა.

 

გასული სეზონი. ურთიერთშეხვედრები:

24.09.2010

სიონი 1-0 დინამო

გოლი: 1-0 ვაშაკიძე 26'

 

26.11.2010

დინამო 2-0 სიონი

გოლები: 1-0 ვაწაძე 80', 2-0 ლექვთზე 89'

 

16.03.2011

სიონი 0-2 დინამო

გოლები: 0-1 ხმალაძე 45' (პენ.), 0-2 ჯუისი 88'

 

14.05.2011

დინამო 1-0 სიონი

გოლი: 1–0 ტატანაშვილი 80'

საუკეთესო მეგოლეები 2011/2012 წლების სეზონში

ტორპედო – ჩხეტიანი, უგრეხელიძე, ისიანი – 1 გოლი

დინამო – ჩისკო – 3 გოლი, კოშკაძე, ალვარო – 2 გოლი

გასული სეზონი:

სიონი შინ – 18 შეხვედრა, 9 მოგება, 4 ფრედ, 5 წაგება.

დინამო თბილისი სტუმრად – 18 შეხვედრა, 9 მოგება, 4 ფრე, 5 წაგება.

დასასრულს კი გეტყვით, რომ სიონისა და დინამოს შეხვედრა ბოლნისში 2 ოქტომბერს თბილისის დროით 15:00–ზე გაიმართება და შეხვედრის ტექსტური LIVE-ს ხილვა ჩვენივე კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდის მეშვეობით შეგეძლებათ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024