2/18/2012
მეტალურგი VS დინამო – მატჩის წინ (EN)

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ეროვნული ჩემპიონატი ჩვეულს რიტმს უბრუნდება. უამინდობის გამო გადადებული XIX ტურის შეხვედრები 22 თებერვალს გაიმართება, მაგრამ მანამდე გუნდები XX ტურით განაახლებენ უმაღლეს ლიგას. დინამოელები 2012 წლის პირველ ოფიციალურ შეხვედრას რუსთავში, ადგილობრივი მეტალურგის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა აქვს ფოლადის სტადიონზე 14:00 საათზე აიღებს სტარტს.

მიმდინარე სეზონში დასახული მიზნები:

რუსთავის მეტალურგი მიმდინარე სეზონში ტრადიციულად მოწინავე ადგილებისთვის იბრძოლებს. უმაღლეს ლიგაში და თასის გათამაშებაზე რუსთაველთა მთავარი მიზანი ევროთასებზე გამსვლელი საგზურის მოპოვება იქნება. ორ ფრონტზე მობურთალმა კობა ჟორჟიკაშვილის გუნდმა სეზონის განახლებამდე რვა საკონტროლო შეხვედრა გამართა. რუსთაველებმა ზამთრის პაუზა ნაყოფიერად გამოიყენეს, შეკრება ორ ეტაპად დაყვეს და ქართულ–თურქული სპარინგები გამართეს.

მწვრთნელი და გუნდი:

თურქული შეკრებიდან დაბრუნებული რუსთავის მეტალურგის მთავარი მწვრთნელი, კობა ჟორჟიკაშვილი მოსამზადებელი ეტაპით კმაყოფილებას გამოთქვამს, რაც არაერთხელ აღნიშნა სპორტული გამოცემებისთვის მიცემულ ინტერვიუში. მეტალურგი 5 იანვრიდან შეუდგა სეზონის მეორე ნახევრისთვის სამზადისს, ამ პერიოდში მათ სამი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარეს (მეტალურგი 3:2 სტუ, მეტალურგი 2:1 სიონი, მეტალურგი 1:1 დილა) და არ დამარცხებულან. მეზობელ თურქეთში ჩატარებული ოთხი ტესტ მატჩიდან მეტალურგმა მხოლოდ ერთი წააგო (მეტალურგი 1:2 ასტანა), ერთი შეხვედრა მოიგო (მეტალურგი 2:1 სპორტული), ორი შეხვედრა კი ფრედ, გატანილი გოლების გარეშე (მეტალურგი 0:0 შერიფი, მეტალურგი 0:0 ტიანჟანი) დაასრულა. საქართველოში დაბრუნებულმა გუნდმა ეროვნული ჩემპიონატის განახლებამდე კიდევ ერთი სპარინგი ცხინვალის სპარტაკთან ჩაატარა და ფრედ 1:1 ითამაშა. ზამთრის სატრანსფერო პერიოდში რუსთაველთა რიგები ლექსო კვახაძემ, ლაშა ჩადუნელმა, ილია პავლიაშვილმა და გიგა წენგუაშვილმა დატოვეს. დანაკლისთან ერთად გუნდს სერიოზული მატებაც აქვს. გუნმა სევასტი თოდუა, ირაკლი სიხარულიძე, გიორგი ოთარაშვილი დაიმატა. ასევე მეტალურგის პირველი გუნდის მაისურით იასპარეზებენ ხოხონიშვილი და ექვთიმიშვილიც. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ჩვენი გუნდის საკუთრებაში მყოფი გიორგი თექთურმანიძე, რომელიც მეტალურგის რიგებში იჯარის წესით ითამაშებს და 19 თებერვალს გასამართ შეხვედრაში ორმხრივი შეთანხმების შედეგად მონაწილეობის უფლება არ ექნება.

სუსტი და ძლიერი მხარეები:

რუსთავის მეტალურგის მთავარ პლიუსს შედეგიანი თავდასხმის ხაზი წარმოადგენს. უმაღლესი ლიგის 18 ჩატარებულ შეხვედრაში მეტალურგმა 21 გოლის გატანა მოახერხა, აქედან 14 ბურთი მოდებაძე–ტატანაშვილის დუეტზე მოდის. ეს უკანასკნელი ეროვნული ჩემპიონატის ერთ–ერთი საუკეთესო გოლეადორიც არის. უმაღლეს ლიგის ბომბარდირთა დავაში 9–9 გატანილი გოლით პირველ ადგილს დინამოელი ჩისკო, ზესტაფონელი ჯაბა დვალი და მეტალურგის რიგებში მოთამაშე დიმიტრი ტატანაშვილი იყოფენ. რუსთაველთა სუსტ მხარეს კი არასტაბილური დაცვის ხაზი წარმოადგენს. მეტალურგმა თითქმის იმდენივე ბურთი მიიღო საკუთარ კარში, რამდენი შეხვედრაც ჩაატარა – რუსთაველებმა 18 შეხვედრაში 18 ბურთი გაუშვეს.

