კვირას, 27 ნოემბერს, საქართველოს ჩემპიონატის მეთხუთმეტე ტურში, დინამო თბილისი ზესტაფონში მოქმედ ჩემპიონს დაუპირისპირდება. მეტად მნიშვნელოვანი შეხვედრა დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე, 18:00 საათზე დაიწყება.
27 ნოემბერი დინამოს ისტორიაში თამაშებით არც ისე დატვირთული თარიღია. სულ ოთხი შეხვედრა ჩაუტარებიათ თბილისელებს, აქედან სამი ეროვნულ ჩემპიონატში და ერთიც სსრკ–ს პირველობაზე. 1966 წელს მტკვრისპირელებმა კიეველ სეხნიებს უმასპინძლეს და ერთი მიღებული ბურთის წილ, სამი გოლი გაუტანეს სტუმრებს. გოლები მეტრეველმა ორი და ასათიანმა გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ იმ სეზონში კიევის დინამომ დუბლი გაახერხა. 1995 წელს, მეშვიდე ჩემპიონატის მეთოთხმეტე ტურში, დინამომ ბათუმის ბათუმს უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1–1 დასრულდა. ასევე ფრედ , ოღონდ უგოლოდ დამთავრდა მატჩი მტკვრისპირელებსა და რიონისპირელებს შორის. ეს შეხვედრა 2002 წელს, მეთოთხმეტე ჩემპიონატის მეცხრამეტე სათამაშო დღეს გაიმართა. 2005 წელს დიდი ანგარიშით იმარჯვა ჩვენმა გუნდმა. მეჩვიდმეტე ჩემპიონატის, მეთხუთმეტე ტურში თბილისელებმა სოხუმის დინამოს უმასპინძლეს და ოთხი უპასუხო გოლით დაამარცხეს.