დინამოელები ესპანური შეკრების მეორე ეტაპს ანდალუსიაში გადიან. ანდალუსია ესპანეთის უკიდურესი სამხრეთით მდებარე ავტონომიური გაერთიანებაა - ფლამენკოს და თანამედროვე კორიდის სამშობლო. იგი 8 პროვინციისაგან შედგება. ადმინისტრაციული ცენტრი – სევილიაა. ცნობისთვის პრიმერაში 4 ადგილობრივი გუნდი თამაშობს - ბეტისი, სევილია, გრანადა და მალაგა.
ჩვენი გუნდი ხუთ ვარსკვლავიან Gran Gotel Elba Estepona–ში არის დაბინავებული. გიბრალტარის შორი-ახლო მდებარე ესტეპონა დაახლოებით 60 ათასიანი ქალაქია. იგი ხმელთაშუა ზღვის საქვეყნოდცნობილ კოსტა-დელ-სოლის სანაპირო ზოლში მდებარეობს. ესტაპონას პოპულარულ საკურორტო ქალაქ მარბელამდე, სადაც დინამოელები საკონტროლო შეხვედრებს მართავენ 30 კილომეტრი აშორებს. მალაგამდე მანძილი კი დაახლოებით 100 კილომეტრია. ვარჯიშებს დინამოელები სასტუმროდან ათიოდ კილომეტრში მდებარე საფეხბურთო მოედნებზე ატარებენ. რეგიონში ზამთრის პერიოდშიც თბილი და უნალექო ჰავაა, ჰაერის ტემპერატურა +15-20° არის.