ისტორია და დღევანდელობა:

რუსთავში 1948 წელს დაარსებული საფეხბურთო კლუბი 1990 წლამდე მეტალურგის სახელით გამოდიოდა. 1990 წლიდან გორდა, 2006 წლიდან ოლიმპი, 2011 წლიდან კი კვლავ მეტალურგი ეწოდა. წითელ–თეთრები საშინაო შეხვედრას რუსთავში ფოლადის სტადიონის ხელოვნურსაფარიან მინდორზე ატარებენ, რომელიც 10 000 გულშემატკივარს იტევს. გუნდმა არსებობის ისტორიაში ორჯერ მოიგო საქართველოს ჩემპიონის ტიტული. რუსთაველებმა 2007 და 2010 წელს ოქროს სინჯის მედლები მოიპოვეს. 2007–2008 წლების სეზონში რუსთავის მეტალურგმა ევროთასებზე სადებიუტო შეხვედრაც ჩაატარა. რუსთაველებმა უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშების პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახური ასტანას ბარიერის დაძლევა ვერ მოახერხეს და ორი შეხვედრის ჯამში 0:3 დამარცხდნენ. რუსთაველთა უკანასკნელი ევროსეზონი კი ნამდვილად წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს. მეტალურგმა ისტორიაში პირველად მოახერხა მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლა, სადაც ფრანგულ რენთან ორ რაუნდიან უთანასწორო ბრძოლაში 2–7 დამარცხდა.

მეტოქე და ჩვენ:

დინამო თბილისი რუსთავის მეტალურგს 42–ჯერ დაუპირისპირდება. აქამდე გამართულ 41 შეხვედრაში დინამოელები კოლოსალურ უპირატესობას ფლობენ. დედაქალაქელებმა ჩვენი მომავალი მეტოქე 26–ჯერ დაამარცხეს, 8–ჯერ ფრედ ითამაშეს, შვიდჯერ კი გამარჯვება მეტალურგს დარჩა. ბურთების შეფარდება ლოგიკურად დინამოელთა  სასარგებლოდ 86–34 არის. აღსანიშნავია, რომ დინამოელებმა სამჯერ მოახერხეს მეტოქის დამარცხება ანგარიშით 4–0. მეოთხე ჩემპიონატის მეთორმეტე ტურში 1992 წლის 13 ნოემბრს, თბილისელებმა ამ ანგარიშით გასვლით შეხვედრაში იმარჯვეს. მეშვიდე ჩემპიონატის ოცდამეორე ტურის შეხვედრაში, რომელიც 1996 წლის 12 აპრილს დედაქალაქში გაიმართა და 2009 წლის 13 სექტემბერს, ოცდამეერთე ჩემპიონატის მეხუთე ტურში. ეს თამაში კოკისპირული წვიმის თანხლებით, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შედგა. გასვლით შეხვედრაში დინამომ ყველაზე დიდი ანგარიშით 1996 წლის 29 აგვისტოს იმარჯვა. მერვე ჩემპიონატის მეოთხე ტურის შეხვედრა ანგარიშით 6–2 დასრულდა. ყველაზე დიდი ანგარიშით კი დინამომ მეოთხე ჩემპიონატის ოცდამერვე ტურში მოიგო. 1993 წლის 3 ივნისს დინამომ მეტოქე 12-4 გააანადგურა. ბოლო შეხვედრაში, რომელიც დინამო არენაზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო ლოკომოტივის სტადიონზე ჩატარდა, მეტალურგმა საკმაოდ დაძაბულ შეხვედრაში თბილისელები ანგარიშით 2–3 დაამარცხა.

მეტალურგის სავარაუდო შემადგენლობა:

ბედიაშვილი – მახვილაძე, თოდუა, ჯაფარიძე, მურველაშვილი – დობროვოლსკი, გეწაძე, მაისურაძე, რაზმაძე – ტატანაშვილი, მოდებაძე.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024