2/21/2012
გიორგი დევდარიანი: შრომა და უძილო ღამეები დაგვიფასდა (EN)

გიორგი დევდარიანმა თბილისის "დინამო" ჩაიბარა და პირველივე შეხვედრა კონკურენტ რუსთავის "მეტალურგს" გასვლაზე 2:0 მოუგო.

მშვენიერი დებიუტისა და ლიდერთა მატჩის მოგებისთვის, დევდარიანი "ლელომ" ტურის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა.

- გილოცავთ წარმატებულ დებიუტს.
- დიდი მადლობა "ლელოს". ამდენი ხნის პაუზის შემდეგ უმაღლეს ლიგაში წარმატებით დაბრუნება და ჟურნალისტების აღიარება სასიამოვნოა. ეს მხოლოდ ჩემი გამარჯვება არ იყო, ის "დინამოს" ყველა თანამშრომელმა ერთად მოვიპოვეთ, ფეხბურთელებმა კი მოედანზე თავი არ დაზოგეს. ამისთვის მადლობა მათ.

- სადებიუტო შეხვედრის მოგება, თანაც კონკურენტთან გუნდის განწყობისთვისაც მნიშნელოვანია.
- რა თქმა უნდა, ნებისმიერ საქმეში ბევრს ნიშნავს გამართლება, იღბალი, რაც გინდათ, ის დაარქვით. მაგის გარეშე შედეგს ვერ მიაღწევ. თუმცა, ისიც ნათქვამია, რომ უმართლებს იმას, ვინც უფრო ძლიერია და მეტად ინდომებს. მე დიდ პატივს ვცემ მოწინააღმდეგე გუნდის მთავარ მწვრთნელ კობა ჟორჟიკაშვილს და წრფელი გულით ვაღიარებ მის სამწვრთნელო ნიჭსა და ალღოს.

თუმცა, ეტყობა, ჩვენ უფრო მეტად გვინდოდა მოგება და სამწვრთნელო სტაფს თამაშამდე უძილო ღამეები ტყუილად არ გაგვიტარებია. ყველა დეტალი ავწონ-დავწონეთ და ეს შრომა დაგვიფასდა. პრესსამსახურით დაწყებული, გუნდის ყველა სამსახურმა გამართულად იმუშავა. თამაშის წინა დღეს ყველა წვრილმანზე ვიფიქრეთ, მათ შორის პრესსამსახურის მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომ "მეტალურგმა" ყველაზე მეტი გოლი საწყის 15 წუთში ჰქონდა გაშვებული.

ამიტომ, ვეცადეთ, დასაწყისში რაც შეიძლება მწვავედ შეგვეტია. ვერ ვიტყვი, რომ წინასწარი სცენარი ყოველთვის ამართლებს, მაგრამ ამ შემთხვევაში შედეგი მოგვიტანა.

დაგეგმილი გვქონდა, რომ დაღლილობის ფონზე მოედნის ცენტრში და თავდასხმაში დასვენებული პაპავა და მერებაშვილი შეგვეყვანა. პირველი ნახევარდაცვას გააძლიერებდა, მეორე კი თამაშს გაამწვავებდა. ყველა კარგი ასე აგიხდეთ: პირველი გოლი 15-ე წუთზე გავიტანეთ, პაპავამ და მერებაშვილმა თამაში მართლაც გაამწვავეს, ამ უკანასკნელმა კი გადამწყვეტი გოლი გაუტანა.

თუმცა, შეიძლებოდა, მოვლენები სხვაგვარად განვითარებულიყო და "მეტალურგს" მოეგო, იღბალი ჩვენს მხარეს რომ არ ყოფილიყო.

- ძირითად შემადგენლობაში გამოუცდელი არჩილ ტვილდიანის დაყენება მოულოდნელი აღმოჩნდა. არადა, ურიგოდ არ უთამაშია, პირველი საგოლე გადაცემაც მიითვალა.
- წრფელად ვამბობ, ტვილდიანთან დაკავშირებით არანაირი შიში არ მქონია. უბრალოდ, ყველა ჯანმრთელად რომ ყოფილიყო, გამოცდილებს სკამზე არ დავტოვებდი, მაგრამ ამ ახალგაზრდა ბიჭს ადრე თუ გვიან მაინც წამოვწევდი. ჩემი მოსვლის პირველივე დღიდან ვიცოდი, რომ ტვილდიანი "დინამოს" პირველ გუნდში უნდა გამოგვეყენებინა.

