მცხეთა პარკზე გამართული ვიტ ჯორჯია 2:2 დინამო - შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტთა წინაშე ვიტ ჯორჯიელთა მთავარი მწვრთნელი, ზურაბ ბერიძე და დინამოს ესპანელი თავკაცი, ალექს გარსია წარსდგნენ.
ზურაბ ბერიძე - ჩვენ ვიცოდით რომ ძალიან ძლიერ გუნდთან მოგვიწევდა თამაში. პირველ ტაიმში ვფრთხილობდით და შეხვედრა კონტრშეტევებზე ავაგეთ. მეორე ტაიმში გუნდი უფრო თავდაჯერებული გამოვიდა, საკუთარი ძალების ირწმუნა, რაც ჩვენს თამაშზეც აისახა. შეხვედრის მეორე ნახევარში უფრო შემტევი ფეხბურთი ვითამაშეთ. აქვე მინდა ვთქვა, რომ ბატონი გარსიას სახით საქართველოში სამუშაოდ ნამდვილად ბრწყინვალე მწვრთნელია ჩამოსული.
ალექს გარსია - სწრაფი გოლი გავიტანეთ, თამაშის სადავეები ხელთ გვეპყრა. მას შემდეგ რაც გოლი გავუშვით, გუნდი აირია. მეორე ტაიმში კვლავ დავწინაურდით და გოლის შემდეგ ჩვენი თამაშის ჩვენების საშუალება მოგვეცა. ლოგიკურად შეხვედრა გამარჯვებამდე უპრობლემოდ უნდა მიგვეყვანა, თუმცა შეხვედრის ბოლოს დასანანი გოლი გავუშვით. გუნდის გარშემო მშვიდი გარემო ნამდვილად არ არის. გარედან ვგებულობთ, რომ ვადა წლის ბოლომდე მაქვს მოცემული.ფეხბურთელები ყველაფერს აკეთებენ. ყოველი თამაში მათთვის როგორც ფინალი ისეთი გახლავთ და ამ შეგრძნებით გამოდიან მოედანზე სათამაშოდ. მშვიდი სამუშაო გარემო გვჭირდება. სეზონის სტარტზე ჩვენ ფაქტიურად დრო არ გვქონია კომპლექტაციისთვის. ახლა უკეთ ვიცით, დინამოს რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება, თუმცა სამწუხაროდ დეკემბრამდე ხელ-ფეხი გვაქვს შეკრული. ჩვენი უმთავრესი კონკურენტი კი ჩვენი თავია - გადამწყვეტი ბრძოლები პირველ რიგში ჩვენ თავთან უნდა მოვიგოთ.