11/1/2011
დინამო -დილა - მეექვსე დაპირისპირება საქართველოს თასზე (EN)

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრას, დინამო თბილისი გორის დილასთან 2 ნოემბერს გამართავს. გორის ცენტრალურ სტადიონზე მინდვრის საფარის გამოცვლის  გამო,  შეხვედრა  გორში– ქართლის სტადიონზე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი, რომელიც თბილისში, ნაკრების ტექნიკურ ცენტრ– ბასაზე გაიმართა, ფრედ ანგარიშით 2–2 დასრულდა.

ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით გამართული დინამოსა და დილას ურთიერთშეხვედრები წლების მანძილზე ჩვენი გუნდის კარნახით მიმდინარეობს. 42 ჩატარებული შეხვედრიდან ჩვენმა გუნდმა გორელები 38–ჯერ დაამარცხა, 4 მატჩი კი ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება 134–20 თბილისელთა სასარგებლოდ.
დინამომ ყველაზე დიდი ანგარიშით  2005 წლის 2 აპრილს, მეთექვსმეტე ჩემპიონატის ოცდამეექვსე ტურში გაიმარჯვა, როდესაც დილა 9:0 დაამარცხა. დინამომ სამჯერ დაამარცხეს გორელები ანგარიშით 6–1. 1996 წლის 19 აპრილს, მეშვიდე ჩემპიონატის ოცდამესამე ტურში, 2000 წლის 30 მაისს მეთერთმეტე ჩემპიონატის მეთოთხმეტე ტურში და 2006 წლის 6 აგვისტოს მეთვრამეტე ჩემპიონატის მეორე სათამაშო დღეს.

რაც შეეხება სათასო დაპირისპირებას დინამო დილას უკვე მეხუთედ დაუპირისპირდება. თბილისელი და გორელი ფეხბურთელების გზები ჯერ კიდევ   1995/96 წლების სეზონში გადაიკვეთა, როდესაც ჩვენმა გუნდმა მეტოქე გათამაშებიდან უპრობლემოდ გამოთიშა – 4:0 და 3:0.
სათასო დაპირისპირება 1997/98 წლების სეზონშიც გაგრძელდა და მაშინ გორელებმა ფინალში გასვლისთვის საკმაოდ დიდი ნაბიჯი გადადგეს პირველივე შეხვედრაში, მათ დინამო საკუთარ მოედანზე დაამარცხეს – 2:1, თუმცა საპასუხო შეხვედრაში ყველაფერი თავის ადგილზე დადგა და დინამოელებემა ზედიზედ მეექვსე ფინალში გააღწიეს და   მეექვსედ გახდნენ ტრიუმფატორები. მეხუთედ   დაპირისპირება  თბილისში შედგა, ამაწლის 28 სექტემბერს– ბასაზე. უკომპრომისო და საინტერესო შეხვედრა ფრედ , ანგარიშით  2–2 დასრულდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024