ახლა რთული ვითარებაც იყო, განაპირა მცველებში პრობლემა შეგვექმნა და ერთი წამითაც არ დავფიქრებულარ, ისე დავაყენე. აჩიკო ნდობას მართლაც იმსახურებს, ბოლო ექვსი წელიწადია, გავიცანი მისი შესაძლებლობები, პასუხისმგებლობის გრძნობა, ფიზიკური კონდიციები... იგივეს ვიტყვი პაპავაზე, თავიდანვე ისიც ძირითადისთვის შევიგულე.

- მერებაშვილი გაოცებული და კმაყოფილი იყო, "მეტალურგთან" გამოკვეთილ თავდამსხმელად რომ დააყენეთ, ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, საუკეთესო გადაწყვეტილება იყოო.
- მერებაშვილისგან შეტევის გამწვავებას ველოდი. გიორგის გამოსაყენებლად, უკეთესი იქნებოდა მისი შავი სამუშაოსგან გათავისუფლება, მთელი შემოქმედებითი ნიჭი შეტევის დამამთავრებელ ფაზაში რომ გადაგვერთო. ამიტომ არ დავაყენე მოედნის ცენტრში და მივეცი სრული თავისუფლება. მისი დადებითი თვისება კი დრიბლინგია, ბურთს რომ მიიღებს, სამ კაცს ადვილად ატყუებს.


სხვათა შორის, გოლის გარდა, კიდევ იყო ეპიზოდი, როდესაც მეკარესთან ერთ-ერთზე გადიოდა და ცენტრალურ მცველს გია კვარაცხელიას ისეთი სისწრაფით ჩაუქროლა, მისი დამწევი კაცი არ იყო, მაგრამ ხელით გააჩერა - მე მგონია, ეს ბოლო იმედის ჯარიმა იყო, მაგრამ, მხოლოდ ყვითელი ბარათი აჩვენეს.

- "ზესტაფონთან" ცხრაქულიანი ჩამორჩენა გაქვთ, დაწევა ძნელია, მაგრამ არა შეუძლებელი - წინ 17 ტურია.
- შეუძლებელი მართლაც არაფერია, მით უფრო, თუ ტრავმირებულთა სიას გადავხედავთ - ეს ხალხი კი მალე დაგვიბრუნდება. ცხადია, თავიდანვე ოპტიმალურ ფორმაში ვერ იქნებიან, დრო დასჭირდებათ, მაგრამ დღეს "დინამოს" საკმაოდ დიდი პოტენციალი გააჩნია.

თუმცა, მოთამაშეთა ფიზიკურ მომზადებაში გარკვეული პრობლემა გვაქვს; რუსთავში მატჩის პირველ ტაიმში უპირატესობას ვფლობდით და გავიტანეთ კიდეც. მაგრამ 1:0-ის მერე, მეორე ტაიმში მოთამაშეებს დავავალე, წინ წასვლა არ გაგვერისკა და ბურთი გვეკონტროლებინა.

- რატომ?
- იმიტომ, რომ მეტოქის მოთამაშეებს ბევრი ერბინათ და დაღლილიყვნენ. ასე ჩვენს შემტევებს ხელფეხი გაეხსნებოდათ. საბედნიეროდ, ბიჭებმა ჩანაფიქრი კარგად განახორციელეს, მაგრამ მეორე ტაიმის ბოლო თხუთმეტწუთიან ეპიზოდში დაღლილობა დაგვეტყო და მეტოქის უპირატესობა გამოიკვეთა.

აქვე ვიტყვი, რომ კალენდარი რთულია, რადგან ყოველ მესამე-მეოთხე დღეს ტურია. "დინამოს" კი ახლა ძალიან მოკლე სკამი აქვს და თამაშიდან თამაშამდე ძალების აღდგენა და პიკზე მისვლაც გაგვიჭირდება. თუმცა შუეძლებელი უნდა შევძლოთ და ეს მოვახერხოთ - "დინამოსგან" ხომ გულშემატკივარი მხოლოდ მოგებას ელის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტორი: მერაბ მამულაშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024