1/25/2012
ჩეხურ-სლოვაკური დინამოში (EN)

დინამოში ქართულ-ესპანურ ენაზე საუბარი უკვე კარგა ხანია ჩვეულებრივი ამბავია. ბოლო პერიოდში კი ჩეხური საუბარიც ისმის. ჩვენი გუნდის ჩეხ ლეგიონერს ირჟი ჰომოლას ჩეხურ-სლოვაკურ ენაზე მოსაუბრე მამუკა ლომიძის გვერდით ხშირად ნახავთ. მამუკას ერთი წელი მოუწია სლოვაკეთში თამაში და ისინიც ჩეხურ-სლოვაკურად საუბრობენ.
ირჟი ჰომოლა – მამუკას მოსვლის შემდეგ მშობლიურ ენაზეც მყავს ხმის გამცემი. ოთახში რობერტინიოსთან ერთად ვცხოვრობ. ჩემი კარიერის მანძილზე ყველაზე ხანგრძლივი შეკრებაა, მაგრამ შეჩვეული ვარ, სხვებთან შედარებით ისედაც დიდი ხნით მოწყვეტილი ოჯახს. თავისუფალი დროის უდიდეს ნაწილს ინტერნეტით ოჯახის წევრებთან საუბარს ვანდომებ. მეუღლე და ორწლინახევრის ბიჭი მყავს. ჩემები, საქართველოს ჩემპიონატის ყველა თამაშს  უყურებენ, რომელიც ტელევიზიით გადაიცემა. მარბელაში პოლონელებთან, პირველი ტაიმი ვერ ვითამაშეთ, პირველად მოგვიწია ასეთი შემადგენლობით თამაში, ცოტა მგზავრობითაც გადაღლილები ვიყავით და დაცვაშიც რამდენიმე უხეში შეცდომა დავუშვით. მეორე ნახევარში ტაქტიკა მთლიანად შევცვალეთ, შეტევაშიც კარგად ვითამაშეთ. ამ ზამთარს კვალიფიციური ფეხბურთელები დაგვემატნენ და კონკურენციამაც იმატა. ჩემპიონატში ჩავარდნების გარეშე თუ შევძელით გამოსვლა და ქულების ფანტვას დავასრულებთ, შეუძლებელი არაფერია და ჩემპიონობაც მიღწევადი მიზანია.
მამუკა ლომიძე – ენების შესწავლა მსიამოვნებს და სადაც მომიწია თამაში ენის დაუფლებას ვცდილობდი. რუსულისა და ინგლისური ენების გარდა, ვიცი ჩეხური, რუმინულადაც ვახერხებ საუბარს, აი ესპანურში ცოტა გამიჭირდა. პირველივე შესაძლებლობისას მეც კომპიუტერთან ვარ და ოჯახს ვეკონტაქტები. სლოვაკი მეუღლე და 6 თვის ბიჭი მყავს. ბოლო შეხვედრას რაც შეეხება, ალბათ ინტერნეტის საშუალებით ყველა მსურველს შეეძლო თვალი ედევნებინა. კიდევ კარგი, რომ ჩემებმა მხოლოდ მეორე ტაიმი ნახეს. ჩემი ფეხბურთელი ცოლისძმაც შემეხმიანა სლოვაკეთიდან, დიდად კმაყოფილი ვერ იყო ჩემი თამაშით. პირველი ტაიმი ძალიან სუსტად ვითამაშეთ. გარკვეული ობიექტური მიზეზების მიუხედავად, მაინც ძალიან თვითკრიტიკული ვიქნები – უკმაყოფილო ვარ საკუთარი გამოსვლით. მეორე ნახევარში კი როდესაც ანგარიში გავათანაბრეთ და სრულად ვფლობდით თამაშის სადავეებს და ყველას გვჯეროდა გამარჯვების, აქაც უხეში შეცდომა დავუშვით და მესამე გოლიც მივიღეთ. დინამოში ძალიან ძლიერი შევსებაა. მათ თავიანთი სიტყვა უკვე ნათქვამი აქვთ ფეხბურთში და დარწმუნებული ვარ კიდევ იტყვიან. მთავარია სტაბილურად გამოსვლა შევძლოთ და მიზნის მიღწევასაც მოვახერხებთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024